ყველა სამსახური, რომლებიც შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში ვიქონიოთ, ჩვენთვის გარკვეულწილად სარგებლის მომტანია.
სულ ერთია, იქნება ეს სტაჟირება, მოკლევადიანი გამოცდილება თუ სრულგანაკვეთიანი კარიერა. ის სამუშაოც კი, რომელიც დიდ სიამოვნებას არ გვანიჭებს, საბოლოოდ, ჩვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება ხოლმე. ადამიანებს გვაქვს იმის უნარი, რომ ნეგატიური გამოცდილებიდანაც კი სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ, შესაძლოა, უფრო მეტიც კი, ვიდრე კარგისგან, რადგან, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნაკლებად გვიწევს ღრმა ანალიზი.
სამუშაოს ხასიათს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა შემთხვევაში გვეძლევა შესაძლებლობა, ვისწავლოთ რაღაც ახალი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კონკრეტული სამსახური არ გვაკმაყოფილებდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ გაკვეთილის მიღება ყოველთვის საჭირო და სასარგებლოა. არც ის არის გამორიცხული, ვერ აღვიქვათ, თუ რა გაკვეთილს ვიღებთ ამა თუ იმ გამოცდილებიდან თავად პროცესში, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად გამოჩნდება. სწორედ ასე უნდა შევხედოთ ყველა საკითხს.
ყოველთვის გაითვალისწინეთ გამოცდილების აუცილებლობა
ხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც გვგონია, რომ არსად მიგვიყვანს. ეს განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპებზე ხდება, ან მაშინ, თუ ისე მოხდა, რომ ახალ სამსახურში უფრო დაბალ პოზიციაზე მუშაობთ, ვიდრე მანამდე.
საქმე ის არის, რომ სწორედ ასე ვსწავლობთ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც მომავალში ყველა სამსახურში გამოგვადგება. დაუკვირდით ამ შეძენილ თვისებებს და მიხვდებით, თუ რამდენი რამ ისწავლეთ ყველა იმ სამუშაოდან, რომელიც გქონიათ.
მაგალითისთვის, პირველი სამსახური თითქმის ყველა ადამიანისთვის ისეთია, რომელიც საათობრივ გამომუშავებას გულისმობს. სუპერმარკეტი, რესტორანი, ან ნებისმიერი დაწესებულება მომსახურების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცით, თქვენი ანაზღაურება არ შეესაბამება თქვენს გრაფიკს, ისეთ გაკვეთილს იღებთ, რომელიც მომავალი კარიერისთვის აუცილებლად გამოგადგებათ. ავითარებთ თქვენს უნარებს კლიენტების მომსახურების დროს, გიწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ერთდროულად სხვადასხვა რამის კეთება, პრობლემების გადაჭრა. სწავლობთ, როგორ შეუქმნათ კომფორტი კლიენტს; როგორ ასიამოვნოთ თქვენს უფროსს. ეს ის გაკვეთილებია, რომლებიც ნებისმიერი სამუშაოს შემთხვევაში გამოგადგებათ.
მიიღე კარგი ცუდთან ერთად
იდეალური სამუშაო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კარგ ამბებს ხშირად მოჰყვება ცუდი. ეცადეთ, ყველა უარყოფით სიტუაციაში დაინახოთ ის დადებითი დეტალები, რომლებიც სიტუაციას დააბალანსებს. მნიშვნელოვანია, რა დასკვნებს გამოიტანთ შექმნილი სიტუაციიდან და როგორ გამოიყენებთ ნეგატიურ გამოცდილებას თქვენ სასიკეთოდ. ისწავლეთ და ეცადეთ, მომავალ სამსახურში იგივე შეცდომა არ დაუშვათ.
უარყოფითი ვითარებისგან მიღებული გაკვეთილები გვკარნახობს, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ მომავალში. ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ჩვენთვის შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, ან თუნდაც სამუშაო გარემოში სხვა ადამიანის ცუდი ქცევის შემჩნევა მომავალში აუცილებლად ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედებს.
მაგალითისთვის: გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან ხშირად აკრიტიკებს თანამშრომლებს. ეს, შესაძლოა, ნეგატიური ფაქტია, მაგრამ როგორც გაკვეთილი, დადებით ხასიათს ატარებს. სწავლობთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ხელმძღვანელის როლში აღმოჩნდებით; ეს დაგეხმარებათ, გახდეთ ისეთი უფროსი, რომელიც თავის გუნდზე პასუხისმგებლობას აიღებს. კარგად დაფიქრდით და განსაჯეთ, რატომ ხდებოდა ასე? რა უფრო დიდი პრობლემაა: თუ როგორ ელაპარაკება თქვენი უფროსი თანამშრომლებს, თუ თავად თანამშრომლების ქცევა? უარყოფითი მხარეების ანალიზი დაგეხმარებათ სიტუაციის სწორად აღქმაში და მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ორი შეკითხვა, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
“რას ვაკეთებ კარგად?” და “როგორ გავაუმჯობესო ის, რასაც ვაკეთებ?” ამ ორი შეკითხვის დასმა თქვენს სამუშაო გამოცდილებას გააუმჯობესებს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ, უფრო კარგად დააკვირდეთ თქვენს საქმიანობას და მოვალეობის შესრულების უნარს, ნაცვლად იმისა, რომ მთელი თქვენი ყურადღებაშესასრულებელი სამუშაოს ირგვლივ ტრიალებდეს. სამუშაოს სირთულით ყველა შეცდომის ახსნა ადვილი გამოსავალია. შესაბამისად, შეეცადეთ, გააუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები და მეთოდები სამუშაოს შესრულების დროს.
საკუთარ თავზე მეტი კონცენტრირება საშუალებას მოგცემთ, მოცემულ ვითარებას მეტი სიცხადით შეხედოთ. თუ სამუშაოს რომელიმე ასპექტი განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს თქვენზე, დაფიქრდით და გამოიკვლიეთ, თუ რატომ ხდება ეს. შეგიძლიათ თუ არა ამ მხრივ რაიმეს შეცვლა. თუ პასუხი დადებითია, სიტუაციის გამოსწორებას შეეცადეთ. საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში მალევე აღმოაჩენთ, რომ გაღიზიანება ნელ-ნელა კლებულობს. მაგრამ თუ ხედავთ, რომ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებთ, სავარაუდოდ, ენერგიის დახარჯვა აღარ ღირს და ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანოთ. თუ თავად სამუშაო არც ისე საინტერესოა, დაფიქრდით, რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ ის უფრო მიმზიდველი გახადოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულების დროს მზად იყოთ ცვლილებებისთვის. გახსოვდეთ, ყველა გამოცდილება ახალ რამეს გასწავლით; გეხმარებათ ზრდასა და განვითარებაში. ის უნარები, რომელთაც თითოეულ სამსახურში გამოიმუშავებთ, კარიერის ბოლომდე გაგყვებათ. არ გაგიკვირდეთ, თუკი ყველაზე უინტერესო სამუშაო საბოლოო ჯამში თქვენთვის ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდება.