ნდობით მოპოვებული ლიდერობის 30 წელი

ნდობით მოპოვებული ლიდერობის 30 წელი
საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი პირველი ქართულ ბაზარზე EY შემოვიდა. საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად დაწყებული წარმატებული საქმიანობის ისტორიას, პირველი ქართული IPO-ს ამბავსა და EY-ის სამომავლო გეგმებს კომპანიის მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი და იურიდიული და საგადასახადო პრაქტიკის პარტნიორი, ტატო ჩანტლაძე გვიზიარებენ.

ინტერვიუ EY საქართველოს სათავო ოფისში ჩავწერეთ, მეიდანზე. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი, რაც არ შეცვლილა, მისი მისამართია. ასევე არ შეცვლილა ის ღირებულებები, რაზეც კომპანია დგას. სხვა ყველაფერი კი მუდმივად იცვლება და ვითარდება. იცვლებიან გუნდის წევრები, ვითარდება მიდგომები, სამუშაო პრაქტიკა და ტექნოლოგიები, მრავალფეროვანი ხდება EY-ის სერვისები და, შესაბამისად, კლიენტთა პორტფელიც.

დიდი ოთხეულის ფირმებს შორის EY საქართველო იმითაც გამოირჩევა, რომ ის ადგილობრივ ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელსაც ყოველთვის ქართველი პარტნიორები ედგნენ სათავეში. რუსლან ხოროშვილის კარიერა EY-ის წინამორბედ კომპანია GCG-ში სტაჟირებით დაიწყო, 2012 წლიდან დღემდე კი თბილისის ოფისს მმართველი პარტნიორის როლში ხელმძღვანელობს.

რამდენიმე წლის წინ იურიდიული და საგადასახადო პრაქტიკის პარტნიორის პოზიციაზე EY-ს შეუერთდა ტატო ჩანტლაძე, რომლის ძირითადი მიზანიც კომპანიის შემოსავლების დივერსიფიცირება და ქართული ბაზრისთვის, EY-ის გლობალურ გუნდთან თანამშრომლობით, ინოვაციური სერვისებისა და მომსახურებების შემუშავებაა.

EY-ის ოფისში რესპონდენტებთან ერთად კომპანიის პირველობის შენარჩუნებაზე 250-მდე პროფესიონალი მუშაობს, რომლებიც EY-სთვის ყველაზე ღირებული აქტივია.

რესპონდენტებთან საუბარი დაგეგმილზე ბევრად მეტხანს გაგრძელდა — არც ისე მარტივი აღმოჩნდა ამოცანა, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის საქმიანობის სამი ათწლეული და სამომავლო გეგმები ერთ ინტერვიუში მოგვექცია, თუმცა ცდით კი ნამდვილად ვცადეთ.

ეს ისტორია 1993 წლიდან იწყება — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე გია ბაზღაძემ და კონსტანტინე ლუსინიან-რიჟინაშვილმა „საქართველოს საკონსულტაციო ჯგუფი“ (GCG) დააფუძნეს. კომპანია ქართულ საბაზრო ეკონომიკასთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ კომპანია ქვეყანაში ყველა ძირითადი უცხოური ინვესტიციის დასაყრდენი გახდა: ინვესტორებს სჭირდებოდათ სანდო და კეთილსინდისიერი შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ბიზნესთან. უცხოურ კაპიტალს მოჰყვა დასავლური კორპორაციული კულტურა, სამუშაო ეთიკა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკები, რასაც GCG-ის ახალგაზრდა გუნდი წარმატებით ითვისებდა და შემდგომ სამუშაო პროცესში ნერგავდა.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ თავიდან ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინა საკონსულტაციო კომპანიას. – ამბობს EY-ის მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი. – ჩვენ აღმოვჩნდით ხიდი ინვესტორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას და ბიზნესს შორის”.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში კომპანიის საქმიანობაც დაიხვეწა. „ინდუსტრიაში ექსპერტიზის დაგროვების შემდეგ კი ჩვენი რეპუტაცია და სანდოობა ის მთავარი ფაქტორი იყო, რაც წლების განმავლობაში გვინარჩუნებდა ლიდერულ პოზიციებს“, – იხსენებს რუსლან ხოროშვილი კომპანიის გამოცდილებას და გვიყვება, თუ რა კონტრიბუცია შეიტანა ქვეყნის ბიზნესსექტორის განვითარებაში GCG-ის საქმიანობამ.

GCG-ის მიერ აუდიტორული საქმიანობის წამოწყებასაც საინტერესო ისტორია აქვს. ინიციატივა, კომპანიას მარწმუნებელი მომსახურება შეეთავაზებინა ბაზრისთვის, ESM-ის სტუდენტს, დღეს უკვე მილიარდერ მიხეილ ლომთაძეს ეკუთვნის. ბიზნესსკოლის სტუდენტს თანაპარტნიორებად აუდიტორულ საქმიანობაში პროფესორები, ნიკოლოზ მარკოზაშვილი და ზურაბ ნიკვაშვილი შეემატნენ და დაფუძნდა GCG-ის შვილობილი საწარმო GCG-აუდიტი. რუსლან ხოროშვილი იხსენებს, რომ GCGაუდიტმა მალევე მოიპოვა ინვესტორთა ნდობა როგორც მიუკერძოებელმა და პროფესიონალმა აუდიტორულმა კომპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ GCG-აუდიტის მომსახურებაში მაღალ გასამრჯელოს იღებდა, ამას არ შეუშლია ხელი მისი ბიზნესის ზრდაში — კომპანიის წარმატების საფუძველი სწორედ ეს ღირებულებათა სისტემა აღმოჩნდა: „სამართლიანობა და ობიექტურობა – ეს იყო ის ღირებულებები, რომლებიც ESM-ის იდენტურად GCGის აუდიტორულ საქმიანობასაც აღწერს“.

