სანამ დიდ მოლებს გავაჩენთ ქალაქის განაპირა ტერიტორიებზე, სჯობს ჯერ ხელი შეეწყოს სავაჭრო ფუნქციების განვითარებას ქალაქის განაშენიანების ფარგლებში არსებული რესურსის გონივრული გამოყენებით და ისეთ უკვე ჩამოყალიბებულ საცხოვრებელ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ფუნქციების ნაკლებობაა.
შენობაში მოქცეული სავაჭრო სივრცეები ჯერ კიდევ ძველ რომში გვხვდება. რომის ტრაიანეს ბაზარი აშენებულია ჩვ.წ. 100-110 წელს. შუა საუკუნეებიდან არსებობს გადახურული სავაჭრო ფართები ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. ისინი დღევანდელი სავაჭრო ცენტრებისა და ე.წ. მოლების წინამორბედებად შეიძლება ჩაითვალონ.
ქალაქგანვითარების კუთხით თუ შევხედავთ, საცალო ვაჭრობა შეიძლება ორ ძირითად ტიპად დავყოთ. პირველი არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში განთავსებული მაღაზიები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში მაღაზიათა რიგის სახით მთელ ქუჩებს, ან შენობათა ქვედა სართულებს მოიცავენ. მეორე სახეობაა სავაჭრო ცენტრები, სადაც ერთ შენობაში -ბევრი მაღაზიაა მოქცეული. ასეთი ცენტრები შეიძლება იყოს როგორც ქალაქის შუაგულში, ასევე მის პერიფერიაზე.
თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში ორივე ტიპის სავაჭრო ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გვხვდება, თუმცა მათი საწყისები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. პირველი ტიპის განთავსება უფრო მეტად ახასიათებს ევროპულ ქალაქებს, სადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისტორიულად იყო შერეული ფუნქციები. ერთ არეალში არსებობდა როგორც საცხოვრებელი სახლები, ხშირად პირველ სართულზე განლაგებული საამქროებით, ასევე ადმინისტრაციული შენობები და ვაჭრობა. ფუნქციების ამგვარ მრავალფეროვნებას ქალაქგეგმარებაში შერეული გამოყენების ანუ კომპაქტური ქალაქი ეწოდება. ასეთი გარემოს ხელშეწყობა თანამედროვე ურბანული დაგეგმარების ერთი-ერთი პრიორიტეტი და მიზანია მდგრადი ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა ფუნქციისადმი – საცხოვრებლის, რეკრეაციის, მუშაობისა და ვაჭრობისადმი წვდომა მიზანშეწონილია, იყოს ფეხით სასიარულო მანძილზე. როდესაც ეს ყველაფერი შერეულია საქალაქო ცენტრებსა და უბნებში, მინიმუმამდე დადის ავტომობილების გამოყენების საჭიროება და შესაძლებელია მოკლე მანძილზე ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ზოგადად იკლებს სატრანსპორტო გადატვირთვა, ხმაური და გამონაბოლქვი, უმჯობესდება ეკოლოგიური გარემო. შედეგად მაღლდება ურბანული გარემოს მიმზიდველობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქალაქის ეკონომიკაზე. ფეხით და ველოსიპედით სიარული დადებითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ცნობილია, რომ საცალო ვაჭრობის ყველაზე მაღალი მონაცემები არის ფეხით მოსიარულეთა ზონებში. დანიელმა ქალაქმგეგმარებელმა და ურბან-დიზაინერმა იან გელმა, თავისი წიგნისათვის “ქალაქები ადამიანებისთვის” , ჩაატარა კვლევა ევროპის რამდენიმე ქალაქში, სადაც გამოავლინა ერთი კანონზომიერება – ყავის გაყიდვები ბევრად უფრო მაღალი იყო ფეხით მოსიარულეთა ზონებში, ვიდრე ქალაქის სხვა ნაწილებში. შერეული ქალაქგეგმარებითი ზონირებით სავაჭრო ობიექტების ამგვარი ორგანიზების ხელშეწყობა საშუალებას აძლევს ადამიანებს ქალაქში სიარულისას, სამსახურთან ან საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჰქონდეთ მაღაზიებთან წვდომის საშუალება. ტურისტებისათვის ერთმანეთთან შეთავსებულია ქალაქის დათვალიერება, შესვენება კაფეებში და “შოპინგი”. ასეთი შერეული ფუნქციების ქალაქები უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და ხალხმრავალ არეალებში მაღალია ეკონომიკური აქტივობა.
ევროპული ქალაქის, ეგრეთ წოდებული ორგანული ქალაქის პრინციპებით არის განვითარებული ასევე ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებიც, რომლებიც ევროპელმა ახალმოსახლეებმა დააარსეს: ბრიტანელებმა – ბოსტონი, ჰოლანდიელებმა – ნიუ-იორკი, რომელიც შემდეგ ასევე ბრიტანელების ხელში გადავიდა. დასავლეთ სანაპიროს ათვისება უფრო მოგვიანებით მოხდა, უკვე ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს პირობებში, როდესაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწის ნაკლებობა შეინიშნებოდა. შუა დასავლეთისა და დასავლეთის სანაპიროს ქალაქები უკვე ნაკლებად ან აღარ ატარებენ ევროპული ქალაქის ნიშნებს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკას ბედის მაძიებელ ემიგრანტთა დიდი რაოდენობა მოაწყდა. ქალაქები ძალზე გადაიტვირთა შეჭირვებული მოსახლეობით, გაჩნდა ფართის ნაკლებობა, იმატა ანტისანიტარიამ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განსაკუთრებით, მთელ მსოფლიოში იმძლავრა მოდერნისტულმა ქალაქგეგმარებამ, რომელიც უარს ამბობდა შერეული ფუნქციების ევროპულ ქალაქზე და მიზნად ისახავდა განცალკევებული ფუნქციების ქალაქის შექმნას, სადაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში იყო გამოყოფილი ცალ-ცალკე ზონები საცხოვრებლად, სამუშაოდ, დასასვენებლად, სავაჭროდ და მანძილების დასაფარავად გამოიყენებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პირადი ავტომობილები. მოდერნისტული ქალაქგეგმარების თანახმად, რომლის ყველაზე ცნობილი ლიდერი გახლდათ ლე კორბუზიე, გაზრდილი ურბანიზაციის პირობებში ძველი ქალაქის ტიპი ვერ პასუხობდა ახალ მოთხოვნებს და უნდა მომხდარიყო მასზე უარის თქმა სრულიად ახალი სტრუქტურის ქალაქით ჩანაცვლებით. ამ მიდგომამ ამერიკაშიც დიდი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე და შეიქმნა მთელი ქალაქები და უბნები, სადაც უზარმაზარი არეალები ეთმობოდა მხოლოდ ერთ ფუნქციას. ამიტომ საცხოვრებელი ადგილიდან სამსახურში და უკან, დასასვენებლად და სავაჭროდ წასასვლელად საჭირო გახდა ავტომობილით გადაადგილება. ამას ხელი შეუწყო ასევე ამ პერიოდში ამერიკული ავტოინდუსტრიის ზრდამ და ამერიკულმა იდეამ, ყველა ოჯახს ჰქონოდა საკუთარი სახლი და ავტომანქანა. ამ დროს გაჩნდა სავაჭრო მოლი, რომელიც მდებარეობდა ქალაქის განაპირას, სავაჭრო ზონაში და მომხმარებელს სთავაზობდა დიდ შენობებში მოთავსებულ სხვადასხვა მაღაზიასა და სუპერმარკეტს აფთიაქით. ოჯახები აქ მანქანით მოდიოდნენ შორ მანძილზე მდებარე საცხოვრებელი რაიონებიდან და ამიტომ მათ უნდა ჰქონოდათ ყველა საჭირო სერვისის მიღების საშუალება. მოლებში გაჩნდა საბავშვო გასართობები, კინოთეატრები, რესტორნები. ქალაქის ცენტრი კი დაეთმო ძირითადად საოფისე დანიშნულების შენობებს. ოჯახები მთელ დღეს ატარებდენ მოლებში, ფაქტობრივად, შენობიდან გაუსვლელად. მოლი გახდა ერთგვარი გასართობი და სავაჭრო მულტიფუნქციური ცენტრი – პატარა ქალაქი დიდ შენობაში. ადამიანი გამოდის სახლიდან, ჯდება მანქანაში, მიდის სამსახურში, დასვენების დღეებში ოჯახით მიდის მოლში და ისევ სახლში ბრუნდება. ეს ყველაფერი ხდება დიდ მანძილებზე გადაადგილებით, იტვირთება გზები, მატულობს სატრანსპორტო საცობები გამონაბოლქვით, უარესდება ეკოლოგია. ადამიანები აღარ მოძრაობენ ფეხით, მატულობს ჭარბის წონის მქონეთა რიცხვი და ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ ფუნქციურად გაყოფილ ქალაქებზე თანამედროვე ქალაქგეგმარებამ მეოცე საუკუნის ბოლოს უარი თქვა და ისევ შერეული ფუნქციების განვითარებაზე ორიენტირდა, სადაც მოკლე მანძილზეა სხვადასხვა მოთხოვნაზე წვდომა და არ არის წახალისებული მანქანით სარგებლობა.
