5 მოწინავე ქვეყანა ინდუსტრიული რობოტექნიკის სექტორში

5 მოწინავე ქვეყანა ინდუსტრიული რობოტექნიკის სექტორში

ბოლო წლებში ჩინეთის ინდუსტრიული რობოტექნიკის სექტორმა ნახტომისებური ზრდა განიცადა, რითაც ქვეყანამ მსოფლიო ლიდერის პოზიცია განიმტკიცა როგორც რობოტების ყოველწლიური ინსტალაციის მაჩვენებლით, ისე მათი საერთო რაოდენობით.

რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFR) ბოლო მონაცემებმზე დაყრდნოთ, Statista-მ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რობოტების ყოველწლიური ინსტალაციის მაჩვენებლითა და საერთო რაოდენობით მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი რობოტების 54% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებელი, 295,000 ერთეული დააფიქსირა.

შედარებისთვის, ეს რიცხვი ორჯერ აღემატება ამ სფეროში მსოფლიოს სხვა ოთხი წამყვანი სახელმწიფოს – იაპონიის, აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის – ჯამურ მაჩვენებელს, რაც ერთად დაახლოებით 140,000 ერთეულ რობოტს შეადგენს.

ამჟამად ჩინეთის ინდუსტრიული რობოტების მარაგი 2 მილიონზე მეტ ერთეულს შეადგენს, რაც გლობალური მარაგის (4.66 მილიონი ერთეული) თითქმის ნახევარია. რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ იაპონიასთან შედარებით (დაახლოებით 450,000 ერთეული), ჩინურ ინდუსტრიას ოთხჯერ მეტი რობოტი ჰყავს.

ავტომატიზაციის ასეთი სწრაფი ტემპი განპირობებულია სახელმწიფო ინიციატივებით, მათ შორის როგორიცაა პროგრამა „დამზადებულია ჩინეთში 2025“. ამ სტრატეგიულმა ნაბიჯმა რობოტექნიკაში მასშტაბურ ინვესტიციებს ჩაუყარა საფუძველი.

შედეგად, 2023 წლისთვის ჩინეთმა რობოტების სიმჭიდროვით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ყოველ 10,000 თანამშრომელზე 470 რობოტი მოდის, რითაც მან გერმანიასა და იაპონიას გადაასწრო. ამ მაჩვენებლით ჩინეთს მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონია კვლავ რჩება ინდუსტრიული რობოტების უმსხვილეს მწარმოებლად (გლობალური წარმოების 38%), ჩინეთი პოზიციებს აქაც იმყარებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინურმა მწარმოებლებმა შიდა ბაზარზე თავიანთი წილი თითქმის გააორმაგეს. თუ ათი წლის წინ ქვეყანაში დაინსტალირებული რობოტების მხოლოდ 30% იყო ადგილობრივი წარმოების, დღეს ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევს.

ინდუსტრიული რობოტების რაოდენობა 2024 წლის მონაცემებით (ათასობით ერთეული):

ჩინეთი:

მოქმედი რობოტების მარაგი: 2,027.2

წლიური ინსტალაციები: 295.0

იაპონია:

მოქმედი რობოტების მარაგი: 450.5

წლიური ინსტალაციები: 44.5

აშშ:

მოქმედი რობოტების მარაგი: 393.7

წლიური ინსტალაციები: 34.2

სამხრეთი კორეა:

მოქმედი რობოტების მარაგი: 391.9

წლიური ინსტალაციები: 30.6

გერმანია:

მოქმედი რობოტების მარაგი: 278.9

წლიური ინსტალაციები: 27.0

გლობალური ინსტალაციების წილი 2024 წელს:

ჩინეთი: 54%

დანარჩენი მსოფლიო: 46%