Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ექვს თვეში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა. ეს წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მიუხედავად, იანვარ-ივნისში ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება დეტალურ მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციები 4.8%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 14.8%-ით არის შემცირებული.
საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 20.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, 10.5%-ით – გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.