აქედან გამომდინარე, მოლების განვითარების შემდგომ ეტაპზე გაჩნდა ახალი ტიპის მოლი – ე.წ. “ლაიფსტაილ ცენტრი”, რომელიც წარმოადგენს იმიტირებულ საქალაქო ცენტრს რამდენიმე ფეხით მოსიარულეთა ქუჩით, სადაც მდებარეობს მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტიპის სავაჭრო ცენტრი თბილისში არის “თბილისი მოლი” აღმაშენებლის ხეივანში. ხოლო “ისთ პოინტი” კახეთის გზატკეცილზე წარმოადგენს “ლაიფსტაილ ცენტრის” ტიპის მოლს. “ქარვასლა”, “თბილისი ცენტრალი” და “გალერეა თბილისი” ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში მდებარე უფრო ადვილად მისადგომი, შედარებით მცირე მოცულობის სავაჭრო ცენტრებია.
იმის გამო, რომ მოლებს ქალაქის განაპირა მდებარეობები აქვთ და მომსვლელთა უმრავლესობა სავაჭროდ პირადი ავტომობილებით მოდის, რადგან, როგორც წესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე კარგად ვერ ემსახურება ქალაქის პერიფერიებს როგორც ცენტრალურ ნაწილებს, ისინი საჭიროებენ რამდენიმედონიან მიწისქვეშა ავტოსადგომებს ან უზარმაზარ ღია პარკინგს, რაც მიწის დიდ რესურსს მოითხოვს.
მოლები და ქალაქგარეთ მდებარე სავაჭრო სივრცეები ევროპაშიც გვხვდება, მაგრამ მცირედად და ისეთი დიდი სივრცის მქონე დანიშნულებით, როგორიცაა ავეჯის სახლები, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტები, გამწვანებისა და ნარგავების დიდი არჩევანის მქონე მეურნეობები.
თუმცა ამერიკაშიც უკვე ყოველწლიურად იზრდება ე.წ. “მკვდარი მოლების” რიცხვი. მათი ტერიტორიების ჯამური ფართობი ქალაქ ბოსტონის ზომას აღწევს. დაცარიელებული მოლების მიზეზი არის როგორც 2007 წლის ეკონომიკური რეცესია და მოსახლეობის მხრიდან ვაჭრობაზე ხარჯების ეკონომია, ასევე ინტერნეტვაჭრობის განვითარება. დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ფაქტობრივად ნებისმიერი ნივთის შეძენა ონლაინრეჟიმში. შესაბამისად, ადამიანებს აღარ სურთ მოლში წასასვლელად დიდ მანძილზე დროის დაკარგვა და საწვავის ხარჯების გაღება. ხდება მიტოვებული მოლების შენობების სხვა დანიშნულებებით მრავალფუნქციური გამოყენება საოფისედან სპორტულამდე ან მათ ადგილზე ახალი დეველოპმენტის განვითარება ახალი ქუჩების ქსელზე საცხოვრებელი და სხვა შერეული ფუნქციებით.
2014 წლის მონაცემების მიხედვით, ამერიკული მოლების 3% ითვლება “მომაკვდავად” (ფართის 40%-ზე მეტი ცარიელი), ხოლო 20% მოიაზრება საგანგაშო მდგომარეობაში (ფართის 10%-ზე მეტი ცარიელი). ასევე მოლების პოპულარობის კლების მიზეზად ითვლება ადამიანებისა და ბიზნესების ისევ ზრდადი ინტერესი, იყვნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ბევრად მეტი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერაქციაა. აღსანიშნავია, რომ თბილისში მდებარე მოლებში ბევრი ცარიელი სავაჭრო ფართია.
ნობელის პრემიის მფლობელმა ეკონომისტმა, რობერტ ლუკასმა, შეკითხვაზე, თუ რატომ არის ქირა მაღალი ისეთ ქალაქებში, როგორიც ნიუ-იორკი ან ჩიკაგოა, უპასუხა, რომ ამას არა აქვს კავშირი მაღალი კლასის შოპინგთან და რომ ეს მაღალი ურბანული პროდუქტიულობის შედეგია.
