დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს - 10.1%-ს მიაღწია

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს - 10.1%-ს მიაღწია

ივლისში გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 10.1% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის, ივნისის ინფლაციურ მაჩვენებელს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის მატება, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.

ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

საგულისხმოა, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს – მარეგულირებელმა უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 1.25%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვენციას განახორციელებს და მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს.

მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეკონომიკის ზრდის ტემპი – მიმდინარე წლის I კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა; II კვარტალში კი მშპ 0.1%-ით შემცირდა.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, – განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა, ჰუსეინ მეჰდიმ.