კომპანია Adobe საკუთარ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სურათების გაყიდვას იწყებს.
Adobe Stock მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმაა საავტორო უფლებების დაცვით ფოტოსურათების ლეგალურად შესაძენად. აღნიშნულ სერვისს განსაკუთრებით ხშირად მედიაპლატფორმები და გამოცემები იყენებენ.
ახლა უკვე Adobe-ს პლატფორმაზე არტისტებს არამარტო საკუთარი ნამუშევრების, არამედ AI-ის მიერ გენერირებული მასალების განთავსებაც შეეძლებათ, იქნება ეს Midjourney-სა თუ DALL-E-ს მიერ შექმნილი სურათები თუ კომპოზიციები.
ხელოვნების სფეროში AI უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათები კი ტექნიკური თუ არტისტული თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება რეალური არტისტების შემოქმედებას, ამას ისიც ცხადყოფს, რომ AI-ს მიერ შექმნილმა რამდენიმე ნიმუშმა საერთაშორისო კონკურსშიც მოახერხა გამარჯვება.
ექსპერტების ნაწილის შეფასებით, Adobe-ს გადაწყვეტილება არასამართლიანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ბაზრიდან რეალური შემოქმედების, ფოტოგრაფების, გრაფიკული დიზაინერებისა და მხატვრების განდევნას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ AI-ს ერთდროულად ათასობით ნიმუშის დაგენერირება და მოთხოვნებთან ადაპტირება შეუძლია, რაც რეალური ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია.
Adobe-სგან განსხვავებით, საკუთარ პლატფორმაზე AI-ს დაშვებისგან თავს იკავებს Getty Images. კომპანიის დირექტორის განმარტებით, AI ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისა და ხელოვნების ბაზრის პრინციპების დარღვევის რისკებს შეიცავს.
1982 წელს დაფუძნებული Adobe მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 154 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის Photoshop-ის, Premier-ის, After Effects-ისა და Illustrator-ის მეშვეობით ვიზუალური ხელოვნების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.