ქალაქგეგმარებით გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენა აქვთ საქალაქო ცხოვრების ბევრ სფეროზე, მათ შორის ადამიანთა ქცევაზე. წინა წლის ზაფხულში თბილისში მოხდა პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. ცნობილია რამდენიმე ძალიან უარყოფითი ეფექტი, რასაც ეს იწვევს. ეს ნიშნავს ქუჩის ავტომაგისტრალად გადაქცევას და არა ადამიანებისთვის კომფორტულ საზოგადოებრივ სივრცეს, გარდა ამისა, მომიჯნავე ვიწრო ქუჩები გადაიტვირთა გადამისამართებული საავტომობილო ნაკადებით. ფართო ცალმხრივ გამზირზე მანქანებს აქვთ მეტი სავალი ზოლი და ცალმხრივი მოძრაობისას მატულობს სიჩქარე, რაც მომეტებული საგზაო საფრთხეა. აკრძალული პარკირება, თან ცალმხრივ მოძრაობაზე, ნიშნავს ადამიანთან ახლოს უფრო სწრაფად მოძრავი მანქანების დიდ ნაკადს, რაც სერიოზული დისკომფორტია ფსიქოლოგიურად, უსაფრთხოების, გამონაბოლქვის და ხმაურის მხრივ. პარკირების ზოლი კარგი ბუფერია, როგორც დამცავი კედელი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებსა და მოძრავ მანქანებს შორის. ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა ცვლის გადაადგილების სქემებს და უმეტესად ერთი მიმართულებით მოძრავ ადამიანებს განაპირობებს. ამასთან უფრო მეტი ადამიანია იმ მხარეს, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა (დააკვირდით მელიქიშვილის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს), მეორე მხარეს ნაკლები ხალხია და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა. ეს ნიშნავს ტროტუარებზე ნაკლებ ხალხს (დააკვირდით ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს სხვა ცენტრალურ ქუჩებთან შედარებით) და იქ განთავსებული მაღაზიები ან ნებისმიერი მომსახურების ობიექტები ამით ზარალდებიან. პეკინის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ დატოვა რამდენიმე მაღაზიამ (“ეტამ”, “პრომოდ”, “ორსეი”) და ერთმა რესტორანმა (დეგუსტო). მსგავს გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ ევროპაში, ამერიკის ქალაქებიც უკვე ხშირად ცვლიან ცალმხრივ ქუჩებს ორმხრივი მოძრაობით, რადგან პრიორიტეტი ავტომობილები კი აღარ არის, არამედ ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული ურბანული გარემოს შექმნა და ქუჩების გამოცოცხლება.
ქალაქგეგმარების მხრივ, სანამ ქალაქის განაპირა ტერიტორიებზე დიდ მოლებს ავაშენებთ, სჯობს ჯერ ხელი შეეწყოს სავაჭრო ფუნქციების განვითარებას ქალაქის განაშენიანების ფარგლებში არსებული რესურსის გონივრული გამოყენებით და ისეთ უკვე ჩამოყალიბებულ საცხოვრებელ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ფუნქციების ნაკლებობაა. უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ორიენტაცია მოვახდინოთ შერეული ფუნქციების კომპაქტურ ქალაქზე, სადაც განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხელი ეწყობა ფეხით და ველოსიპედით მოძრაობას და ნაკლებია მანქანის გამოყენების აუცილებლობა. ამგვარ გარემოში მიმზიდველია ყოფნა, იქმნება უფრო სასიამოვნო ურბანული გარემო, სადაც ბევრად მეტი ინტერესია როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე და სავაჭრო დანიშნულების სივრცეებისადმი. შერეული ფუნქციების ურბანული გარემო ნაკლებ ავტომობილებს და უკეთეს ეკოლოგიურ გარემოს ნიშნავს. ეს ახალისებს ფეხით სიარულს, გარეთ მეტი დროის გატარებას და ხელს უწყობს ქუჩაში მეტი ადამიანის ყოფნას. სავაჭრო ობიექტების ეკონომიკური აქტივობებისათვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხელშეწყობა ქალაქგანვითარებითი პოლიტიკის მხრიდან, ოღონდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციებით, რომლებიც უნდა იცავდნენ საზოგადოებრივ და მოსახლეობის ინტერესებს. ცოცხალი ქუჩები და ხალხმრავალი ურბანული გარემო ნიშნავს მეტ ინტერაქციას, ადამიანებს შორის მეტ კონტაქტს როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ და სოციალურ განზომილებაში.