750,000-ლარიანი ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა

750,000-ლარიანი ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა

ფოტო: Ludovic Marin/AFP via Getty Images

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების საქმეზე ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმე თავდაცვის სამინისტროში ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებს უკავშირდება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტრომ სამ საიდუმლო შესყიდვაზე ჯამში 18.48 მლნ ლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც მიწოდებული სამედიცინო აპარატურისა და სხვა ინვენტარის რეალური ღირებულება 11.5 მლნ ლარს შეადგენდა. სხვაობამ დაახლოებით 6.99 მლნ ლარი შეადგინა.

უწყების ვერსიით, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 1.9 მლნ ლარს გადასცემდა. პროკურატურის ინფორმაციით, მხეიძემ თანხიდან 400 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო 1.5 მლნ ლარი მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა.

გამოძიების თანახმად, ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დანარჩენი 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, ვასილ მხეიძემ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება 12 აგვისტოს თავად მოითხოვა. პროკურატურის ცნობით, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. უწყების განცხადებით, გამოძიებასთან ასევე ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეების მიმართ სასამართლოს უკვე აქვს გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილი. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

უწყება ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. პროკურატურის განმარტებით, მის მიმართ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობა არ დგას, რადგან ყოფილი პრემიერი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სასჯელს უკვე იხდის.