მარკ უოლტერსმა ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ ცილისწამების გამო უჩივლა. სარჩელი აშშ-ის შტატ ჯორჯიის სასამართლოშია შეტანილი.
უოლტერსის განცხადებით, პოპულარულმა ჩატბოტმა შექმნა ყალბი იურიდიული რეზიუმე, რომელიც მას თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ეს გენერაციული AI-ის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში შეტანილი პირველი საჩივარია.
როგორც ირკვევა, ჩატბოტის მიერ შექმნილი იურიდიული რეზიუმე ჟურნალისტების ხელში მოხვდა, რომლებიც Second Amendment Foundation-ის მიერ ვაშინგტონის გენერალური პროკურორის, ბობ ფერგიუსონის წინააღმდეგ წამოწყებულ დავას სწავლობდნენ – აღნიშნულ საქმესთან მარკ უოლტერსს კავშირი არ აქვს.
უოლტერსი ამტკიცებს, რომ ჩატბოტმა შეკითხვას, ამ რეალური სასამართლო საქმის შესახებ, გამოგონილი საქმის ანალიზის შედეგად უპასუხა, კერძოდ კი განაცხადა, რომ Second Amendment Foundation-ის დამფუძნებელმა უოლტერსს ორგანიზაციის თანხების გაფლანგვისთვის უჩივლა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ უოლტერსი, რომელიც რადიო Armed America-ს წამყვანია, ზემოხსენებულ სასამართლო დავაში ჩართული არ არის და Second Amendment Foundation-ისთვისაც არასდროს უმუშავია.
ყალბი იურიდიული რეზიუმე, სავარაუდოდ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ხშირი პრობლემის შედეგია, რასაც AI-ის ექსპერტები “ჰალუცინაციების” სახელით მოიხსენიებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ენის მოდელი წარმოქმნის სრულიად ცრუ ინფორმაციას ყოველგვარი განმარტებისა და მითითების გარეშე. ზოგჯერ მსგავსი ცრუ ინფორმაცია დამაჯერებლად ჟღერს, ვინაიდან ნამდვილ დეტალებსაც შეიცავს.
ცნობისთვის, ChatGPT-ის მთავარ გვერდზე ვკითხულობთ გაფრთხილებას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ზოგჯერ არასწორი ინფორმაცია, მავნე ინსტრუქციები ან მიკერძოებული შინაარსი შექმნას.
შეგახსენებთ, OpenAI-მ Microsoft-ის მხარდაჭერით ChatGPT-ი მსოფლიოს გასული წლის ნოემბერში წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მომხმარებელთა აღტაცება მალევე დაიმსახურა. ChatGPT-ის შესაძლებლობებში სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, წინადადებების ჩამოყალიბება, კვლევების ჩატარება, ესეებისა და რეზიუმეების დაწერა შედის.