გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15-დან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შოთა არველაძემ კი ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. პარალელურად, იტალიურმა კლუბებმა, „იუვენტუსმა“ და „ლაციომ“ გასული ფინანსური წელი შეაჯამეს. კატარმა კი 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: NBA-ის ვარსკვლავმა კევინ დურანტმა და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ბილი ჯინ კინგმა აშშ-ის „ფრენბურთის ლიგა 1-ში“ (LOVB) ინვესტიცია განახორციელეს; Forbes-მა კი სპორტული გუნების მფლობელი აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.
Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35 მილიონამდე გაიზარდა
Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურ „ნაპოლიში“ გადასვლის პერიოდში, მისი საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ფეხბურთელის ფასის დაახლოებით 133%-იანი ზრდა სწორედ „ნაპოლიში“ ტრანსფერის შემდეგ მიღწეულ წარმატებას უკავშირდება.
ხვიჩამ ნეაპოლელი გულშემატკივრების გული სერია A-ს პირველივე ტურებიდან მოიგო – ჩატარებული შვიდი თამაშიდან მის ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის ახალი შეფასებით, კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული მოქმედი ქართველი ფეხბურთელია. მეორე ადგილს, €20 მილიონით, გიორგი მამარდაშვილი იკავებს, რომელიც ესპანურ „ვალენსიაში“ ირიცხება. მესამე პოზიციაზე კი თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძეა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 4.3 მილიონ ევროს შეადგენს.
კატარმა 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის $200 მილიარდი დახარჯა
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის კატარმა 200 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, რუსეთის დანახარჯებს ($11.6 მილიარდი) დაახლოებით 20-ჯერ აჭარბებს.
ცნობისთვის, აქამდე მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის ყველაზე დიდი თანხა, 15 მილიონი აშშ დოლარი, ბრაზილიას ჰქონდა დახარჯული. ქვეყანამ ჩემპიონატს 2014 წელს უმასპინძლა.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, კატარმა სტადიონებზე, გუნდების ბაზებსა და გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ობიექტებზე მხოლოდ 6,5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. მათ შორის აშენდა შვიდი ახალი არენა და განახლდა ხალიფას საერთაშორისო სტადიონი.
გარდა ამისა, ტურნირის კომუნიკაციების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის, ფატმა ნუაიმის ინფორმაციით, $200 მილიარდიდან თანხის დიდი ნაწილი ახალი გზების, მეტროს, აეროპორტის, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტებისთვის დახარჯეს. მისივე განმარტებით, ეს პროექტები პროგრამა Qatar National Vision 2030-ის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა მათ გამოყენებას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებიც შეძლებენ.
კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მასში 32 ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა
შოთა არველაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე კლუბის, „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სანაკრებო პაუზის დროს შოთას რამდენჯერმე შევხვდით, რათა განგვეხილა კლუბის განვითარების გეგმა და მომავალი. შეხვედრების დროს ნათელი გახდა, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ერთმანეთს დავშორებოდით“, – განაცხადა „ჰალ სიტის“ პრეზიდენტმა, აჯუნ ილიჯალიმ.
შოთა არველაძემ ინგლისური კლუბი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. მის მიერ გაწვრთნილმა „ჰალმა“ საერთო ჯამში 30 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ცხრა მატჩი მოიგო, ექვსი ფრედ ითამაშა, ხოლო 15-ში დამარცხდა. მოცემული დროისთვის, ჩემპიონშიპის ცხრილში „ჰალი“ 11 ქულით მე-20 ადგილს იკავებს. ჩემპიონატში სულ 24 კლუბი ასპარეზობს.
„იუვენტუსმა“ ფინანსური წელი რეკორდული ზარალით დახურა
„იუვენტუსმა“ გასული ფინანსური წელი შეაჯამა, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა. ახალი ანგარიში იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, 2021/22 წლების სეზონში „იუვენტუსის“ ზარალმა 254 მილიონი ევრო შეადგინა. ეს არის ყველაზე დიდი დეფიციტი, რაც კი ოდესმე იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგა სერია A-ში ერთი კლუბის მიერ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი მილანის „ინტერს“ ჰქონდა ნაჩვენები, რომელმაც ერთ სეზონში 245.6 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი განიცადა.
ზედიზედ ხუთი წელიწადია, რაც ტურინული კლუბი ზარალს განიცდის. მაგალითისთვის, 2020/21 წლების სეზონში „იუვენტუსის“ ფინანსურმა დეფიციტმა 209.9 მილიონი ევრო შეადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში ზარალის ზრდას „იუვენტუსის“ წარმომადგენლობა კორონავირუსის პანდემიითა და მისი პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით ხსნის. აღნიშნული მიზეზით, გასულ სამ წელიწადში კლუბმა საერთო ჯამში €534 მილიონით იზარალა.
კევინ დურანტმა და ბილი ჯინ კინგმა „ფრენბურთის ლიგა 1-ში“ ინვესტიცია განახორციელეს
NBA-ის ვარსკვლავმა კევინ დურანტმა და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ბილი ჯინ კინგმა აშშ-ის „ფრენბურთის ლიგა 1-ში“ (LOVB) ინვესტიცია განახორციელეს.
როგორც ირკვევა, 2020 წელს ლოს-ანჯელესში შექმნილ სტარტაპ LOVB-ში დურანტისა და კინგის ჩათვლით ათზე მეტმა ინვესტორმა საერთო ჯამში 16.75 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.
სტარტაპის მიზანი 2024 წლისთვის აშშ-ში ფრენბურთის პროფესიონალური ლიგის ჩამოყალიბებაა. განსაკუთრებული აქცენტი კი სპორტსმენი ქალების ხელშეწყობაზე გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ LOVB-ის ინვესტორების დაახლოებით ნახევარი ქალია.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ LOVB, განსხვავებით ქალთა საკალათბურთო და საფეხბურთო ლიგებისგან (WNBA, NWSL), რომლებიც მამაკაცთა ჩემპიონატების კვალად შეიქმნა, საწყის ეტაპზევე ქალთა გუნდებზე იქნება ორიენტირებული.
გასულ სეზონში „ლაციომ“ 17 მილიონ ევროზე მეტით იზარალა
იტალიის სერია A-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა, SS Lazio-მ გასული სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 30 ივნისამდე შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს. გაირკვა, რომ 2021/22 წლების სეზონში კლუბმა 17,42 მილიონი ევროთი იზარალა.
აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, რაც „ლაციო“ ფინანსურ დეფიციტს განიცდის. თუმცა ახალ ანგარიშში დადებითი ტენდენციაც შეინიშნება – 2021/22 ლების სეზონში დაფიქსირებული ზარალის მოცულობა, 2020/21 წლების სეზონისაზე თითქმის 7 მილიონი ევროთი ნაკლებია.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ სატრანსფერო საქმიანობის გამოკლებით, კლუბის ფინანსური ბრუნვა 164.74 მილიონი ევროდან 135.25 მილიონ ევრომდე შემცირდა.
Forbes 400: სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები აშშ-ში 2022 წლისთვის
Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ Forbes 400-ში შემავალი პირების 10%-ზე მეტი სპორტული გუნდის მფლობელია.
სპორტული გუნდების უმდიდრესი ამერიკელი მფლობელების 2022 წლის რეიტინგში პირველად მოხვდა რობ უოლტონი, Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ვაჟი. მან აგვისტოში ამერიკული ფეხბურთის ლიგაში, NFL-ში მოასპარეზე გუნდი Denver Broncos-ი $4.65 მილიარდად შეიძინა. რეიტინგში ასევე პირველად შევიდა საინვესტიციო ფირმა Eldridge Capital-ის მფლობელი, ტოდ ბოლი, რომლის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებულმა კონსორციუმმა გაზაფხულზე ლონდონის „ჩელსი“ £4.25 მილიარდად ($4.59 მილიარდი) იყიდა.
