2020 წლისთვის მსოფლიო 5G-ის მოლოდინშია. კავშირგაბმულობის ლიდერი ოპერატორების CEO-ები აცხადებენ, რომ 2020 წლიდან კომპანიების შემოსავლების დაგეგმვისას მხოლოდ ინტერნეტმომსახურებას აღიარებენ, sms-ისა და მობილური საუბრიდან მისაღებ შემოსავლებს კი – აღარ, რადგან ეს უკვე გუშინდელი დღეა.
წლიდან წლამდე მზარდია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოშიც. თუ 2013 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 977,888 იყო, ამჟამად კი თითქმის 2.3 მილიონია.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი, როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია საქართველოში და რატომაა გარდაუვალი ბაზრის მოთამაშეების კონსოლიდაცია? Forbes Georgia კომპანია “ჯეოსელის” ექს-კომერციულ დირექტორს, ივანე მაჭავარიანს ესაუბრა.
ბატონო ვანო, პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს საქართველოში?
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, ბაზარი საკმაოდ განვითარებულია; უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის ბაზრის დონეზე ვართ.
რას გულისხმობთ?
ავხსნი. არის თუ არა მობილური ინტერნეტი რეგიონებში? – არის; აქვს თუ არა ნორმალური სიჩქარე? – აქვს; არის თუ არა ხელმისაწვდომი? ვგულისხმობ ფასს, საკმაოდ ხელმისაწვდომია როგორც წუთობრივი მომსახურება, ისე – ინტერნეტი. სხვათა შორის, საქართველოში ინტერნეტის ხარისხი ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესია. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს სექტორი კარგადაა განვითარებული; მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა იწყება, როდესაც უსადენო ინტერნეტის “ომებში” მეხუთე თაობის ინტერნეტი შემოდის.
როგორ შეცვლის მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტი ადამიანების ცხოვრებას?
5G არაა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, ესაა ფილოსოფიური ცვლილება, რევოლუცია ცხოვრების ყველა სფეროში. მარტივად რომ ავხსნათ, მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტი არის ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგიის ისე გამოყენება, რომ ჯამში მივიღოთ ძალიან მძლავრი ქსელი, რომელიც დიდ და მუდმივად მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 5G გასაღებია IoT-სთვის (Internet of Things – “ჭკვიანი საგნების” ინტერნეტი). მოვლენათა ინტერნეტი – ესაა ყველა და ყველაფერი, რაც ინტერნეტში იქნება ჩართული: ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, ჭკვიანი ტელეფონები და გარდა ამისა, ადამიანებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება მძღოლის გარეშე მოსიარულე ჭკვიანი მანქანები; 5G-ის გამოყენებით ბიზნესები ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე დღესაა და ასევე თვისებრივად ახალი ბიზნესები აღმოცენდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეხუთე თაობა კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოითხოვს.
ანუ რა გამოდის – ოპერატორები უნდა დაელოდონ მოთხოვნის გაჩენას, თუ მოთხოვნამდე იზრუნონ 5G-ის დანერგვაზე?
სწორედ ესაა მთავარი კითხვა – ერთი მხრივ, თითქოს სიგიჟეა მილიარდობით ინვესტიციის განხორციელება, ვიდრე მოთხოვნა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, მეორე მხრივ კი, რომ დაელოდო კრიტიკულ რაოდენობას, პატარ-პატარა ბიზნესებისთვისაც არ იქნება ახალი პლატფორმა. ფაქტია, დარგი ინვესტიციატევადია. სხვათა შორის, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც აშშ-ში დღეს ორ ოპერატორს Sprint-სა და T-Mobile-ს შერწყმა სურთ. (აშშ-ში სულ ოთხი ოპერატორია: Sprint-ი, Verizon-ი, AT&T, T-Mobile-ი) ორივე კომპანია ახლა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდება. T-Mobile-ს და Sprint-ის CEO-ებმა უნდა დაარწმუნონ მარეგულირებელი, რომ გაერთიანების მიზანია არა სამომავლოდ მომსახურების გაძვირება, არამედ ტრადიციული ხარჯების გამოთავისუფლება და თავისუფალი რესურსის ინვესტირება ახალ ტექნოლოგიებში, მეხუთე თაობის ინტერნეტში; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი გაუსწრებს აშშ-ს და პრობლემა ის კი არ იქნება, რომ ჩინეთს ექნება 5G, არამედ ის, რომ იქ გაჩნდება ახალი ტიპის ბიზნესები, ეკონომიკის მოდერნიზაცია მოხდება და ამერიკა შეიძლება ჩამორჩეს ამ პროცესს; მოკლედ, არჩევანია გასაკეთებელი – ან ირჩევ ბაზარზე ბევრ მოთამაშეს და თითქოს კონკურენციას უწყობ ხელს ან არ უშლი ხელს გამსხვილებას და მეტი თანხა გრჩება ექსპერიმენტული, რისკიანი, მაგრამ მომავლის ინვესტიციებისთვის.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც მარეგულირებლის “პოლიტიკური ნებაა”, ხელი არ შეუშალოს ბაზარზე გამსხვილებებს და არა მხოლოდ კომპანიების მზაობა.
