ამერიკელი ხელოვანის, ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი, სახელწოდებით „შუგარ რეი რობინსონი“ 17 ნოემბერს, ნიუ-იორკში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე 32.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას მინიმუმ 35 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებდა.
საკომისიოს გამოკლებით, ნამუშევარში გადახდილმა თანხამ $28.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ირკვევა, „შუგარ რეი რობინსონი“ აუქციონზე გასაყიდად ლასვეგასელმა მილიარდერმა, ლორენცო ფერტიტამ გაიტანა.
აქამდე, ბოლოს აღნიშნული ნამუშევარი აუქციონზე 2007 წელს გამოჩნდა. მაშინ ხელოვნების ნიმუში 7.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
ჟან-მიშელ ბასკიამ, რომელიც 27 წლის ასაკში 1988 წელს გარდაიცვალა, „შუგარ რეი რობინსონი“ 1982 წელს შექმნა. როგორც Christie’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, ის ამერიკელი ხელოვანის გენიალურობის მრავალი ასპექტის კულმინაციას წარმოადგენს.
ნამუშევარზე, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, პროფესიონალი ამერიკელი მოკრივე შუგარ რეი რობინსონია ასახული. ცნობისთვის, მას 201 ბრძოლიდან გამარჯვება 174-ში აქვს მოპოვებული. შუგარ რეი რობინსონი კრივში 1940 წლიდან 1965 წლამდე ასპარეზობდა.