გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, ჰერპესის ვირუსის გენმოდიფიცირებულმა ვერსიამ კიბოს უჯრედები გაანადგურა. ამის პარალელურად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ Spectrum Pharmaceutical-ის კიბოს ექსპერიმენტული წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. თეთრმა სახლმა კი ე.წ. ოპიოიდების პანდემიასთან საბრძოლველად 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დააანონსა.

სიახლეებია კოსმოსის შესწავლისა და ათვისების მიმართულებით – საუდის არაბეთი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს; „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელ იური ბორისოვის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამაში, სავარაუდოდ, 2028 წლამდე დარჩება; ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ნეპტუნი და მისი რგოლები გადაიღო.

მოცემულ ბლოგში ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

კვლევა: ჰერპესის გენმოდიფიცირებულმა ვირუსმა კიბოს უჯრედები გაანადგურა

ახალი კვლევის მიხედვით, ჰერპესის ვირუსის გენმოდიფიცირებულმა ვერსიამ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პოტენციალი გამოავლინა. ამის შესახებ ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

მიუხედავად იმისა, რომ თერაპია ჯერ კიდევ ტესტირების ადრეულ ეტაპებს გადის, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ RP2-მა, ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის გენმოდიფიცირებულმა ვერსიამ, ცდების დროს, პაციენტების მეოთხედში კიბოს უჯრედების განადგურება შეძლო. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცდისპირებს სიმსივნის გართულებული ფორმა ჰქონდათ, რომლის წინააღმდეგაც უკვე არსებული მკურნალობის ყველა მეთოდი ამოწურეს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, გენმოდიფიცირებული ვირუსი კიბოს უჯრედებს ერთხელ ან ორჯერ უტევს, შედეგად ის მათ შიგნიდან ანადგურებს, გარდა ამისა, იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს.

ფოტო: Canva

მკვლევართა განცხადებით, საკმაოდ იშვიათია მსგავსი დადებითი შედეგების გამოვლენა კლინიკური კვლევის ადრეულ სტადიაზე, რომელთა ძირითადი მიზანი, მკურნალობის უსაფრთხოებაში დარწმუნებაა.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, RP2 ვირუსი ინიექციის გზით პირდაპირ კიბოს უჯრედებში შეჰყავთ, სადაც ის მრავლდება და უჯრედებს შიგნიდან შლის. გარდა ამისა, RP2 ბლოკავს ცილას, რომელიც ცნობილია, როგორც CTLA-4 – შედეგად, იმუნური სისტემის მოქმედების შემაფერხებელ ფაქტორებს აუვნებლებს და ზრდის მის ეფექტიანობას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ცხრა პაციენტიდან, რომლებიც RP2-ით მკურნალობდნენ, სამ მათგანში სიმსივნე შემცირდა და ერთის შემთხვევაში კი კიბო მთლიანად გაქრა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, ეს პაციენტი კიბოსგან თავისუფალ ცხოვრებას აგრძელებს.

რუსეთი ISS-ზე, სავარაუდოდ, 2028 წლამდე დარჩება – RIA

იური ბორისოვმა, რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროექტში მონაწილეობას 2028 წლამდე მიიღებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო RIA-ზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, ის მზად იქნება გააგრძელოს თანამშრომლობა აშშ-სთან ISS-ის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის შემდეგ, თუ პირველი სამი ფრენა წარმატებული აღმოჩნდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაუშვეს, 2000 წლის ნოემბრიდან აშშ-რუსეთის პარტნიორობით იმართება. პროექტში ამ სახელმწიფოებთან ერთად ასევე ჩაბმულნი არიან კანადა, იაპონია და ევროპის 11 ქვეყანა.

ფოტო: Getty Images

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზეც აისახა.

„როსკოსმოსის“ ახალ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი ISS-ის პროგრამიდან გასვლით არაერთხელ დაიმუქრა, რის მიზეზადაც ის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებდა. ივლისში როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისი ადგილი ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა დაიკავა.

მალევე, აშშ-ისა და რუსეთის კოსმოსურ სააგენტოებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. შეთანხმება NASA-ს ასტრონავტებს რუსული ხომალდით, ხოლო რუს კოსმონავტებს NASA-ს მიერ დაქირავებული აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრების საშუალებას აძლევს.

