კომპანია „პუმა“ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში მე-3 ადგილზეა შემოსავლის მიხედვით. პირველ ადგილზეა „ნაიკი“, ხოლო მეორეზე – „ადიდასი“. 2022 წელს „პუმამ“ 10 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მოგება 0.5 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის აქტივები 8 მილიარდ დოლარამდე არის შეფასებული, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 18 ათასზე მეტი ადამიანი.
1924 წელს, გერმანიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში, გერმანელმა ძმებმა, ადოლფ (ადი) დასლერმა და რუდოლფ (რუდი) დასლერმა კომპანია „ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა“ დააარსეს. ეს სახელი კომპანიას 1949 წლამდე ერქვა. სპორტული ფეხსაცმელების შეკერვა სამრეცხაოს ოთახში, კუსტარულად დამზადებულ დანადგარებზე დაიწყეს. დასლერები ახერხებდნენ ფეხსაცმლის წარმოებაში სიახლეები შემოეტანათ (მაგალითად, რკინისწვეტიანი ძირები, სქელი ტილოს ნაჭრის გამოყენება და ა.შ.) და, შესაბამისად, საქმე კარგად მისდიოდათ.
გარღვევა მოახდინეს, როცა ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი დაითანხმეს, 1936 წლის ოლიმპიადაზე მათი შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით ეასპარეზა. ოუენსმა 1936 წლის ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი აიღო. დასლერების ფეხსაცმლის ცნობადობა და რეპუტაცია სწრაფად გაიზარდა. მე-2 მსოფლიო ომამდე დასლერები წელიწადში 200 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს დასლერებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წარმოება დაევალათ. ისინი გერმანიის ჯარისთვის ასევე ფეხსაცმელს აწარმოებდნენ. 1945 წელს ქარხანა ომის შედეგად თითქმის განადგურდა და აშშ-ის გავლენის სფეროში მოექცა. ომის დასრულების შემდეგ დასლერებმა დაარწმუნეს ამერიკელები, რომ მათ მხოლოდ ბიზნესი და ფეხსაცმელების წარმოება აინტერესებდათ. წარმოება აღდგა და თავად გერმანიაში მყოფი ამერიკელებიც მათი კლიენტები გახდნენ.
1947 წელს ძმებს უთანხმოება მოუვიდათ. რუდოლფ დასლერმა დააარსა ახალი კომპანია „რუდა“, რომელსაც 4 თვეში „პუმა“ დაარქვა. ადოლფ, იგივე ადი დასლერმა კი 1949 წელს ახალი კომპანია „ადიდასი“ დაარეგისტრირა. ძმების კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ და დღემდე კონკურენტები არიან. დასლერებმა ისე დაასრულეს სიცოცხლე, რომ არ შერიგებულან. „ადიდასის“ და „პუმას“ გამო გერმანიის პატარა ქალაქს, ჰერცოგენაურახს, სადაც დღემდე ამ კომპანიების სათავო ოფისებია განთავსებული, სპორტული ფეხსაცმლის მსოფლიო დედაქალაქს ეძახიან.
„ადიდასმა“ და „პუმამ“ გააგრძელეს უკვე წარმატებით ნაცადი მარკეტინგული კამპანია: ცნობილ სპორტსმენებს, მათ შორის გერმანიის ფეხბურთის ნაკრების წევრებს უფასოდ სთავაზობდნენ თავიანთი ფეხსაცმელების გამოყენებას. იყო მომენტები, როდესაც სპორტსმენებმა ფულიც კი მოითხოვეს, რომელიც მეტს გადამიხდით, მის ფეხსაცმელს ჩავიცვამთო.
1950-იანების დასაწყისში „პუმამ“ პრიორიტეტად ფეხბურთის „ბუცების“ წარმოება დაისახა და ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწია. 1954 წლის ოლიმპიადაზე კი მისი ფეხსაცმლით სპრინტერმა ჰაინც ფუტერერმა 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „პუმას“ ფეხსაცმელი ეცვა პელეს, რაშიც კომპანიამ მას 120 ათასი დოლარი გადაუხადა. ფინალური მატჩის დროს პელემ თამაშის რამდენიმე წამით შეჩერება მოითხოვა და მილიონობით მაყურებლის თვალწინ თასმები შეიკრა. ამბობენ, რომ ეს სარეკლამო გარიგების ნაწილი იყო.
„პუმას“ და სპორტსმენებს შორის კავშირზე უსასრულოდ შეიძლება დაიწეროს. უამრავ ოლიმპიურ ჩემპიონს ეცვა „პუმა“. მთავარი ის არის, რომ ეს იყო კომპანიის ძირითადი მარკეტინგული ხაზი და წარმატების წინაპირობა.
„პუმას“ დამფუძნებელი რუდოლფ დასლერი 1974 წელს გარდაიცვალა. კომპანიის მართვა მისმა შვილმა არმინ დასლერმა განაგრძო.
1986 წელს „პუმა“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები გაყიდა, კონკრეტულად, მიუნხენისა და ფრანკფურტის საფონდო ბირჟებზე. 1989 წელს არმინ დასლერმა და მისმა ბიძაშვილმა გერდ დასლერმა „პუმას“ თავიანთი წილი – 72% გაყიდეს. მას შემდეგ „პუმას“ მფლობელი რამდენიმეჯერ შეიცვალა და დღეს მთავარი აქციონერები ფრანგული კომპანიები „არტემისი“ (29%) და „კერინგი“ (10%) არიან. „კერინგი“ ასევე ფლობს „გუჩის“, „ბალენსიაგას“ და სხვა ბრენდებს.
1990-იან წლებში „პუმას“ სახე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი გახდა, რომელიც სწორედ ქალაქ ჰერცოგენაურახიდან იყო. ამ პერიოდში „პუმამ“ ნახევრად სპორტული, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.
2003 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ დოლარს გადასცდა. 2000-იანებში „პუმამ“ რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის კომპანია შეისყიდა, რომელთა ბაზაზეც შემდგომში გაფართოვდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 32 გუნდიდან „პუმა“ 12-ის სპონსორი იყო, მათ შორის ჩემპიონის – იტალიის. ამდენ გუნდს სხვა არცერთი კომპანია არ უწევდა სპონსორობას.
2010 წელს „პუმამ“ გოლფის ინვენტარის მწარმოებელი ცნობილი კომპანია Cobra Golf-ი შეისყიდა. 2013 წელს კომპანიის შემოსავალმა 3 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო 2019 წელს 5 მილიარდს გადასცდა.
დღეს „პუმას“ მსოფლიოში 300-ზე მეტი ქარხანა აქვს. „პუმას“ ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის 95% აზიის ქვეყნებში იკერება, 3% – ამერიკის კონტინენტზე და 2% – დანარჩენ მსოფლიოში. ყველაზე მეტი – 119 სამკერვალო ქარხანა ჩინეთში აქვს.