Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული გიგანტი Biohaven Pharmaceutical Holding Company-ს 11.6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. როგორც ცნობილია, კომპანიებმა შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. აქვე გეტყვით, რომ 2016 წლის შემდეგ ეს Pfizer-ის მიერ განხორციელებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იქნება.
აღსანიშნავია, რომ გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, 10 მაისს Biohaven-ის აქციების ფასი 70%-ით გაიზარდა და $142-ს გადააჭარბა. მცირედ მოიმატა Pfizer-ის აქციების ფასმაც.
Biohaven-ი თავის ნერვული დაავადების, მიგრენის, იმავე შაკიკის სამკურნალო მედიკამენტ Nurtec ODT-ის მწარმოებელია. გარდა ამისა, კომპანია ამ მიმართულებით კიდევ ექვსი პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. Pfizer-ის განცხადებით, Biohaven-ის წამლების წლიურმა გაყიდვებმა მომავალში შესაძლოა, 6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს. ცნობისთვის, 2021 წელს $462.5 მილიონის ღირებულების Nurtec ODT გაიყიდა. Biohaven-ის პროგნოზით, 2022 წელს მედიკამენტის გაყიდვები 825-დან 900 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს.
გარიგების პირობების თანახმად, ამერიკული გიგანტი Biohaven-ის ყველა აქციას ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენს. ცნობილია, რომ ის თითოეულ აქციაში 148,50 აშშ დოლარს გადაიხდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს 2016 წლის შემდეგ Pfizer-ის მიერ განხორციელებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იქნება. ამერიკულმა გიგანტმა ზემოხსენებულ წელს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია Medivation-ი 14 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.