„თიბისის“ ხელშეწყობით, ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა – ამიერიდან „თიბისის“ მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებსა და ჭკვიან საათებს იყენებენ, Google-ის მარტივი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების სისტემის, Google Pay-სა და ციფრული საფულის, Google Wallet-ის გამოყენება შეუძლიათ.
მარტივად რომ ვთქვათ, Google Pay-ის საშუალებით მობილური ტელეფონით გადახდა შესაძლებელი ხდება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდის POS-ტერმინალები არის განთავსებული. ამასთანავე, საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათების გარდა, ციფრულ საფულეში მომხმარებლები სამგზავრო ბარათებისა და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვასაც შეძლებენ, რითაც „თიბისის“ მომხმარებლები საუკეთესო მრავალმხრივ გამოცდილებას მიიღებენ.
„კომპანიის არსებობის ოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში, „თიბისი“ ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას, – აღნიშნავს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი. – მომხმარებლისთვის მოწინავე და ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას დღესაც ვაგრძელებთ. „თიბისის“ სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. მოხარულნი ვართ, რომ ამიერიდან Google Pay-ის მეტად სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციების ფუნქციონალის ინტეგრირებით, „თიბისის“ მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო გამარტივდება“.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Google Pay-ის ერთ-ერთი უპირატესობა – მისი უსაფრთხოებაა, რომელიც „თიბისის“ მიერ უზრუნველყოფილ დაცვის შრეებთან ერთად მოქმედებს. საქმე ისაა, რომ Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქცია უნიკალური ვირტუალური ბარათის ნომრით და უსაფრთხოების დინამიკური და მუდმივად ცვალებადი კოდით ხორციელდება. საინტერესოა ისიც, რომ მობილური ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს ციფრულ საფულეში დამატებული ბარათების დაბლოკვა, პირადი მონაცემების დისტანციურად წაშლა და ახალი პაროლის დაყენება შეუძლია – ამისთვის მან „Find My Device“-ით უნდა ისარგებლოს.
უსაფრთხოების გარდა, Google Pay-ის დახმარებით, გაცილებით მარტივდება ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულება, ხოლო სმარტფონი, რომელსაც ისედაც ყოველდღიურად ვიყენებთ, დამატებით დატვირთვას იძენს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს გაციფრულებას და ქართული ეკონომიკის უნაღდო მოდელთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებას უზრუნველყოფს.
თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, Google Play Store-დან Google Wallet-ის აპლიკაცია ჩამოტვირთეთ და მარტივ ინსტრუქციების მიჰყევით. თიბისისა და Google-ის ერთობლივ უახლეს ფუნქციონალთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის კი ამ ბმულს ეწვიეთ.