Spectrum Pharma-ს კიბოს წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით FDA შეშფოთებას გამოთქვას

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) თანამშრომლებმა Spectrum Pharmaceutical-ის კიბოს ექსპერიმენტული წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და პრეპარატის არსებულ თერაპიებთან შედარებით სარგებლიანობა ეჭვქვეშ დააყენეს. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ ბიოფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 30%-ით დაეცა.

Poziotinib-ის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით საკითხი მარეგულირებლის ბრიფინგის დროს, ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს დაისვა. მიმომხილველებმა ყურადღება გაამახვილეს სიცხადის ნაკლებობაზე იმის შესახებ, უზრუნველყოფდა თუ არა მედიკამენტი საკმარისი ხანგრძლივობის ეფექტიანობას ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობისას არსებულ პრეპარატებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა Daiichi Sankyo-სა და AstraZeneca-ს Enhertu.

ფოტო: AP

FDA-ს კითხვები პრეპარატის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით გამოწვეული იყო იმით, რომ პაციენტების 85%-ს, რომლებიც დღეში ერთხელ 16 მგ Poziotinib-ს იღებდნენ, აღენიშნათ სერიოზული უკუჩვენებები. აქედან გამომდინარე, მედიკამენტის დოზის შემცირება გახდა საჭირო.

სააგენტოს განცხადებით, თანამდევი მოვლენები შეიძლება შემცირდეს ალტერნატიული დოზების მიღების შემთხვევაში. თუმცა, FDA-სთვის წარდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა დოზის შემცირების შემთხვევაში პრეპარატის ეფექტიანობის შენარჩუნება.

თეთრი სახლი ოპიოიდების კრიზისის დასაძლევად $1.5 მილიარდს გამოყოფს

პარასკევს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ში ე.წ. ოპიოიდების ეპიდემიის დასაძლევად 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. შეგახსენებთ, აღნიშნული კუთხით მდგომარეობა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პიკის დროს გაუარესდა, მიუხედავად აქტივისტების, მთავრობისა და ჯანდაცვის პროვაიდერების ძალისხმევისა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოყოფილი დაფინანსება მიმართული იქნება ზედოზირების შემთხვევების შემცირებისკენ და ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელების მხარდასაჭერად. უფრო კონკრეტულად კი, ფინანსური სახსრები ხელს შეუწყობს ზედოზირების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე წვდომის გაზრდას, მათ შორის ნალოქსონზე, რომელსაც ოპიოიდების ჭარბი დოზის გაუვნებლება და ამ გზით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

დაფინანსება ასევე დაეხმარება შტატებს სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომის გაზრდასა და მენტალური აშლილობის მქონე ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობაში.

ფოტო: Tom Williams

თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ სამართალდამცავი უწყებებისთვის, რომლებიც ოპიოიდებით ზედოზირების ეპიდემიის წინა ხაზზე მუშაობენ. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ქვეყანა გეგმავს ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული გლობალური ოპერაციების კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდეს.

12 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამოყოფილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ემატება აპრილში გამოცხადებულ $275-მილიონიან დაფინანსებას, რომელიც დოზის გადაჭარბების, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ოპიოიდების ეპიდემიის დაძლევა მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2023 წლისთვის ის მოითხოვს $42,5 მილიარდის დაფინანსებას ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული პროგრამის სააგენტოებისთვის, რაც 3.2 მილიარდი დოლარით მეტია აღნიშნული მიმართულებით 2022 წელს გამოყოფილ ფინანსურ სახსრებთან შედარებით.

ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, გასულ წელს ნარკოტიკით ზედოზირებას ქვეყნის ფარგლებში 109,000 ადამიანი ემსხვერპლა.

საუდის არაბეთი SpaceX-ის ხომალდზე ორ ადგილს ყიდულობს

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, საუდის არაბეთი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ მედიასააგენტო Reuters-ი წერს.

ანონიმი წყაროების ცნობით, ქვეყანამ მიმდინარე წლის დასაწყისში შეთანხმება გააფორმა ჰიუსტონში დაფუძნებულ Axiom Space-თან, რომელიც მკვლევართათვისა და ტურისტებისთვის კოსმოსში კერძო მისიებს ახორციელებს. კომპანიას, თავის მხრივ, კონტრაქტი აქვს გაფორმებული SpaceX-თან და ფრენების შესასრულებლად ამ უკანასკნელის რაკეტასა და კაფსულას იყენებს.

