კონკრეტულად რას მოუტანს ეს სასამართლო საქართველოს და რატომ ვართ ამ საკითხისადმი ოპტიმისტურად განწყობილნი?
ათ წელზე მეტია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა – საქართველო (ICC Georgia) მსოფლიოში სახელგანთქმული ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოყვანას ლამობს, რათა გამოასწოროს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი სიტუაცია ქართულ სასამართლო სისტემაში, რომელიც ბიზნესდავებსა თუ სახელმწიფოსა და სხვადასხვა კომპანიას შორის ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე დავებს უკავშირდება.
დღეს ამ ოცნების ახდენასთან ბევრად ახლო ვართ, ვიდრე ოდესმე. ამა წლის 20 დეკემბერს, პარიზში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი ალექსის მური თანხმობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლოს რეგიონალური ოფისის დაფუძნებაა.
ამას წინ უძღოდა წლობით წარმოებული მოლაპარაკებები აღნიშნული სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და ICC-ის წარმომადგენლებთან. ხშირად ახლო ვიყავით დადებით შედეგებთან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მხოლოდ ახლა შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ მთელ ჩვენს რეგიონში რაღაც ჭეშმარიტად უნიკალურის პირას ვართ.
კონკრეტულად რას მოუტანს ეს სასამართლო საქართველოს და რატომ ვართ ამ საკითხისადმი ოპტიმისტურად განწყობილნი?
მოკლე ისტორია: საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც მას ოფიციალურად ჰქვია, 1923 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, ვაჭრობისა და ინვესტიციის მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო კომერციულ და ბიზნესდავებში არსებული პრობლემების გადაჭრის სამსახურში დგას. დავის თითოეულ ეტაპზე, როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე ბიზნესებისა და მთავრობებისთვის ნაირგვარი ინდივიდუალიზებული სერვისების უზრუნველყოფით, სასამართლო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
საქართველოში ოფისის შექმნა ქვეყნისათვის იმ ინსტრუმენტის მინიჭებას ნიშნავს, რომელიც შესაძლებელს გახდის, ყველა სახის კომერციული დავა კარგად გაწვრთნილმა ქართველმა არბიტრებმა განსაჯონ – მსოფლიოში აღიარებული წესების დაცვით, რომლებსაც ადგენს და მუდმივად ანახლებს ICC, თუმცა საბოლოო კრიტიკულ შემოწმებას პარიზის სასამართლოში გადის. ამ გზით შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი ტიპის წნეხი ან კორუფცია გამოირიცხოს – ის, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ქართულ სასამართლოებში ვართ ხოლმე.
ჯანსაღი და შეუბღალავი საარბიტრაჟო სისტემა არა მხოლოდ მომჩივან კომპანიებს მოუტანს სარგებელს, არამედ საქართველოს საინვესტიციო კლიმატსაც მიმზიდველს გახდის – ნუგეშს მისცემს უცხოელ ბიზნესებს, რომ თუ, ვთქვათ, მათ უფლებებს სხვა კომპანია ან სახელმწიფო შელახავს, ამ უფლებებს ცნობილ საარბიტრაჟო სასამართლოში სამართლიანად დაიცავენ.
მომავალ არბიტრებს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრები გაწვრთნიან, რაც არა მარტო მათი კომპეტენტურობის, არამედ სრული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტია იქნება.
საქართველოს მთავრობა ისევეა დაინტერესებული საარბიტრაჟო სასამართლოს შემოღებით, როგორც ბიზნესი. მთავრობა ტრადიციული სასამართლოების ეკონომიკური საქმეებისგან განთავისუფლების გზების ძიებაშია. პირველ რიგში, სასამართლოები ვერ აუდიან დიდი რაოდენობის მრავალფეროვან ლეგალურ მოქმედებებს სამართლებრივ სისტემაში, რომელიც კვლავაც რეფორმირების მნიშვნელოვან პროცესს გადის; ზოგჯერ, ან, შეიძლება ითქვას, უმეტესწილად, მოსამართლეები არ ფლობენ საჭირო კომპეტენციას, ხშირად ძალიან რთული საქმეების სათანადო მსაჯულები რომ იყვნენ. სწორედ ამიტომ მიიღო იუსტიციის მინისტრმა გადაწყვეტილება, სამართლებრივ სისტემაში სავაჭრო პალატები ჩამოეყალიბებინა, რომლებიც ექსკლუზიურად ეკონომიკური ხასიათის საქმეებს განიხილავენ. ეს, შესაძლოა, დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდეს, მაგრამ ვთვლით, რომ კომპლექსური ვითარების გათვალისწინებით, არასაკმარისი და არაპროპორციული ქმედებაა. ისევ და ისევ: ვინაიდან ეს პალატები სახელმწიფო სისტემის ნაწილი იქნება, რჩება პოლიტიკური წნეხის, კორუფციისა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების რისკები.
ის ფაქტი, რომ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისაგან დაცლილი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო დამოუკიდებელი ქართველი არბიტრების განჩინებებს განიხილავს, უკვე თავისთავად არის ნებისმიერი დავის სამართლიანი მოგვარების გარანტია. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის პოტენციურ უცხოელ ინვესტორებს, საქართველოში ბიზნესის წამოწყებისას, მეტი თავდაჯერებულობით აღჭურავს: მათ ეცოდინებათ, რომ კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში შეუძლიათ, ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლოს განყოფილებას მიმართონ, რომელიც, თავისთავად, მაღალი კომპეტენციის, სერიოზული მიდგომისა და სამართლიანი შედეგის გარანტიაა.
ასეა თუ ისე, კვლავ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი რეალობად რომ იქცეს, მაგრამ, ერთი შეხედვით, ჩვენი მთავრობა ნამდვილად მოწადინებული ჩანს, ეს პროცესი დააჩქაროს და შესაბამის კანონმდებლობაში საჭირო შესწორებები შეიტანოს, რაც ბიზნესებისთვის იმის გარანტია იქნება, რომ მათ ინტერესებს უკეთ დაიცავენ