50 Over 50: EMEA 2022 – ბიზნესის, პოლიტიკისა და მეცნიერების სფეროს ლიდერი ქალები

50 Over 50: EMEA 2022 – ბიზნესის, პოლიტიკისა და მეცნიერების სფეროს ლიდერი ქალები

Forbes-მა 50 წელს გადაცილებული იმ ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მთელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სხვადასხვა სფეროში ლიდერის პოზიციებს იკავებენ. მათ შორის არიან ამა თუ იმ კომპანიის დამფუძნებლები, ასევე ქალები, რომლებმაც ბიზნესში, პოლიტიკასა თუ მეცნიერებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

„50 Over 50“-ის სიას Forbes-ი მიკა ბრჟეზინსკის ინიციატივასთან, „Know Your Value“-სთან თანამშრომლობით ადგენს. პროექტის მიზანი ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა და საზოგადოებისთვის იმ ქალების გაცნობაა, რომლებიც შუა ხნის ასაკშიც დიდ წარმატებას აღწევენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს “50 Over 50”-ის რამდენიმე სერია გამოიცა, მიმდინარე წელს კი ეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული მეორე სიაა.

კრისტინ ლაგარდი – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი; საფრანგეთი

ფოტო: Brigitte Lacombe

Forbes-ის „50 Over 50“-ის სიაში ადგილს დამსახურებულად იკავებს 66 წლის კრისტინ ლაგარდი, რომელიც 2019 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა. ის ხელმძღვანელობს მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც გავლენას ახდენს ევროპაში მცხოვრებ დაახლოებით 750 მილიონ ადამიანზე. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დაინიშნებოდა, კრისტინ ლაგარდმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის 2011 წელს, 55 წლის ასაკში პირველი ქალი გახდა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა.

ნგოზი ოკონჯო-ივეალა – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი; ნიგერია

ფოტო: WTO

2021 წლის მარტში ნგოზი ოკონჯო-ივეალა, რომელიც ამჟამად 66 წლის გახლავთ, პირველი ქალი, ასევე პირველი აფრიკელი გახდა, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა. მანამდე ოკონჯო-ივეალა ორჯერ იყო ნიგერიის ფინანსთა მინისტრი, ამას გარდა, მცირე ხნით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც ხსენებული თანამდებობები ჩაიბარა.

კრისტალინა გეორგიევა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი; ბულგარეთი

ფოტო: CGTN

68 წლის კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის თანამდებობაზე 2019 წლიდან მუშაობს. ის გახდა პირველი ადამიანი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნიდან, რომელმაც გლობალური ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ IMF-ში აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 65 წელზე უმცროსი ასაკის კანდიდატებს წარადგენდნენ, კრისტალინა გეორგიევას შემთხვევაში ეს წესი დაირღვა და გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდი შეცვალა.

2021 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ კრისტალინას ნდობა გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ის მსოფლიო ბანკში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას მონაცემებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი; გერმანია

ფოტო: Times of Malta

63 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი ქალია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2019 წლის 16 ივლისს დაიკავა. ურსულა ფონ დერ ლაიენი პასუხისმგებელია კანონმდებლობაზე, რომელიც გავლენას დაახლოებით 750 მილიონ ევროპელზე ახდენს. მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლაიენმა პანდემიის დროს გადადგმული სწორი ნაბიჯების გამო შექება დაიმსახურა. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პირველმა პრეზიდენტმა ქალმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთი და უნგრეთი მათი ანტი-LGBTQ პოლიტიკის გამო.

