ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ინდოეთი საკვების დეფიციტის მქონე ქვეყნებისთვის ხორბლის მიწოდებას გეგმავს. გარდა ამისა, მთავრობა კერძო კომპანიებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უფლებას აძლევს, რაც ივლისამდე 4.3 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტს ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აპრილში ინდოეთმა ერთი მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა ექსპორტზე. ინდოეთი ძირითადად ხორბალს მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ბანგლადეშს, ნეპალსა და შრი-ლანკას აწვდის. პარასკევს, საგარეო ვაჭრობის დირექტორატის სამთავრობო გაზეთმა განაცხადა, რომ ხორბალზე გლობალური ფასების ზრდა საფრთხეს უქმნის როგორც ინდოეთის, ასევე მეზობელი და დაუცველი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას. ინდოეთის მხრიდან ექსპორტის აკრძალვის მთავარი მიზანი მზარდი შიდა ფასების კონტროლი იყო, მას შემდგომ, რაც წლის დასაწყისიდან ხორბლის გლობალური ფასები 40%-ით გაიზარდა.
ომის დაწყებამდე, უკრაინა და რუსეთი ხორბლისა და ქერის გლობალური ექსპორტის მესამედს უზრუნველყოფდნენ. 24 თებერვლის შემდგომ უკრაინის პორტი დაკეტილია, ხოლო ინფრასტრუქტურა განადგურებული. ხორბლის გლობალურ დეფიციტს ინდოეთში რეკორდულად მაღალი სიცხეებიც დაერთო, რის შედეგადაც მიმდინარე წელს წარმოება შარშანდელი 106 მილიონი ტონიდან 3 მილიონი ტონით შემცირდა. ინდოეთში 20-40%-ით გაიზარდა ხორბლის ფასიც.
მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხორბლის რიგით მეორე უმსხვილესი მწარმოებელი 2022-2023 წლებში ექსპორტზე 10 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას გეგმავდა. ინდოეთის მიზანი ომის შედეგად დაზარალებული გლობალური მიწოდების ფონზე, ახალი ბაზრების პოვნა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ათვისება იყო. თუმცა ინდოეთი ქვეყანაში წარმოებული ხორბლის უდიდეს ნაწილს თავადვე მოიხმარს. მაგალითისთვის, გასულ წელს, წარმოებული 109 მილიონი ტონიდან 90 მილიონ ტონამდე ხორბალი თავადვე გამოიყენა, ხოლო ექსპორტზე 7 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა.