რატომ განთავსდა PORSCHE-ს აქციები საფონდო ბირჟაზე? – გერმანული ბრენდის წარმატების ისტორია

რატომ განთავსდა PORSCHE-ს აქციები საფონდო ბირჟაზე? – გერმანული ბრენდის წარმატების ისტორია

Porsche წარმატების, გამარჯვებისა და რეკორდების მრავალწლიანი ისტორიაა. მსოფლიოში სულ რამდენიმე ბრენდს თუ აქვს ისეთი აღიარება და ლეგენდარული სტატუსი, როგორიც ამ გერმანულ ავტომწარმოებელს.

Porsche პერიოდულად თითქმის ყოველთვისაა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, იქნება ეს ახალი მოდელის პრეზენტაციით, რბოლაში მორიგი გამარჯვებითა თუ ნურბურგრინგზე დამყარებული ახალი რეკორდით, თუმცა ამჯერად ის ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) გამო აღმოჩნდა.

ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე კომპანია Porsche-ს აქციების განთავსებამ ნამდვილად გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს. IPO-ს მოცულობამ 75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამჟამად კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 82 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

სულ რაღაც ორ კვირაში Porsche-მ კაპიტალიზაციით მის მშობელ კომპანია Volkswagen-საც გადაუსწრო და ამჟამად ის ევროპის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, გლობალურ რეიტინგში კი – მესამეს, Tesla-სა და Toyota-ს გვერდით.

მიუხედავად ამ გასაოცარი შედეგისა, მაინც უნდა ითქვას, რომ ეს Porsche-ს რეალური საბაზრო ღირებულება არ არის. საქმე ისაა, რომ საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების მხოლოდ მცირე ნაწილი, კერძოდ, 12.5%-ია განთავსებული, რაც კომპანია Porsche-ს უაღრესად კომპლექსური მფლობელობისა და მენეჯმენტის სტრუქტურითაა განპირობებული.

მართალია, ავტომობილების მწარმოებელი Porsche AG-ის აქციებს 75%-ს კომპანია Volkswagen-ი აკონტროლებს, თუმცა თავად Volkswagen-ი ჰოლდინგური კომპანიის, Porsche Holding SE-ის მფლობელობაშია, რომელსაც, თავის მხრივ, პორშესა და პიეხის ოჯახები აკონტროლებენ.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე გატანილი აქციებს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, რაც იმას გულისხმობს, რომ ინვესტორები უშუალოდ ვერ მიიღებენ მონაწილეობას დირექტორთა საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიუხედავად ამისა, Porsche-ს აქციების მიმართ ინვესტორების ინტერესი მაინც უჩვეულოდ მაღალია, ეს ყველაფერი კი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის, რეცესიის განვითარების რისკებისა და ამერიკულ საფონდო ბირჟებზე არსებული აშკარა Bear Market-ის ფონზე.

Porsche-ს კომპლექსური ისტორია 1931 წელს ავსტრიელი ინჟინრის, ფერდინანდ პორშეს მიერ ავტომობილების საწარმოს დაფუძნებას უკავშირდება. თავად ფერდინანდი ადოლფ ჰიტლერის რჩეული ინჟინერი იყო და მის კალამს არაერთი გერმანული ტანკის, გამანადგურებლისა თუ იარაღის დიზაინი ეკუთვნის. უშუალოდ თანამედროვე Porsche-ს ცოტა რამ აქვს საერთო თავად ფერდინანდთან, გარდა, რა თქმა უნდა, სახელისა და Volkswagen Beetle-ისა, რომელიც უშუალოდ ჰიტლერის ბრძანებით, ფერდინანდმა შექმნა გერმანიის მოსახლეობისათვის.

პირველი რეალური Porsche 1948 წელს გამოშვებული მოდელ 356 იყო, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული Beetle-ის პლატფორმაზე და დეტალებსაც სწორედ VW-ს ბიუჯეტურ „ხოჭოსთან“ იზიარებდა.

მართალია, ეს Porsche-ს, როგორც კომპანიის დასაწყისი იყო, თუმცა რეალურად ლეგენდარული ფუნდამენტი, რომელზეც ამჟამად გერმანული ბრენდი დგას, ფერდინანდის ვაჟს, ფერი პორშეს და პირველ 911-ს უკავშირდება, მანქანას, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ავტოინდუსტრია.

