სუფთა ენერგიაზე გადასვლით, მსოფლიო 2050 წლისთვის $12 ტრილიონს დაზოგავს

სუფთა ენერგიაზე გადასვლით, მსოფლიო 2050 წლისთვის $12 ტრილიონს დაზოგავს

აღმოჩნდა, რომ წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლება არამხოლოდ გარემოსთვის, გლობალური ეკონომიკისთვისაც კი სასარგებლო იქნება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომი ცხადყოფს, რომ მსოფლიო სუფთა ენერგიაზე გადასვლით, 2050 წლისთვის $12 ტრილიონის დაზოგვას შეძლებს.

ოქსფორდის სმიტის სამეწარმეო და გარემოსდაცვითი სკოლისა და „მარტინის სკოლის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის მკვლევრებმა წარსულში გამოყენებული ტრანზიციის ხარჯების ათასობით სცენარი გააანალიზეს. ნაშრომის შედგენისას გამოყენებული მასალა აერთიანებს მზის ენერგიის 45-წლიან და ქარის ენერგიის 37-წლიან ხარჯებს.

კვლევის შედეგების თანახმად, ყველა წინა მოდელმა ვერ შეძლო ენერგიის მომავალი ხარჯების სწორი პროგნოზირება და მუდმივად გადაჭარბებული შეფასებით გამოირჩეოდა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მზის ენერგიის ღირებულება, წინა კვლევების ყველაზე ამბიციურ პროგნოზებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად დაეცა. ამასთან ერთად კი, მკვლევართა განცხადებით, განახლებადი ენერგიის ფასები ათწლეულების განმავლობაშიც კლებულობს, ხოლო განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება მის გაიაფებას და უახლოეს პერსპექტივაში ფინანსების დაზოგვასაც გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით მზისა და ქარის ენერგიისგან, უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ბირთვული ენერგიის ხარჯების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ეს ფაქტი კი ბირთვულ ტექნოლოგიას, სხვა „მწვანე“ რესურსებთან შედარებით, სამომავლოდ ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ომის შედეგად წიაღისეული საწვავის ფასები გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნები ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვიან, რასაც კლიმატური ცვლილებების შედეგად მოყენებული ზარალიც ერთვის თან. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლა ერთდროულად ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევას შეუწყობს ხელს.