2027 წელს ჩინური BYD 2.5 მილიონზე მეტი ავტომობილის ექსპორტირებას გეგმავს

2027 წელს ჩინური BYD 2.5 მილიონზე მეტი ავტომობილის ექსპორტირებას გეგმავს

ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov

 

ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია BYD 2027 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბაზრებზე 2.5 მილიონზე მეტი ავტომობილის გატანას გეგმავს. ამის შესახებ Deutsche Bank-ისა და Citi-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

Deutsche Bank-ის ინფორმაციით, BYD-ის მენეჯმენტი 2026 წელს ექსპორტის მაჩვენებლის 1.9-2 მილიონამდე გაზრდას ელოდება, რაც გასული წლის შედეგთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მონაცემი იქნება. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე წელს მიწოდების ზრდას ავტომობილების გადაზიდვის შეზღუდვა აფერხებს და ამ ფაქტორის გარეშე საზღვარგარეთ გაყიდვების მოცულობა შესაძლოა უფრო მაღალი ყოფილიყო.

BYD-ის უნგრეთის ქარხანაში ავტომობილების აწყობის დაწყება ნოემბერ-დეკემბერშია მოსალოდნელი. ამასთან, კომპანია დამატებით წარმოებისთვის სხვა საერთაშორისო ლოკაციებსაც განიხილავს.

ადგილობრივი წარმოების გაფართოება BYD-ს სავაჭრო ტარიფების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს. Citi-ის შეფასებით, მაგალითად, ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე მოქმედი დაახლოებით 27%-იანი ტარიფისა და ბრაზილიის 34%-იანი იმპორტის გადასახადის თავიდან აცილება კომპანიას თითო ავტომობილზე 40 000 იუანზე ($5 961) მეტის დაზოგვის საშუალებას მისცემს. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ეს დანაზოგი საზღვარგარეთ ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დააბალანსებს.

გარდა ავტომობილების ექსპორტისა და წარმოების გაფართოებისა, BYD სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გეგმავს. Deutsche Bank-ის ცნობით, კომპანია 2028 წლისთვის 90 000 „Flash Charging“-სადგურის აშენებას აპირებს. მათგან 20 000-ის მოწყობა 2026 წლის ბოლომდე, კიდევ 30 000-ის – 2027 წელს, ხოლო დარჩენილი 40 000-ის – 2028 წელს იგეგმება.

ამავდროულად, BYD ჩინეთის ავტომობილების შიდა ბაზარზე 25%-იანი წილის მიღწევას ისახავს მიზნად. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის საბაზრო წილი ივლისში 18%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 8% იყო.