ზოგადად, Porsche სრულყოფისა და ევოლუციის მრავალწლიანი ისტორიაა, 911-ის ყოველი ახალი ვერსია წინამორბედზე უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებულია, თუმცა არასოდეს ზედმეტად შეცვლილი. Porsche-ს მისტიკურობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, 911 საუკეთესო სპორტული ავტომობილის რეცეპტია, რომელსაც წლებთან ერთად მხოლოდ განახლება სჭირდება, თუმცა არასოდეს ფუნდამენტურად შეცვლა.

ავტომრბოლელთა და ექსპერტთა უმრავლესობა Porsche 911-ს ყველა დროის საუკეთესო სპორტულ ავტომობილად მიიჩნევს, ამ მოსაზრებას კი რბოლებში Porsche-ს ასობით გამარჯვება და რეკორდი ცხადყოფს. ნურბურგრინგის ამჟამინდელი რეკორდის მფლობელიც სწორედ Porsche 911 GT2 RS-ია, რომელმაც „მწვანე ჯოჯოხეთის“ ლეგენდარული წრე 6 წუთსა და 43 წამში გაიარა.

გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera, Macan და Cayenne ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება. გარდა ამისა, Porsche-მ ახალი ელექტრონული სარბოლო კონცეპტი Mission R-იც წარადგინა, რომელიც კომპანიის სამომავლო მიმართულებაზე გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის.

აგრეთვე, არ უნდა დაგვავიწყდეს Porsche-ს ლიმიტირებული წარმოების ავტომობილებიც, მაგალითად: ჰიბრიდული ჰიპერქარი Porsche 918; ლეგენდარული 10-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი Carrera GT; ლე-მანის ტრასაზე რბოლისათვის შექმნილი 911 GT1 და Porsche 959, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი იყო, 317-კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარით.

მსგავსი მრავალფეროვანი პორტფელითა და ლეგენდარული სტატუსით, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რატომ იჩენენ ინვესტორები Porsche-ს მიმართ ასეთ ინტერესს. მართალია, $82-მილიარდიანი კაპიტალიზაცია ნამდვილად გასაოცარი შედეგია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საფონდო ბირჟაზე Porsche-ს აქციების მხოლოდ 12.5%-ია განთავსებული. კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ ამჟამად ინვესტორები 90 დოლარს იხდიან, იმ შემთხვევაში კი, თუ ბირჟაზე Porsche-ს აქციების 100% განთავსდება და მოთხოვნა ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 620 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც Porsche-ს პირდაპირ აქცევს Tesla-ს კონკურენტად, რომლის კაპიტალიზაციაც 685 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

პორშეს მმართველი ოჯახის მიერ კომპანიის აქციების ნაწილის საფონდო ბირჟაზე გატანის მიზანი საკმაოდ მარტივია – კაპიტალის ბაზარი დამატებითი მატერიალური რესურსების მოზიდვის ერთ-ერთი ყველზე ეფექტიანი გზაა. IPO-ს შედეგად Volkswagen-მა უკვე მიიღო თითქმის 9 მილიარდი დოლარი, აღნიშნული თანხის ნაწილი კი გერმანული კონგლომერატის ელექტრიფიკაციის ამბიციურ სტრატეგიას უნდა მოხმარდეს, რათა Volkswagen-ის შვილობილმა კომპანიებმა, მათ შორის, Audi-მ და Porsche-მ ამჟამინდელი გლობალური ლიდერის, Tesla-ს გადასწრება შეძლონ.

მართალია, ტრადიციული ავტომობილების წარმოებაში Porsche უბადლოა და მას ამ მიმართულებით კონკურენციას Tesla ვერ უწევს, თუმცა ავტოპილოტით აღჭურვილი ელექტრომობილების წარმოებაში უპირატესობა ამჟამად ილონ მასკის კომპანიას აქვს.

Porsche-ს მრავალწლიანი ისტორია მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს, ეს გერმანული ბრენდი დამარცხებას ნამდვილად არ არის მიჩვეული. სარბოლო ტრასების მბრძანებელი კი ამჟამად პრემიუმ-ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე ლიდერობის მოპოვებას გეგმავს, Porsche-ს აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებაც სწორედ ამ ამბიციურ მიზანს ემსახურება.