როგორც ირკვევა, საუდის არაბეთის ორი ასტრონავტი SpaceX-ის Crew Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულით კოსმოსურ სადგურზე მომავალი წლის დასაწყისში გაემგზავრება და ISS-ზე დაახლოებით ერთ კვირას დაყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ არც Axiom Space-ს და არც საუდის არაბეთის კოსმოსურ სააგენტოს, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

საუდის არაბეთის ასტრონავტები მისია Ax-2-ის ფარგლებში კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ყოფილ ასტრონავტ, პეგი უიტსონსა და სარბოლო ავტომობილების მძღოლ, პილოტსა და ინვესტორ ჯონ შოფნერთან ერთად გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ ეს Axiom-ის მიერ ორგანიზებული მეორე კოსმოსური ფრენა იქნება. კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი სრულად კერძო ეკიპაჟიანი მისია მიმდინარე წლის აპრილში შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ Axiom-მა ორშაბათს თურქეთთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად, კომპანია ქვეყნის პირველი ორი ასტრონავტის კოსმოსში გაგზავნას უზრუნველყოფს. სავარაუდოდ ეს იქნება მისია Ax-3, რომელიც 2023 წლის ბოლოს განხორციელდება.

Axiom Space-ისა და საუდის არაბეთის შეთანხმების ღირებულება უცნობია. თუმცა კომპანიის პირველ მისიაზე SpaceX-ის ხომალდის ბორტზე მოსახვედრი თითოეული ბილეთი 55 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ნეპტუნი და მისი რგოლები გადაიღო

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ნეპტუნის მისთვის პირველი ფოტო გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან ერთად NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნეპტუნის რგოლების კადრზე დეტალურად აღბეჭდვის პირველი შემთხვევაა. შეგახსენებთ, NASA-ს აპარატი Voyager 2, გახდა პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც ნეპტუნს 1989 წელს, ციურ სხეულთან მიახლოების დროს დააკვირდა. ამის შემდეგ, პლანეტის გარშემო არსებული ზოგიერთი რგოლი დღემდე დაუფიქსირებელი იყო. ახლა კი, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ დაფიქსირებულ ფოტოზე ნეპტუნის გარშემო მტვრის რგოლები ნათლად არის ნაჩვენები.

ასტრონომებმა ნეპტუნი 1846 წელს აღმოაჩინეს. მას, ქიმიური შემადგენლობის გამო, აირის გიგანტს უწოდებენ. ნეპტუნი გაცილებით მდიდარია წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებით, ვიდრე მისი მეზობელი აირის გიგანტები – იუპიტერი და სატურნი. სწორედ ამიტომ, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებში პლანეტას ცისფერი შეფერილობა აქვს.

ფოტო: NASA

რაც შეეხება, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებულ ახალ სურათს, ვინაიდან კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებული კამერა NIRCam-ი ობიექტებს ინფრაწითელ სპექტრში აღიქვამს, ნეპტუნს განსხვავებული შეფერილობა აქვს. უფრო კონკრეტულად, ციური სხეულის შემადგენლობაში შემავალი მეთანი წითელ და ინფრაწითელ სინათლეს შთანთქას, რის გამოც NIRCam-ის ობიექტივში პლანეტა ბნელი ჩანს, თუმცა მის გარშემო არსებული აირის გარსის ზედა ფენებში განლაგებული ღრუბლები ფოტოზე მკვეთრად კაშკაშებს. ასევეა რგოლების შემთხვევაშიც.

გარდა ნეპტუნისა და მისი რგოლებისა, ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრებიც მოხვდნენ. აპარატმა ციური სხეულის 14 მთავრიდან კადრზე შვიდის აღბეჭდვა შეძლო, განსაკუთრებით კარგად კი ფოტოზე ტრიტონია ნაჩვენები.

ნეპტუნი ჩვენი მზის სისტემის მესამე პლანეტაა, რომელიც NASA-ს მიერ, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით, დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჯეიმს ვების ტელესკოპმა დააფიქსირა. მანამდე კოსმოსური აპარატის ობიექტივში ჯერ იუპიტერი, მოგვიანებით კი მარსი მოექცა.