რა თქმა უნდა. ჩინეთში 5G-ის დანერგვა ბევრად მარტივია – ფულიც აქვთ და ნებაც; ასევე კორეასა და სინგაპურში და ზოგადად, აზიის მდიდარ ნაწილში; ტრადიციულ ევროპაში კი მეხუთე თაობის ინტერნეტზე გადასვლა გაუჭირდებათ სწორედ ევროპისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიისა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციების გამო; თან ევროპაში მარეგულირებელი კონსოლიდირების წინააღმდეგია და ურჩევნიათ, ბევრი მოთამაშე იყოს ბაზარზე, არსებული მოგებებით, ვიდრე გამსხვილების რისკები გაწიონ…
საქართველოში რომ გადმოვინაცვლოთ, რა შანსები აქვს ქვეყანას 5G-ის დანერგვის მიმართულებით?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შედარებით ლიბერალური კანონები გვაქვს და ეკონომიკური პოლიტიკაც ბევრად ლიბერალურია, ვიდრე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, თუ საქართველოს მთავრობას ექნება სწორი ხედვა და დაინახავს 5G-ის უპირატესობებს ეკონომიკის განვითარებისთვის, გვაქვს შანსი, ვიყოთ რეგიონის ლიდერები. ექსპერტების პროგნოზით, მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტის მასობრივად დანერგვა დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყება, ამიტომ 5G-ზე საუბარი 2019 წლიდან საკმაოდ ტრენდული გახდება და, წესით, როცა რაღაც ტრენდული ხდება, მერე მალევე იწყება გაშლა. არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლიდან საქართველოშიც გაკეთდეს განაცხადი 5G-ის ექსპერიმენტულ დაწყებაზე…
საქართველოს ბაზარზე მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ვის უფრო ძლიერი სასტარტო პირობები აქვს 5G-ისთვის?
ვფიქრობ, “მაგთის”, რადგან ქსელი უფრო ძლიერი აქვს, რაც გასაგებიცაა – “მაგთის” ინტერესი მხოლოდ საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარი იყო, ამიტომ ის მეტად აგრესიული იყო ინვესტიციებში, ვიდრე “თელია სონერა”, მაგრამ “სილქნეტ”-”ჯეოსელის” შერწყმის შემდეგ ეს უკანასკნელიც გაძლიერდა და მათ შორის განსხვავება არა იმდენად აქტივებშია, არამედ მთავარია, რომელი უფრო მეტ რისკს გაიღებს და რა ხედვას დადებენ.
როგორ შეაფასებდით კომპანია “სილქნეტის” მიერ “ჯეოსელის” შეძენის ფაქტს?
თუ ჩვენ გვჯერა, რომ ესაა ტექნოლოგიური, ინვესტიციატევადი, ინფრასტრუქტურული ბიზნესი, მაშინ ორი დიდი კომპანიის – ფიქსირებული და მობილური ინფრასტრუქტურის გაერთიანება, რასაკვირველია, პოზიტიური მოვლენაა – ორივეს სჭირდება ერთმანეთი, მით უმეტეს – დღეს. ველოდები კომპანიის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას, რაც ინვესტიციატევადი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს, გარდა ამისა, კორპორაციულ ბაზარზე შეიძლება უფრო საინტერესო შეთავაზებებიც გააკეთონ. მაგალითად, შეიძინონ IT კომპანიები, შექმნან data-ცენტრები და ა.შ. მოკლედ, ტელეკომის ბიზნესს უნდა გასცდნენ.
ბაზარზე მობილური ტარიფების შემცირება მოსალოდნელია?
არა მგონია. ტარიფები ქვევით ვერ წამოვა. ისედაც საკმაოდ დაბალია, სექტორში მოგებიანობაც არაა მაღალი და თან დარგში სერიოზული ინვესტიციებია განსახორციელებელი ქვეყნის სრული ინტერნეტიზაციისთვის. უფრო პირიქით ველოდები – შესაძლოა, უმნიშვნელოდ გაიზარდოს ტარიფები, მაგრამ ამას დიდი სოციალური დატვირთვა არ ექნება.
“ბილაინის” მომავალს როგორ ხედავთ ბაზარზე – მას რა რჩება?
“ბილაინი” სახარბიელო მდგომარეობაში არაა. თავდაპირველად ბაზარზე ის დაბალი ფასებით გამოჩნდა, მაგრამ უკვე 10 წელია არის და ეს “ნიში” ვერ შეცვალა. ამასთან, მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ტარიფები ისედაც გაიაფდა და დაბალი ტარიფი “ბილაინის” კონკურენტული უპირატესობა აღარაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, “ბილაინს” კი ძლიერი ქსელი არა აქვს, კომპანია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება. ჩემი აზრით, ქართული კავშირგაბმულობის ბაზარი მესამე მოთამაშეს ვეღარ იტანს. შესაბამისად, “ბილაინისთვის” პოზიტიურ გაგრძელებას ვერ ვხედავ.
რამდენად რეალურია ის სცენარი, რომ “მაგთიმ” ან “სილქნეტმა” მოინდომოს “ბილაინის” შეძენა ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად?
შესაძლებელია, მაგრამ ეს სცენარი ჯერ მომწიფებული არაა; სავარაუდოდ, მარეგულირებელიც არ დაუშვებს ასეთ გარიგებას.
ისე, თქვენი აზრით, უნდა დაუშვას მორიგი გამსხვილება კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ?
გრძელვადიან პერსპექტივაში – კი. მობილური კავშირგაბმულობის ბაზარი კონსოლიდაციისკენ უნდა წავიდეს.