70-ს გადაცილებული ვუნდერკინდი

70-ს გადაცილებული ვუნდერკინდი

შონ მაკქონონმა სამი სტარტაპი, ჯამში, $1 მილიარდად გაყიდა. ახლა კიბერუსაფრთხოების ბიზნესს ქმნის, რომელიც მალე თავად შეიძლება, მილიარდად შეფასდეს.

BitSight Technologies-ის დამფუძნებლები, სტივენ ბოიერი და ნაგარჯუნა ვენა, თვლიდნენ, რომ სტარტაპისთვის მაგარი იდეა მოუვიდათ: ბიზნესი, რომელიც შეაფასებდა და გაზომავდა სხვა ბიზნესების კიბერუსაფრთხოებას. მაგრამ იცოდნენ, რომ კარგი იდეა ბევრს არაფერს ნიშნავს კარგი აღსრულების გარეშე. ჰოდა, ისეთ ადამიანს მიმართეს, ვისაც სტარტაპების შექმნის დიდი გამოცდილება ჰქონდა: შონ მაკქონონს.

თავდაპირველად დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ მაკქონონი, რომელიც ახლა 72 წლისაა, ბრწყინვალე მენტორის ფუნქციას იკისრებდა. მაგრამ 2012 წლის ივნისში მაქკონონმა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სამ სტარტაპს თაოსნობდა და რომელსაც ეს სტარტაპები, ჯამში, $1 მილიარდად გაეყიდა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მოაწერა ხელი. ბოიერის თქმით, მათი გადაწყვეტილება, მაკქონონი ბიზნესის მთავარ მმართველად დაენიშნათ (თავად დამფუძნებლებმა ტექნიკური როლები დაიტოვეს), მისი ერთგვარი დაფასება იყო, რასაც სტარტაპთა უმეტესობა ვერ ახერხებდა. “სიმამაცეში მათ მაღალ შეფასებას ვაძლევ, – ამბობს მაკქონონი. – იცოდნენ, რომ წინა სამი კომპანიის დამფუძნებლებისგან დამოუკიდებლობას ვინარჩუნებდი”.

დღეს კემბრიჯში (მასაჩუსეტსი) დაფუძნებული BitSight-ი მშვენიერ პოზიციაშია, ვინაიდან კომპანიები სხვადასხვა საშუალებას ეძებენ, დაჰაკვის რისკები რომ შეიმცირონ. BitSight-ი ყოველდღიურ რეიტინგებს აქვეყნებს (რაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ქულებს წააგავს) და კომპანიებს ეხმარება, არა მხოლოდ საკუთარ რისკებს მიაქციონ ყურადღება, არამედ იმ კომპანიებისასაც, ვისთანაც ბიზნესს აწარმოებენ, იქნებიან ესენი გამყიდველები, პარტნიორები თუ პოტენციური მყიდველები. მესამე მხრიდან წამოსულმა რისკებმა საზოგადოებრივ ცნობიერებაში მაშინ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი, როცა 2013 წელს Target-ს დაესხნენ თავს და, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების გამყიდველის საშუალებით, 40 მილიონი მომხმარებლის საკრედიტო და სადებიტო ბარათების მონაცემები მოიპარეს. მართალია, BitSight-ს ისეთ ახალბედებთან კონკურენცია ემუქრება, როგორიც SecurityScorecard-ი და RiskRecon-ი არიან, კომპანია უპირატესობას იმით ინარჩუნებს, რომ პირველია, ვინც ბაზარზე გამოჩნდა და თანაც $95 მილიონი აქვს მოზიდული (ამას წინათ, BitSight-ის ღირებულება $340 მილიონად შეფასდა).

BitSight-ს, რომელიც FORBES-ის მომავალი მილიარდდოლარიანი სტარტაპების 2016 წლის რეიტინგშია შესული, 500 მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, AIG, Safeway, Ferrari და Lowe’s-ი, და დაახლოებით 70,000 კომპანიის უსაფრთხოება აქვს შეფასებული. მომხმარებლები გამოწერის საფუძველზე იხდიან, წლიური გადასახადები კი არცთუ ბევრი ათასი დოლარიდან (ერთი კომპანიის გაანალიზებისთვის), სულ მცირე, $1 მილიონამდე (ათასობით მომმარაგებლის გაანალიზებისთვის) მერყეობს. FORBES-ის შეფასებით, 2017 წელს BitSight-ის შემოსავლები $50 მილიონს მიაღწევს, ხოლო 2018-ში, როცა მაკქონონი კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანას ვარაუდობს, – $100 მილიონს. მაკქონონის მოლოდინით, BitSight-ი მოგებას 2019 წლისთვის უნდა ელოდეს.