ლინა ნაირი – Chanel-ის აღმასრულებელი დირექტორი; დიდი ბრიტანეთი

ფოტო: Vogue

ინდური წარმოშობის ბრიტანელმა ბიზნესვუმენმა, ლინა ნაირმა მიმდინარე წლის დასაწყისში ფრანგული მოდის სახლის, Chanel-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა. შედეგად ის გახდა პირველი ქალი, ასევე პირველი აზიელი და ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება, რომელმაც კოკო შანელის მიერ დაახლოებით 112 წლის წინ დაარსებულ მოდის სახლში ზემოხსენებული პოსტი დაიკავა. აღნიშნულ ნაბიჯს მოდის ინდუსტრიაში „კოლონიალისტური მიდგომის“ დასასრულად მიიჩნევენ. ცნობისთვის, 52 წლის ლინა ნაირი მანამდე Unilever-ში მუშაობდა, სადაც ასევე იყო პირველი აზიელი, პირველი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც კომპანიაში ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

იოზლემ თიურეჯი – BioNTech-ის თანადამფუძნებელი და მთავარი სამედიცინო დირექტორი; გერმანია

ფოტო: Forbes

თურქული წარმოშობის გერმანელი ექიმი და იმუნოლოგი, 54 წლის იოზლემ თიურეჯი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეძებდა კიბოს მკურნალობის ინოვაციურ გზებს, დღესდღეობით ყველასათვის კარგად ცნობილი ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და მთავარი სამედიცინო დირექტორია. ის ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც გერმანულმა კომპანიამ ამერიკულ კორპორაცია Pfizer-თან ერთად RNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ იოზლემ თიურეჯიმ მეუღლესთან ერთად 2001 წელს კიბოს თერაპიაზე ორიენტირებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ი დააარსა, რომელიც წყვილმა 2016 წელს დაახლოებით 1,4 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა.

მარია გრაცია კიური – Christian Dior-ის სამხატვრო ხელმძღვანელი; იტალია

ფოტო: The Times

57 წლის მარია გრაცია კიურის, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიზარდა, მოდის ინდუსტრიაში მინიმუმ 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ცნობისთვის, ადრე ის მოდის სახლ Fendi-ში ჩანთების დიზაინერი იყო. მას შემდეგ რაც 50 წელს გადააბიჯა, კიურიმ კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის პირველი ქალი გახდა, რომელიც 1946 წელს შექმნილი ბრენდის, Christian Dior-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მარია კიური მანამდე, დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, იტალიური მოდის სახლის, Valentino-ს ერთ-ერთი კრეატიული დირექტორი იყო.

ფატმა სამურა – FIFA-ს გენერალური მდივანი; სენეგალი

ფოტო: Fortune

2016 წლის ივნისში, ფატმა სამურა 53 წლის ასაკში გახდა პირველი ქალი, ასევე პირველი აფრიკელი, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის, FIFA-ს გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პოზიციაზე მისი დანიშვნის შემდეგ ორგანიზაციაში დასაქმებული ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წელს ფატმა სამურა, რომელიც ამჟამად 59 წლის გახლავთ, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციის, Global FoodBanking Network-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში შიმშილის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს.

სამია სულუჰუ ჰასანი – ტანზანიის პრეზიდენტი; ტანზანია

ფოტო: Getty Images

61 წლის სამია სულუჰუ ჰასანი ტანზანიის პირველი პრეზიდენტი ქალია. მან აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც 2021 წლის მარტში ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ჯონ მაგუფული გარდაიცვალა. სულულჰუ ჰასანის პოლიტიკური კარიერა 2000 წელს დაიწყო, როდესაც ის ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ წევრად და პრეზიდენტ ამანი კარუმეს მთავრობის მინისტრად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტში ის ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მაღალი რანგის თანამდებობას იკავებდა.

რაჯა ალ გურგი – Easa Saleh Al Gurg Group-ის მმართველი დირექტორი; არაბთა გაერთიანებული საამიროები

ფოტო: Gulf Business

66 წლის ბიზნესვუმენი, რაჯა ალ გურგი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატის, Easa Saleh Al Gurg Group-ის მმართველი დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარეა. ამას გარდა, ის არის დუბაის ქალთა ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი და დუბაის სავაჭრო და სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ალ გურეგი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა საფრანგეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის პარტნიორობის განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ბრიტანული ბანკის, Starling Bank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 61 წლის ენ ბოდენი; ტექნოლოგიური კომპანია AppsTech-ის კამერუნული დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 54 წლის რებეკა ენონჩონგი; ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტი, 55 წლის დელფინ ერნოტი და სხვები. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ Forbes-ის ვებგვერდზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *