COP26-ის დაპირებების მიხედვით, გლობალური ტემპერატურის ზრდა 2C°-მდე შენარჩუნდება

COP26-ის დაპირებების მიხედვით, გლობალური ტემპერატურის ზრდა 2C°-მდე შენარჩუნდება

უახლესი ანალიზის თანახმად, გლაზგოში გამართულ სამიტ COP26-ზე გაკეთებული ნახშირბადის ემისიის შემცირების დაპირებები ამ საუკუნეში ტემპერატურის გლობალურ ზრდას 2C°-მდე შეინარჩუნებს. კვლევის მიხედვით, თუ ყველა ქვეყნის მიერ დადებული კლიმატური პირობა „სრულყოფილად და დროულად“ შესრულდება, საუკუნის განმავლობაში გლობალური ტემპერატურა 1.9-2C°-ით გაიზრდება.

მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორისა და კვლევის ავტორის განცხადებით, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც ყველა გეგმის შესრულების შემთხვევაში, გლობალური ტემპერატურის მატების 2C°-მდე შენარჩუნების შანსს 50%-ით აფასებს. მიუხედავად ამისა, ავტორი COP21-ის პარიზის შეთანხმების მიხედვით ტემპერატურული ზრდის 1.5C°-მდე შენარჩუნების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რისთვისაც განვითარებად ქვეყნებს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდებათ.

თუმცა, ახალი კვლევით, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის შემთხვევაშიც პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტემპერატურული ზრდის 1.5C°-მდე შენარჩუნების შანსი მხოლოდ 6-10%-ია. გასულ ნოემბერში, გლაზგოში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნების წარმომადგენლებმა, ნახშირბადის ემისიის შესამცირებლად და ტემპერატურული ზრდის 1.5C°-ზე შენარჩუნებისთვის, კლიმატური გეგმების გაუმჯობესების საკითხი განიხილეს. თუმცა საკითხავია, ქვეყნების ძალისხმევა იქნება თუ არა საკმარისი კლიმატური ცვლილების დამღუპველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მეცნიერების დასკვნით,  1.5C°-ზე მაღლა ტემპერატურის გლობალური მატება საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი პატარა კუნძულოვან და განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ახალი კვლევის ავტორებმა ქვეყნების მიერ 2030 წლისთვის შესასრულებლად შემუშავებული გეგმები განიხილეს. ზომების მიღების გარეშე ამ საუკუნეში ტემპერატურამ 2.6C°-ით უნდა მოიმატოს, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ათობით მილიონი ადამიანისთვის მსოფლიოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *