შვედეთმა საფრანგეთი ჩამოიტოვა და 2022 წლის პირველ ნახევარში, ევროპაში ენერგიის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. EnAppSys-ის ენერგეტიკის ანალიტიკოსების განცხადებით, რეიტინგში საფრანგეთის ჩამოქვეითება სტრუქტურულმა პრობლემებმა განაპირობა, რის შედეგადაც ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ენერგიის ექსპორტი ჩვეულებრივ ყოველთვის აღემატება იმპორტის მონაცემებს. თუმცა, წელს, ატომურ ფლოტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რომლის გაუმჯობესების ნიშნებიც არ შეიმჩნევა, წინა წელთან შედარებით ქვეყნიდან ექსპორტის განახევრება გამოიწვია. ამ პერიოდისთვის, შვედეთის ენერგიის ექსპორტმა 16 ტერავატ/საათი შეადგინა და სიის სათავეშიც გადაინაცვლა, მეორე ადგილზე კი გერმანიაა, 15.4 ტვტ/სთ-ით.
„ექსპორტიორთა რეიტინგში შვედეთის ლიდერობა უფრო მეტად მიმდინარე წელს, საფრანგეთის წმინდა ექსპორტიორიდან წმინდა იმპორტიორზე გადასვლას უკავშირდება“, განაცხადა EnAppSys-მა. 2021 წლის პირველ ნახევარში, საფრანგეთი, 21.5 ტვტ/სთ-ით წმინდა ექსპორტიორი იყო, მაშინ როდესაც 2022 წლის პირველ ნახევარში, 2.5 ტვტ/სთ-ით წმინდა იმპორტიორად იქცა. საფრანგეთის იმპორტი 18.9 ტვტ/სთ-მდე გაორმაგდა, ხოლო ექსპორტი 16 ტვტ/სთ-მდე შემცირდა.
შვედეთის ელექტროენერგიის მიწოდების უმეტესი ნაწილი ბირთვულ, ჰიდრო და ბიოსაწვავზე მოდის. ქარის ენერგიის მიწოდება კი იზრდება, რასაც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ნავთობზე მომუშავე წარმოების შემცირება განაპირობებს. შვედეთის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ფინეთსა (7 ტვტ/სთ) და დანიაზე (4 ტვტ/სთ) მოდის.