ზედიზედ მერვე წელია, აშშ-ში სპორტული გუნდის მფლობელ უმდიდრეს ადამიანად სახელდება NBA-ში მოასპარეზე Los Angeles Clippers-ის მესაკუთრე სტივ ბალმერი, რომელიც მერვე ადგილს იკავებს The Forbes 400-ის საერთო რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ ბალმერი, რომელიც Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2000 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, კომპანიაში აქციებს დღემდე ფლობს. მისი შემოსავლის ძირითად წყაროსაც სწორედ ეს წარმოადგენს. ცნობისთვის, სტივ ბალმერმა „Clippers“-ი 2014 წელს დონალდ სტერლინგისგან 2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. ახლა ის NBA-ის მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომელიც 3.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
საერთო ჯამში წლევანდელ Forbes 400-ში შემავალი პირებიდან სპორტული გუნდის მფლობელი 50 მათგანია. აღსანიშნავია, რომ შარშან ეს რიცხვი 43-ს უდრიდა. Forbes 400-ის 17 წევრი NFL-ის (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა) გუნდს ფლობს, 14 – NBA-ის (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია), 12 – NHL-ის (ჰოკეის ეროვნული ლიგა), 9 კი MLB-ის (ბეისბოლის მთავარი ლიგა) გუნდის მესაკუთრეა. უოლტონისა და ბოლის გარდა, რეიტინგში პირველად მოხვდნენ რობერტ „ვუდი“ ჯონსონი (New York Jets), ჯო მანსუეტო (Chicago Fire FC) და როჯერ პენსკე (Team Penske).
Forbes 400-ში შემავალი, სპორტული გუნდების მფლობელი პირებიდან ნახევარზე მეტი (28) ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.
წარმოგიდგენთ სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების 2022 წლის რეიტინგის პირველ ათეულს Forbes 400-ზე დაყრდნობით (ქონება 2022 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობითაა შეფასებული):
სტივ ბალმერი
გუნდი: Los Angeles Clippers
სიმდიდრის წყარო: Microsoft
წმინდა ქონება: $83 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: -14%)
რობ უოლტონი
გუნდი: Denver Broncos
სიმდიდრის წყარო: Walmart
წმინდა ქონება: $56.7 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: -16,1%)
დეივიდ ტეპერი
გუნდი: Carolina Panthers, Charlotte FC
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
წმინდა ქონება: $18.5 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: 17,1%)
რობერტ პერა
გუნდი: Memphis Grizzlies
სიმდიდრის წყარო: უსადენო ქსელების აღჭურვილობა
წმინდა ქონება: $17.6 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: -7.4%)
სტივენ კოენი
გუნდი: New York Mets
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
წმინდა ქონება: $17.5 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: 9.4%)
დენიელ გილბერტი
გუნდი: Cleveland Cavaliers
სიმდიდრის წყარო: Quicken Loans LLC
წმინდა ქონება: $17.3 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: -44%)
ჯერი ჯონსი
გუნდი: Dallas Cowboys
სიმდიდრის წყარო: Dallas Cowboys
წმინდა ქონება: $16 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: 75.8%)
სტენ კრონკე
გუნდი: Los Angeles Rams, Arsenal F.C., Denver Nuggets, Colorado Avalanche, Colorado Rapids
სიმდიდრის წყარო: სპორტი, უძრავი ქონება
წმინდა ქონება: $12.9 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: 20,6%)
სტივენ როსი
გუნდი: Miami Dolphins
სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება
წმინდა ქონება: $11.6 (1-წლიანი ცვლილება: 39,8%)
შაჰიდ ხანი
გუნდი: Jacksonville Jaguars, Fulham F.C.
სიმდიდრის წყარო: ავტონაწილები
წმინდა ქონება: $11.2 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: 31.8%)