სხარტი, კვალიფიციური და კომფორტული – ასე ახასიათებენ სალომე გორგოძე და ციცია ჯავახიშვილი მათ მიერ შექმნილ იურიდიულ კომპანიას, რომელსაც Dots legal-ი დაარქვეს. კომპანია დაახლოებით 2,5 წლის წინ დაფუძნდა და უკვე საერთაშორისო ბაზარზეც იკიდებს ფეხს. სალომეს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, ციციას – საჯარო სექტორსა და საერთაშორისო კომპანიაში. სტუდენტობის პერიოდში დამეგობრებულებმა გამოცდილებები 2020 წელს პანდემიის დაწყებისთანავე გააერთიანეს და, მათივე თქმით, თანამედროვე იურიდიული კომპანია შექმნეს, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს იურიდიულ დახმარებას უწევს. როგორია ახალგაზრდა იურისტების ხედვა თანამედროვე იურიდიული მომსახურების შესახებ და რა მასშტაბებზე გასვლას აპირებს Dots legal-ი, ამაზე Forbes Georgia-ს თავად უყვებიან.
დავიწყოთ კომპანიის ჩამოყალიბების ისტორიით. როგორც ვიცით, Dots legal-ის შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. რა გახდა ამის საფუძველი?
იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული გვქონდა. ვფიქრობდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შევქმნიდით საკუთარ იურიდიული კომპანიას, რომელიც თანამედროვე მიდგომებით, ახალგაზრდული, მოქნილი, ევროპული ხედვებით იქნებოდა გამორჩეული. გამოვიდა, რომ ჩვენს სურვილს და იდეას ფრთები პანდემიის დროს შევასხით. როცა ყველაფერი ჩაიკეტა და ჩვენც სახლში ვისხედით, დრო გამოთავისუფლდა, ენერგია და რესურსი გვქონდა, ამას თან დაერთო ისიც, რომ ბიზნესების მხრიდან იურისტებზე დიდი მოთხოვნაც გაჩნდა. როგორც იცით, მაგალითად, ლოკდაუნის გამო დაკეტილ კვების ობიექტებს შემოსავალი შეუჩერდათ, შეექმნათ პრობლემები მომწოდებლებთან, თანამშრომლებთანაც ვალდებულებები გასასტუმრებელი ჰქონდათ, კონტრაქტებში ზოგს ფორსმაჟორი ეწერა, ზოგს – არა. ესეც პრობლემა იყო. ამიტომ ყველამ დაიწყო გამოსავლის ძიება და იურისტებზე მოთხოვნაც გაიზარდა. სწორედ ამ ვითარებაში დავიწყეთ ოპერირება და თითქოს ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ძალიან მალე იმდენად ბევრი საქმე გაგვიჩნდა, რომ არც ველოდით. ერთ წელიწადში კი უკვე გამართული იურიდიული კომპანია ვიყავით.
რამ განაპირობა თქვენი სწრაფად ჩამოყალიბება? პანდემიის დროს გაჩენილი მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ არსებული იურიდიული კომპანიები ვერ აუდიოდნენ?
ალბათ უფრო კმაყოფილმა მომხმარებელმა. ამ პროცესს ჯაჭვურ რეაქციას ვეძახით ხოლმე – როცა ერთი კომპანია მომსახურებით კმაყოფილი რჩება, შემდეგ ის სხვა კომპანიასთან გიწევს რეკომენდაციას, ის სხვა კიდევ სხვასთან და ასე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც. საბოლოო ჯამში კონტაქტებია გადამწყვეტი. ამავდროულად, სწრაფად ზრდას ჩვენს მიზანდასახულობასაც მივაწერ. დავიწყეთ ორმა და უკვე ექვს ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა, აუტსორსზე გვყავს კიდევ რამდენიმე სპეციალიზებული იურისტი.
თქვენი პორტფელი ორ ნაწილად იყოფა – დავები და იურიდიული კონსულტაცია. რომელი ჭარბობს?
ზოგადად ბიზნესსექტორს ვთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გამართული ოპერირებისთვის, იქნება ეს შიდა სამართლებრივი დოკუმენტების მოწესრიგება, მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვა თუ სამეწარმეო და კერძო დავების წარმოება. ალბათ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იურიდიული კონსულტაციის ე.წ. კონსალტინგის მხრივ მომართვიანობა უფრო ჭარბობს, ვინაიდან ნელ-ნელა უკვე ყალიბდება იურისტის კულტურა და კერძო კომპანიები წინასწარ ცდილობენ შესაძლო რისკების დაზღვევას მომავალი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც, თავის მხრივ, ნაკლებ სასამართლო დავას უდრის.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი დავა სასამართლოში დიდხანს გრძელდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მხარეებს დავის მოგვარების სხვა გზებიც შევთავაზოთ, მაგალითად – არბიტრაჟი, მედიაცია. ამ მიმართულებით აქტიურად ვლობირებთ, ვინაიდან ეს ბიზნესისთვის ძალიან კომფორტულია, არ არის დროში გაწელილი და ასევე ნაკლებხარჯიანიცაა. ამგვარად, არაერთ დავაზე გვიმუშავია, რომლებიც სასამართლომდე არც მისულა. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ბიზნესები, ასევე ფიზიკური პირებიც, რომელთაც იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ვუწევთ.
საქართველოს ბაზარზე ბევრი იურიდიული კომპანიაა. როგორ უწევთ მათ კონკურენციას? რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი იურისტი და ყოველ წელს ასობით კურსდამთავრებულია, ძალიან რთულია კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით სარგებლობა და კვალიფიკაციასთან ერთად თანამედროვე და ურთიერთობისას მარტივი, კომფორტული, პოზიტიური მომსახურების მიღება. ჩვენთან ურთიერთობა კი სწორედ ამ კრიტერიუმების გამო არის სასიამოვნო გამოცდილება. ჩვენ ვართ ძალიან მოქნილი, მომხმარებელთან ვურთიერთობთ ყოველგვარი ბიუროკრატიული სირთულეების გარეშე. ზოგადად იურისტები „მძიმე“ პროფესიის ადამიანებად მიიჩნევიან, რომლებიც რთული ტერმინოლოგიით საუბრობენ. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მარტივები, თუმცა ხარისხიანები და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ის პრობლემა, რის გამოც მოგვმართა, მაქსიმალურად სწრაფად, სხარტად და კომფორტულად მოვუგვაროთ. ეს იწვევს ჩვენსა და მომხმარებელს შორის ნდობის ჩამოყალიბებას. ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესშიც ამას ვითვალისწინებთ – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გუნდის წევრებსაც ანალოგიური მიდგომა ჰქონდეთ მომხმარებლებთან.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, როგორ მოახერხეთ?
ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 40% უცხოური ბიზნესკომპანიები არიან, რაშიც ძალიან დიდი როლი ითამაშა პროფესიულ ქსელში ჩვენმა პირადმა კონტაქტებმაც. მე და ციცია წლების განმავლობაში ვსაქმიანობდით საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ საქართველოს ეროვნულ გამგეობაში, რომელიც ევროპის 42 ქვეყნის მასშტაბით იურისტებს აერთიანებს. ამ პერიოდში ჩვენმა საქმიანმა რეპუტაციამ მოგვიტანა ძალიან დიდი ნდობა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების წარმატების გასაღები გახდა. უფრო კონკრეტულად, მაშინ როდესაც ჩვენს უცხოელ კოლეგას საქართველოში იურიდიული მომსახურება სჭირდება, ბაზრის დამატებითი კვლევის გარეშე პირდაპირ ჩვენთან კონტაქტზე გამოდის, და ასევე ჩვენ, როდესაც ჩვენს მომხმარებელს საზღვარგარეთ სჭირდება იგივე მომსახურება, ჩვენი პირადი, საქმიანი კონტაქტებით მარტივ და სწრაფ კომუნიკაციას ვახდენთ, რაც დამატებითი და იშვიათი კომფორტია დამკვეთისთვის. ევროპული ბაზრის გარდა ასევე აზიურ ბაზარზე გავედით და აქტიურად ვოპერირებეთ როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ახლო აღმოსავლეთთან და ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრისთვისაც.
ვინ არიან Dots Legal-ის მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლების პროფილები საკმაოდ ჭრელია. მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, როდესაც დაგვიკავშირდნენ ფინტექ-მიმართულებით, ასევე კრიპტოვალუტებზე მომუშავე კომპანიები და გვთხოვეს საქართველოს ბაზრის კვლევა, შემდეგ კი იურიდიული კონსულტაცია და ა.შ.
თქვენ ახსენეთ, რომ მომხმარებლების 40% უცხოური ბიზნესები არიან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. თქვენი დაკვირვებით, რა არის მათი ძირითადი წუხილი? რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში, რომელთა გადაჭრაშიც თქვენი დახმარება სჭირდებათ?
მათთვის საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულთან საკმაოდ დაახლოებულია, გამოკვეთილი პრობლემა ევროპული ქვეყნების ბინზესებისთვის საქართველოში საქმის საწარმოებლად არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რიგი საკითხები, რომლებშიც აუცილებელია ადგილობრივი იურისტის კონსულტაცია და სამართლებრივი კვლევა მარტივი ადაპტირების კუთხით. განსაკუთრებით უცხოა და რთულია ჩვენი სამართლებრივი სისტემა აღმოსავლეთ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც უჭირთ დამატებით ბიუროკრატიასთან ადაპტირება.
პორტფოლიოში მითითებული გაქვთ სტარტაპერების მხარდაჭერაც. რას სთავაზობს მათ Dots legal-ი?
Dots-ი ქართული ბიზნესის დიდი მხარდამჭერი და ქომაგია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული წარმოების განვითარებასა და მათ წარმატებაში წვლილის შეტანას. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყანაში დოვლათის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენც გაგვზრდის და ჩვენს კომპანიასაც. გარდა ამისა, კარგი გრძნობაა, როდესაც რაღაცის განვითარებაში შენი წვლილი შეგაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაიბადა იდეა, მხარი დაგვეჭირა სტარტაპერებისთვის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. მათ უფასო ან მიზერულ ფასად ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციას გარკვეული ვადით. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.
რა არის თქვენი სამომავლო განვითარების სტრატეგია? სად ხედავთ თქვენს კომპანიას ხუთ წელიწადში?
ხუთი წლის პერსპექტივით ვფიქრობთ, რომ ვიქნებით სრულმასშტაბიანი, კომფორტული, განსხვავებული და, რაც მთავარია, კვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანია. არ გვაქვს ორწლიანი გეგმა, ჩვენ ძალიან გრძელვადიანად ვუყურებთ Dots legal-ის განვითარებას. აქ მუშაობა პრესტიჟი უნდა იყოს დასაქმებულისთვის, ხოლო მომხმარებლებისთვის ეს უნდა იყოს პირველი კომპანია, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავენ. გვაქვს ასევე მკაცრად განსაზღვრული ფინანსური გეგმა, ვფიქრობთ მუდმივ განვითარებაზე, რის გამოც მხოლოდ რეინვესტირებაზე ვართ ორიენტირებული. ეს კომპანიის ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. გაჩერებას არ ვაპირებთ.