გასული კვირა მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეებით გამოირჩა. ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ამის პარალელურად, სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ ლიონელ მესის მაიამის „ინტერის“ წილის შეძენა და 2023 წლიდან საფეხბურთო კარიერის ამ კლუბში გაგრძელება სურს. ისტორიული მოვლენა მოხდა აშშ-ის საფეხბურთო სამყაროში. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების თანაბარი ანაზღაურებითა და საპრიზო თანხით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუს ტანმოვარჯიშეს, ივან კულიაკს სიმბოლო „Z“-ის გამოყენების გამო ტურნირებზე ასპარეზობა ერთი წლით აეკრძალა; FIBA-მ რუსეთი და ბელარუსი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებიდან, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა; ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ლორა რობსონმა 28 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკი“ გახდა.
მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.
Marca: მბაპე და „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ
ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ გასულ კვირას ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.
გამოცემის ცნობით, მბაპე „რეალისგან“ იმაზე ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე მას „პარი სენ-ჟერმენი“ დარჩენის შემთხვევაში სთავაზობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდელებმა პარიზულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მაშინ PSG-მ გარიგებაზე უარი განაცხადა.
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ტრანსფერს მხოლოდ მაშინ დაადასტურებს, როდესაც მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებას თვითონ გააკეთებს.
„ჩემს მომავალზე ახლა ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ… ის თითქმის გადაწყვეტილია”, – განაცხადა კილიან მბაპემ კვირას ღამით საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ღონისძიებაზე.
სწორედ ზემოხსენებულ ღონისძიებაზე დასახელდა მბაპე საფრანგეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, ლიგა 1-ის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. მას აღნიშნულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 34 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაშიც 25 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 2021/2022 წლების სეზონის გამარჯვებული ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა.
რუსი ტანმოვარჯიშე „Z“-სიმბოლოს გამოყენების გამო ტურნირებიდან ერთი წლით დისკვალიფიცირებულია
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) გადაწყვეტილებით, რუს ტანმოვარჯიშეს, ივან კულიაკს ტურნირებზე ასპარეზობა ერთი წლით აეკრძალა. ამის მიზეზი მიმდინარე წლის მარტში, კატარში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენის „Z“-ნიშნით გამოჩენაა. ეს უკანასკნელი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდამჭერ სიმბოლოდ იქცა.
შეგახსენებთ, 20 წლის კულიაკმა დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ის დაჯილდოების ცერემონიაზე სპორტულ ტანსაცმელზე გამოსახული „Z“-სიმბოლოთი წარდგა. აღსანიშნავია, რომ მის გვერდით პოდიუმზე უკრაინელი სპორტსმენი, ილია კოვტუნი იდგა, რომელმაც ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო.
„ბატონმა კულიაკმა დაარღვია FIG-ის წესდება, დისციპლინის კოდექსი, ეთიკის კოდექსი, ქცევის კოდექსი და ტექნიკური რეგლამენტი, როდესაც ის ატარებდა ასო „Z“-ს“, – წერია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში. „[მას] არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს FIG-ის მიერ სანქცირებულ ღონისძიებაში ან შეჯიბრში, რომელიც ეწყობა FIG-ის წევრი ფედერაციის მიერ – გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში“.
როგორც ირკვევა, გარდა ერთწლიანი დისკვალიფიკაციისა, ივან კულიაკს მოგებულ ბრინჯაოს მედალს ჩამოართმევენ. მას ასევე მოუწევს საპრიზო თანხის, 500 შვეიცარიული ფრანკის უკან დაბრუნება.
შესაძლოა, მესიმ მაიამის „ინტერის“ წილი შეიძინოს და სათამაშოდ ამავე კლუბში გადავიდეს
ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი ამერიკის MLS-ში მოასპარეზე კლუბის, მაიამის „ინტერის“ წილის შეძენით არის დაინტერესებული. როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, საქმე ეხება კლუბის აქციების 35%-ის შესყიდვას.
გარდა ამისა, მედიაში აქტიურად იწერება, რომ მას შემდეგ, რაც მესი მაიამის „ინტერის“ წილის მფლობელი გახდება, სათამაშოდ სწორედ ამ კლუბში გადავა. შეგახსენებთ, არგენტინელს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება. DirecTV-ის ჟურნალისტის განცხადებით, მესის ამერიკის MLS-ში სწორედ მომავალი წლიდან ვიხილავთ.
„ლეო მესი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მისი უნარები არ შესუსტებულა, – განაცხადა მაიამის „ინტერის“ თანამფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხორხე მასმა თებერვალში Miami Herald-თან საუბრისას. – თუ მესი PSG-ს დატოვებს, გვინდა, რომ ის მაიამის „ინტერის“ მოთამაშე გახდეს“.
