ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც კატარაქტის ოპერაცია საკმაოდ უსაფრთხო და შეიძლება ითქვას, რუტინულ პროცედურად იქცა. მას, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იკეთებს, ძირითადად ხანდაზმულები. სპეციალისტების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც.
ჩვეულებრივ, კატარაქტის ოპერაცია პაციენტის მხედველობის გაუმჯობესების მიზნით ტარდება, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, მას დემენციის პრევენციაც შეუძლია. ბოლო დაკვირვებებმა აჩვენა, რომ არსებობს გარკვეული ბმა დემენციასა და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარულ დეგენერაციას, კატარაქტას, ასევე დიაბეტთან დაკავშირებულ თვალის დაავადებებს შორის. ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, ხანდაზმულებში, რომლებიც დაახლოებით რვა წლის განმავლობაში მხედველობის გაუარესებას უჩიოდნენ, დემენციის გაზრდილი რისკი დადასტურდა.
გამოცემა JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კატარაქტის ოპერაციამ შესაძლოა, აღნიშნული რისკი ნაწილობრივ შეამციროს. მეცნიერები ამ დასკვნამდე კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელში მონაწილეობაც დაახლოებით 3,000-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კატარაქტას ან გლაუკომას უჩიოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის დაწყებამდე ცდისპირებში დემენციის ნიშნები არ იყო გამოვლენილი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დემენციის განვითარების რისკი 29%-ით დაბალი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც კატარაქტის ოპერაცია ჩაიტარეს. გლაუკომის ოპერაციის შემდეგ ცდისპირებში დემენციის განვითარების ალბათობა იგივე დარჩა. გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცედურა მხედველობის აღდგენის მიზნით არ ტარდება. მეცნიერების განცხადებით, ზუსტი და უფრო სარწმუნო პასუხების მისაღებად, გაცილებით მასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.