უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ 71 მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ 71 მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით სურსათსა და ენერგიაზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, რაც დიდწილად უკრაინაში მიმდინარე ომით არის განპირობებული, 71 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა. აქედან 51.6 მილიონ ადამიანს ცხოვრება $1.90-ით ან ნაკლები თანხით უწევს, დარჩენილ 20 მილიონს კი – მაქსიმუმ $3.20-ით.

შედარებისთვის გეტყვით, რომ UNDP-ის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში 18-თვიანი ჩაკეტვისას სიღარიბეში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა.

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ოჯახები შემოსავლის 42%-ს საკვებზე ხარჯავენ. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, საწვავისა და ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების ზრდა ყველაზე მეტად სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილს შეეხო. შედეგად, სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვმა მსოფლიო მოსახლეობის 9%-ს მიაღწია.

ინფლაციისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ოც ქვეყანას შორისაა: ჰაიტი, არგენტინა, ეგვიპტე, ერაყი, თურქეთი, ფილიპინები, რუანდა, სუდანი, განა, კენია, შრი-ლანკა და უზბეკეთი. UNDP-ი მთავრობებს, ენერგეტიკის სუბსიდიებში მილიარდების დახარჯვის ნაცვლად, ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს.