4 მთავარი რისკი, რაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს

4 მთავარი რისკი, რაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ადრეული შემქმნელი, ჯოფრი ჰინტონი მისი თანამდევი რისკების შესახებ საუბრობს. Google-ისათვის 10 წლის მუშაობის შემდეგ მეცნიერმა სამსახური დატოვა და ახლა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ სხვების გაფრთხილებას ცდილობს.

რისკი #1: ტექნოლოგიის როლი სამხედრო სფეროში

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება მისი როლი სამხედრო სფეროშიც. მიუხედავად იმისა, რომ AI-ს განვითარებას ომში მსხვერპლის მნიშვნელოვნად შემცირება და ეფექტიანი გადაწყვეტების მოფიქრება შეუძლია, სულ უფრო მეტად იზრდება მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკიც. გრძელვადიან პერიოდში სამხედრო უპირატესობა სწორედ იმ სახელმწიფოებს ექნებათ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობენ.

რისკი #2: მისინფორმაცია და დეზინფორმაცია

ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ეფექტიან იარაღს წარმოადგენს. ტექნოლოგიის დახმარებით შექმნილი ვიდეო- და აუდიომასალების ავთენტურობის დადგენა სულ უფრო რთული ხდება. მისი განვითარების ტემპების გათვალისწინებით კი მომავალში ფაქტების ყალბი მასალისაგან განსხვავება თითქმის შეუძლებელი გახდება. გარდა ამისა, ავტორიტარული რეჟიმებისათვის ხელოვნური ინტელექტი საკუთარი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

რისკი #3: სამუშაო ადგილების შემცირება

ტექნოლოგიები დასაქმების ბაზარზე მუდამ დიდ გავლენას ახდენდა. ინდუსტრიალიზაცია, სამეცნიერო მიღწევები, ელექტროენერგიის შექმნა, კომპიუტერის გამოგონება თუ სხვა სახის მნიშვნელოვანი მოვლენები მუდამ აქრობდნენ და აჩენდნენ ახალ სამუშაო ადგილებსა თუ პროფესიებს. ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ტექნოლოგია აღმოჩნდეს. მისმა გამოჩენამ და განვითარებამ საზოგადოებას უკვე დაანახა პროფესიების ცვლილების აუცილებლობა. პროცესების ავტომატიზაციამ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მილიონობით სამუშაო ადგილი გააუქმა. მისი განვითარების ტემპების გათვალისწინებით კი ხელოვნური ინტელექტი კიდევ ბევრი პროფესიის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. თუმცა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ტექნოლოგიის განვითარება საჭიროებების შესაბამისად ახალ პროფესიებსაც გააჩენს.

რისკი #4: დიქტატურა

ყველაზე მომაკვდინებელ იარაღად ხელოვნური ინტელექტი სწორედ დიქტატორებისა და ავტორიტარული სახელმწიფოების ლიდერების ხელში გარდაიქმნება. 2017 წლის 1-ელ სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის, ვინც გახდება ლიდერი ამ სფეროში, გახდება მსოფლიოს მმართველი. სამყაროს მრავალფეროვნება და მსოფლიო ლიდერების განსხვავებული მსოფლმხედველობა კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ყოველი მათგანი კეთილსინდისიერად არ იმოქმედებს.