თავად მაკქონონს კომპანია არასდროს დაუარსებია. თუმცა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მან Raptor Systems-ი $250 მილიონად Axent-ს (დღეს Symantec-ის ნაწილს) მიჰყიდა, Okena – Cisco-ს $145 მილიონად, Q1 Labs-ი კი IBM-ს დაახლოებით $600 მილიონად. “შონი, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ზღაპრული მარტორქაა”, – ამბობს Flybridge Capital Partners-ის დევიდ არონოვი, რომელიც მაკქონონს ოცი წელია, იცნობს და რომელმაც ეს უკანასკნელი BitSight-თან დააკავშირა.

თითოეულ ამ ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში, მაკქონონი, რომელიც თავად $100 მილიონზე მეტის მფლობელია, ბიზნესებს ადრეულ ეტაპზევე შეუერთდა, მოიზიდა ინვესტორები, მარკეტინგული ბიძგი მისცა კომპანიებს და გაყიდვის თაობაზე წარმართა მოლაპარაკებები. Q1 Labs-ში მან კომპანიას მიმართულებაც შეუცვალა: ქცევითი ანომალიების უღიმღამო ამომცნობიდან Cisco-ს ქსელური უსაფრთხოების ალტერნატივად აქცია. “ჩვენს ინვესტორებს ის-ისაა, ჩვენში და იმ კატეგორიაში დაებანდებინათ ფული, რომელშიც ჩვენ ვიყავით, – ამბობს 46 წლის ტომ ტერნერი, რომელიც მაკქონონთან ბოლო 15 წელიწადზე მეტია, მუშაობს, ხოლო ახლა BitSight-ის პრეზიდენტია. – შონი კი მათთან მივიდა და უთხრა, არაა ეს გრძელვადიანი ბაზარიო… შონის ერთ-ერთი უძლიერესი თვისება ისაა, რომ ბაზრის ტრენდებს ხედავს”.

მათთვის, ვინც ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების კაპიუშონიან პულოვერებში ნახვასაა დაჩვეული, მაკქონონი გუშინდელი დღეა. როცა სტრატეგიაზე მუშაობს, BitSight-ის სათავო ოფისთან ახლო, გასტროპაბ Local-ში უყვარს ჯდომა, სადაც წინა კვირის მენიუების უკანა გვერდებზე გეგმებს ჯღაბნის. მან საკუთარი ხარჯებით გამოაქვეყნა რომანი და ზოგადად, ხარბი მკითხველია, თანამშრომლებსა და საბჭოს წევრებს კი წიგნებს ურიგებს. “იმდენ წიგნს მაძლევს, მიჭირს ყველას წაკითხვა, – ამბობს GGV Capital-ის მმართველი პარტნიორი და BitSight-ის საბჭოს წევრი, გლენ სოლომონი. – მის ენერგიასა და მოტივაციას ნებისმიერ ჩვენს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დავუპირისპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ მათგანზე ორჯერ უფროსია”.

მაკქონონი 1940-იანებში, ბრუკლინში, ფლეტბუშის რაიონში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ირლანდიელ-ამერიკელი ტანკისტი მამისა და ჩეხი დედის შვილი ხისტი ბავშვი იყო და სულ ჩხუბებში ეხვეოდა, სანამ პოლიციამ პროგრამაში არ ჩასვა და მოკრივის ხელთათმანები არ მისცა. “მხარზე ჩიპი მქონდა დამაგრებული”, – ამბობს ის.

როანოკის კოლეჯში ბიოლოგიას სწავლობდა, თუმცა ბოლოს კომპიუტერების მეცნიერებაში აღმოჩნდა და 74-ე თანამშრომელიც გახდა Sun Microsystems-ში, სადაც, რაღაც მომენტში, მას გაყიდვების უფროსობა დაევალა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. Sun-იდან 1994 წელს წამოვიდა, საკმარისი ფულით, რომ უკვე პენსიაზე გასულიყო. ნაცვლად ამისა, 49 წლის ასაკში ის თავისი პირველი სტარტაპის აღმასრულებელ დირექტორად მოგვევლინა. “იდეის კაცი არა ვარ, – ამბობს ის. – იდეას ან კონცეფციას, როგორც წესი, სხვებისგან ვიღებ, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რაღაც ისეთად გარდავქმნი, რაშიც ხალხს ფულის გადახდა მოუნდება”.

BitSight-ში “იდეის კაცები” ბოიერი და ვენა არიან. პირველი ახლა ტექნოლოგიის დირექტორია, მეორე კი პროდუქტის დირექტორი. ორივე 40 წლისაა. ერთმანეთი MIT-ში, მაგისტრატურის დროს გაიცნეს, როცა ჯგუფურ პროექტზე ერთობლივად უნდა ემუშავათ. BitSight-ის იდეა კონცეპტუალურად მარტივი იყო, მაგრამ განსახორციელებლად – აუტანლად რთული. იმის მაგივრად, კომპანიებისთვის საკუთარი უსაფრთხოების რისკების შესახებ ეკითხათ, მათ გარეშე წყაროებიდან წამოსული ასეთი რისკების შეფასება განიზრახეს და მოწმენი გახდნენ, როგორ იწყებოდა და ამაოდ სრულდებოდა კომუნიკაციები მათ კომპანიასთან დაკავშირებით. “2011-ში ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. ეს საკითხი არავის დღის წესრიგში არ იდგა, – ამბობს ვენა. – ვენჩურ-კაპიტალისტებთან მივდიოდით, მათგან კი პასუხად ვიღებდით, არაა ეს მნიშვნელოვანი პრობლემაო”.

დღეს უკვე არის. სიდნეიში (ნებრასკა) დაფუძნებული სანადირო და სათევზაო საქონლით მოვაჭრე, Cabela’s-ი, BitSight-ს თითქმის ერთი წელია, იყენებს, თავისი პირადი და დაახლოებით 85 გამყიდველის რისკების მონიტორინგი რომ განახორციელოს. როგორც კიბერუსაფრთხოებისა და სამართლებრივ საკითხებში Cabela’s-ის უსაფრთხოების მენეჯერი, მაიკლ ქრისჩიანი განმარტავს, ქსელს აქამდე დღეები და ზოგჯერ კვირებიც კი სჭირდებოდა ახალი გამყიდველების ინსპექციისთვის, ახლა კი ეს დრო საათებამდე შემცირდა. “უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ უარი მაქვს გამყიდველებისთვის ნათქვამი”, – ამბობს ქრისჩიანი.

BitSight-ის მიერ მინიჭებული მარტივი ქულების უკან, რომლებიც 250-დან 900-მდე მერყეობს, კომპლექსური პროცესი და უამრავი მონაცემი დგას. 2014-ში მაკქონონმა AnubisNetworks-ი შეიძინა – პორტუგალიაში დაფუძნებული, რეალურ დროში მომუშავე საფრთხეთა დაზვერვის პროვაიდერი. მაკქონონის თქმით, ამ კომპანიას ე.წ. ზომბირების არმიის (botnet-ის) აღმომჩენი მსოფლიოში საუკეთესო მონაცემები ჰქონდა, ასე რომ, მასში $13 მილიონი გადაიხადა (მიუხედავად იმისა, რომ Anubis-ი BitSight-ზე დიდი იყო). “ერთხელაც, – ამბობს მაკქონონი, – ჩემს ყველაზე დიდ ნიუიორკელ მეტოქეს, რომელიც ასევე იჯარით იღებდა მონაცემებს, ი-მეილი მივწერე და 30 დღე მივეცი, რომ მონაცემებთან აღარ ჰქონოდა წვდომა”.

კიდევ ერთი $40 მილიონი მაკქონონმა სექტემბერში მოიზიდა, რაც პარტნიორობათა გაზრდისათვის, BitSight-ის 220-კაციან შტატში 100 ადამიანის დამატებისა და ახალი შესყიდვების განხორციელებისთვის სჭირდება. მისი თქმით, “ამ ბიზნესში მეორე ან მესამე ადგილისთვის არავინ ჩამოგკიდებს მედალს”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *