3 ივლისს რეკორდულად ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

3 ივლისს რეკორდულად ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის უახლესი მონაცემებით, აღრიცხვის დაწყების შემდეგ, დედამიწამ რეკორდულად ყველაზე ცხელ ტემპერატურას კიდევ ერთხელ მიაღწია. ორგანიზაციის შეშფოთებით, ტემპერატურის ზრდა, როგორც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის, ასევე El Niño-ს ხელახლა წარმოქმნის შედეგია.

გარემოს პროგნოზის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ ივლისს, რეკორდულად ყველაზე მაღალი გლობალური საშუალო ტემპერატურა, 17.01 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ამ დრომდე, რეკორდულ მაჩვენებლად, 2022 წლის 24 ივლისისა და 2016 წლის 14 აგვისტოს მონაცემები, 16.92 გრადუსი ცელსიუსი მიიჩნეოდა.

კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო პანელის ინფორმაციით, ადამიანის საქმიანობის შედეგად, 2011-2020 წლებში, 1850-1900 წლებთან შედარებით, დედამიწის ზედაპირის გლობალური ტემპერატურა 1.1 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. ტემპერატურის მატებამ, მსოფლიო მასშტაბით, ტყის ხანძრის კერების ზრდა, წყალდიდობები და საკვებზე ხელმისაწვდომობის შემცირება გამოიწვია.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს პლანეტა El Niño-ს ფაზაში შედის, რაც მომდევნო 9-12 თვის განმავლობაში, გლობალური ტემპერატურის ზრდაში გამოიხატება. ცნობისთვის, El Niño-ს ფაზაში, რომელიც ორ-შვიდ წელიწადში ერთხელ მეორდება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი სეზონური ზედაპირული დინება წარმოიქმნება, რომელიც გლობალურად ტემპერატურის მატებაშიც ვლინდება.

ასოციაციის ვარაუდით, მომდევო 2024 წელი, ბოლო მონაცემებით ისტორიულად ყველაზე ცხელი, 2016 წლის მსგავსი იქნება. 2016 წლის რეკორდული მაჩვენებელი სწორედ El Niño-სა და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილების შედეგი გახლდათ.