ინდოეთმა ეკონომიკის ზომით ბრიტანეთს გადაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა

ინდოეთმა ეკონომიკის ზომით ბრიტანეთს გადაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ინდოეთმა გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და Bloomberg-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის დაწინაურება ინდოეთის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა რეცესიის რისკის წინაშეა; ინდოეთის ეკონომიკა კი, პროგნოზირებულია, რომ წელს 7%-ით გაიზრდება.

მოსახლეობის, ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ინდოეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის გადასწრება გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

ამჟამად ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 3.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. IMF-ის ვარაუდით, 2026 წლისთვის ინდოეთის მშპ-ის მაჩვენებელი $5.5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.

საგულისხმოა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება ინდოეთის მოსახლეობაც და პროგნოზირებულია, რომ მომავალ წელს ინდოეთი ჩინეთისთვის გადასწრებით მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს.

გთავაზობთ უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგს:

1. აშშ – $22.9 ტრილიონი
2. ჩინეთი – $17.7 ტრილიონი
3. იაპონია – $4.9 ტრილიონი
4. გერმანია – $4.2 ტრილიონი
5. ინდოეთი – $3.2 ტრილიონი
6. დიდი ბრიტანეთი – $3.1 ტრილიონი
7. საფრანგეთი – $2.9 ტრილიონი
8. იტალია – $2.1 ტრილიონი
9. კანადა – $2.0 ტრილიონი
10. სამხრეთ კორეა – $1.8 ტრილიონი