ამის პარალელურად, მესიმ 2020 წელს La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მომავალში აშშ-ში გადასვლისთვის მზად არის.
„ყოველთვის ვოცნებობდი, რომ აშშ-ში ცხოვრების გამოცდილება მიმეღო, იქაური ლიგის გამოცდილება, მაგრამ ჯერ ადრეა“, – განაცხადა მესიმ 2020 წელს.
FIBA-მ რუსეთი და ბელარუსი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებიდან მოხსნა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყანათა ნაკრებები საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებენ და ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება არ მიეცემათ.
შედეგად, რუსეთისა და ბელორუსიის კაცთა საკალათბურთო ნაკრებები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მოსაპოვებლად გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ დაიშვებიან. გარდა ამისა, რუსეთის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც წელს ავსტრალიაში მსოფლიო თასის გათამაშებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ტურნირიდან მოიხსნა, მის ნაცვლად ასპარეზობის უფლება კი პუერტო-რიკოს მიენიჭა. ასევე მოხდა 17 წლამდე ქალთა ნაკრების შემთხვევაშიც. მას უნგრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთი ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ოკუპანტი ქვეყნისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება არაერთმა ფედერაციამ აუკრძალა. ასევე გაუქმდა ამ სახელმწიფოებში დაგეგმილი ტურნირები.
აშშ-ის ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრებები ტურნირებიდან თანაბარ შემოსავალს მიიღებენ
აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ (USSF) მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრებების თანაბარი ანაზღაურებითა და საპრიზო თანხით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ორგანიზაციამ აღნიშნული პირობა ჯერ კიდევ მაშინ დადო, როდესაც თებერვალში ქალთა ეროვნულ ნაკრებთან შრომის თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით 6-წლიანი სამართლებრივი დავა წააგო. ფედერაციას მომჩივანი მხარისთვის კომპენსაციის სახით 24 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაევალა.
კოლექტიური შეთანხმება ნაკრებების იდენტური ანაზღაურებით უზრუნველყოფას ფეხბურთის ყველა საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობის შემთხვევაში ითვალისწინებს – მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასზე. ამგვარად, USSF პირველი ეროვნული საფეხბურთო ორგანიზაცია გახდა, რომელმაც მამაკაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებებს მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხა გაუთანაბრა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ შრომის თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დავა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. 2019 წელს შედგენილ საჩივარში ყურადღება გამახვილებულია ფულადი პრიზის რაოდენობის შეუსაბამობაზე, რომელიც აშშ-ის ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრებებმა 2014 და 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მიიღეს.
ცნობისთვის, 2014 წელს აღნიშნულ ტურნირზე მერვედფინალში გასვლისთვის კაცთა ეროვნულ ნაკრებს 5.375 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა, 2015 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის ქალთა ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ 1.725 მილიონი აშშ დოლარი ერგო.
ლორა რობსონმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ლორა რობსონმა 28 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. სპორტსმენის განცხადებით, ამის მიზეზი ტრავმებია. შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო კარიერის დასრულებამდე რობსონმა ფეხზე რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.
ლორა რობსონი ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მოექცა, როდესაც უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირი მოიგო. 2012 წელს რობსონმა თავი ლონდონში გამართულ ოლიმპიადაზე გამოიჩინა, როდესაც შერეული წყვილების შეჯიბრში ენდი მარისთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.
28 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელ ქალთა რეიტინგის ტოპ-30 სპორტსმენს შორის 27-ე ადგილსაც იკავებდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. თუმცა ბოლო წლებში რობსონი ტრავმებმა შეაწუხა, რის გამოც სპორტსმენის საჩოგბურთო კარიერა წარუმატებლად განვითარდა.
„ვფიქრობ, ყოველთვის მექნება იმის განცდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. არ ვიცი, რას მივაღწევდი, კიდევ ერთი-ორი წელიწადის განმავლობაში ჯანმრთელობას ხელი რომ შეეწყო“, – განაცხადა რობსონმა მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ლორა რობსონს საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში კორტებზე $1.6 მილიონზე ოდნავ მეტი თანხა აქვს გამომუშავებული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკი“ გახდა. მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხუთწლიანი ხელშეკრულება 19 მაისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
ხელშეკრულების მიხედვით, „საქართველოს ბანკი“ თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერასაც.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი რუსული ბანკი VTB იყო. ომის დაწყებიდან მალევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ოკუპანტს სანქციები დაუწესა, რაც VTB-ზეც გავრცელდა. სანქცირებულმა რუსულმა ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა, თანამშრომლობა შეწყდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთანაც.