საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მთავარი მოკავშირის, ბელარუსის დეფოლტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
Moody’s-ის ცნობით, მიმდინარე კვირას ბელარუსმა 27-წლიან ევროობლიგაციაზე დეფოლტი განიცადა, რადგან მან 22.9 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ვერ შეძლო და ვალდებულების შესასრულებლად აღნიშნული თანხის ეკვივალენტი ბელარუსული რუბლის გამოყოფა სცადა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო ორგანიზაცია ამას ბელარუსის პირველ დეფოლტად არ აფასებს. Moody’s-ის განმარტებით, გასულ თვეს დეფოლტი ორ სხვა ევროობლიგაციაზეც განხორციელდა, რომელთა დაფარვაც ბელარუსმა ეროვნული ვალუტისა და Belarusbank-ის საშუალებით სცადა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ პირველი რეალური დეფოლტი საგარეო ვალზე 27 ივნისს განიცადა, რაც თითქმის 100-მილიონიან ობლიგაციას უკავშირდებოდა.
1918 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირებულ საგარეო დეფოლტს ოფიციალური კრემლი უარყოფს. დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვალდებულების მომსახურება რუბლში განხორციელდა, რაც არ წარმოადგენს დეფოლტის გამოცხადების საფუძველს. ანალოგიურ განმარტებას იძლევა ბელარუსის ოფიციალური წარმომადგენლობაც.