Nike-მა კაირი ირვინგთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Nike-მა კაირი ირვინგთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Nike-სა და NBA-ის ვარსკვლავ კაირი ირვინგს შორის მრავალმილიონიანი პარტნიორობა ოფიციალურად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ამერიკულ Forbes-ს დაუდასტურა.

შეგახსენებთ, Nike-მა დაახლოებით ერთი თვის წინ ირვინგის ბრენდის ახალი სპორტული ფეხსაცმლის, Kyrie 8-ის გამოსვლა შეაჩერა მას შემდეგ, რაც კალათბურთელმა სოციალურ ქსელში ანტისემიტური შინაარსი კონტენტი გაავრცელა.

„კაირი ირვინგი აღარ არის Nike-ის პარტნიორი სპორტსმენი“, – ასეთი პასუხი გასცა კომპანიის სპიკერმა ამერიკულ Forbes-ს.

ცნობისთვის, კაირი ირვინგმა Nike-თან კონტრაქტი 2011 წელს გააფორმა. მისი ბრენდის პირველი ფეხსაცმლის დებიუტი კი 2014 წელს შედგა. ირვინგმა 2019 წელს Nike-სგან $11 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც Forbes-ის შეფასებით, აღნიშნულ წელს ფეხსაცმელებთან დაკავშირებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იყო NBA-ში.

Forbes-ის დათვლებით, გასულ წელს ირვინგმა მსგავსი გარიგებებიდან საერთო ჯამში 17 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მისი უდიდესი ნაწილი კი სწორედ Nike-თან თანამშრომლობის წყალობით.

უნდა ითქვას, რომ ირვინგმა ბოლო პერიოდში საკმაოდ იზარალა. ვინაიდან კორონავირუსის პიკის დროს კალათბურთელმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მას გასულ წელს „ბრუკლინის“ უმეტეს საშინაო თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს. შედეგად, 2021-2022 წლების სეზონის ხელფასიდან NBA-ის ვარსკვლავმა დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.