OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Retro Biosciences-ის წამოსაწყებად $180-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ MIT Technology Review-ი იტყობინება. Retro Biosciences-ი 2022 წელს გამოჩნდა და მიზნად გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით უჯრედების გაახალგაზრდავება დაისახა. აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის CEO-ს მიერ განხორციელებული ინვესტიცია ამ დრომდე საიდუმლოდ ინახებოდა.
შეგახსენებთ, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2021 წელს მსგავს სტარტაპში, Altos Labs-ში განახორციელა ინვესტიცია. აღნიშნული კუთხით კვლევებში ინვესტიციები ასევე ჩადეს ჯეკ დორსიმ და მარკ ცუკერბერგმა. ცოტა ხნის წინ კი, Interesting Engineering-მა დაწერა, რომ 45 წლის მილიონერი ბრაიან ჯონსონი გასაახალგაზრდავებლად ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს ხარჯავს ექსპერიმენტულ პროცედურაზე.
როგორც ცნობილია, სემ ოლტმენი არ მიმართავს მკურნალობის რაიმე კურსს ან თერაპიას მის მიერ დაფინანსებული სტარტაპის დახმარებით, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზას გადის.
ბევრს ოლტმენი Y Combinator-იდან ახსოვს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. ამ პერიოდში მან განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ არაერთ სტარტაპში, მაგალითად Pinterest-ში, Airbnb-ში, Stripe-სა და სხვებში, განახორციელა ინვესტიცია. სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაინტერესდა პირველად ოლტმენი დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიით. თუმცა, ამის შემდეგ ის ჩამოშორდა სტარტაპ ინვესტიციების მიმართულებას და დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა OpenAI-ში, კომპანიაში, რომელიც ოლტმენმა 2015 წელს დააარსა.
მიუხედავად იმისა, რომ ის Y Combinator-ს ჩამოშორდა, როგორც ჩანს, დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესი არ განელებია, რაზეც მის მიერ Retro Biosciences-ში განხორციელებული ინვესტიციაც მეტყველებს.