პარალელურად, ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის სანდო პარტნიორი ყველა იმ წამოწყებასა თუ რეფორმაში იყო ჩართული, რომლებიც საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და მოწესრიგებაზე იყო მიმართული. GCG-ის პარტნიორების ჩართულობით დაფუძნდა საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი ბიზნესგაერთიანებები, როგორიცაა ამერიკის სავაჭრო პალატა AmCham-ი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC-ი.

„საქართველოს საკონსულტაციო ჯგუფი“ თავიდანვე თანამშრომლობდა გლობალურ საკონსულტაციო და იურიდიულ ფირმებთან. Coopers & Lybrand-თან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, GCG ასევე გლობალურ აუდიტორულ ფირმა Andersen-თან თანამშრომლობდა. 2003 წლის 1 იანვარს „საქართველოს საკონსულტაციო ჯგუფი“ დიდი ოთხეულის წევრ Ernst & Young-ს შეუერთდა.

EY წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციებს ქართულ ბაზარზე როგორც შემოსავლების მიხედვით, ისე თანამშრომლების რაოდენობისა და სერვისების მრავალფეროვნების კუთხით.

იურიდიული და საგადასახადო პრაქტიკის პარტნიორი ტატო ჩანტლაძე საუბრისას ხშირად მისწორებს, რომ EY მხოლოდ აუდიტორული ფირმა არ არის. არგუმენტად კი მრავალფეროვან სერვისებთან ერთად რიცხვებსაც იშველიებს. დღეს EY-ის შემოსავლების 40% არააუდიტორულ საქმიანობაზე მოდის, ხოლო ამ მიმართულებით შემოსავლის ზრდის პოტენციალი როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად საკმაოდ მაღალია.

„ჩვენი სერვისების უმეტესობა მკვეთრად განსხვავდება მარწმუნებელი საქმიანობისგან. იქნება ეს შინაარსი, პროცესი თუ საქმის მოცულობა“, — გვიხსნის ტატო ჩანტლაძე EY-ის კომპლექსურ საქმიანობას და ამატებს, რომ კლიენტებს საკონსულტაციო მომსახურებას გლობალური გუნდის ჩართულობით არცთუ ისე იშვიათად უწევენ. მაგალითი კი პრაქტიკაში ბლომადაა — „ხშირად კომპანიები მოდიან კონკრეტული მოთხოვნით ან ზოგადი წარმოდგენით იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სურთ. ჩვენი მიდგომაა, დავსვათ უკეთესი და სწორი კითხვები, რომელთა საფუძველზეც კლიენტის დავალება პოზიტიურ შედეგებად უნდა იქცეს“.

EY-ის თბილისის ოფისი დღეს გეოგრაფიულად შეზღუდული არ არის. ფირმა ემსახურება კლიენტებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კომპანიის კლიენტების შემოსავლები და აქტივების მოცულობა ათეულობით მილიარდი დოლარია. ამასთან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ბიზნესის ყველა მსხვილ მოთამაშეს ერთხელ მაინც ჰქონია საქმიანი ურთიერთობა EY-სთან, იქნებოდა ეს მარწმუნებელი სერვისები, სამართლებრივი კონსულტაცია, ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები თუ სხვა.

EY-ის საქმიანობა ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა: მარწმუნებელი ანუ აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო და იურიდიული მომსახურება, საკონსულტაციო სერვისები და სტრატეგიული ტრანზაქციების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურება.

დღეს კომპანიაში თავს იყრის წარმოუდგენელი და შეუზღუდავი მოცულობის გამოცდილება და შესაძლებლობები. აქ ქართული კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – გლობალური ქსელის 300,000-მდე თანამშრომელი მზად არის, საკუთარი ექსპერტიზა გაუზიაროს EY-ის გუნდს თბილისში ფინანსური მოდელირების, IT-უსაფრთხოების, სამართლებრივი დავების, ბიზნესგადაწყვეტილებების, გარიგებებისა და კომპანიების შეფასების თუ სხვა კრიტიკული მნიშვნელობის პროცესებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგადასახადო და იურიდიულ მიმართულებასა და აუდიტს EY საქართველოში ადგილობრივი პარტნიორები ჰყავს.

კითხვაზე, რა გამოარჩევს EY-ის მარწმუნებელ საქმიანობას კონკურენტი ფირმების იმავე საქმიანობისგან, რუსლან ხოროშვილი პასუხობს და გვიხსნის, რომ საქმიანობის სტანდარტიზებული ხასიათი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კომპანია ერთი და იმავე მიდგომებითა და მეთოდოლოგიით ასრულებს სამუშაოებს. „მართალია, მარწმუნებელი საქმიანობა სტანდარტიზებულია, თუმცა ჩვენ ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან ჩვენი მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები გამოგვარჩევს – მათ შორის, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელთა განვითარებაზეც გუნდები წლებია, გლობალურად და ლოკალურად მუშაობენ”, – ამბობს მმართველი პარტნიორი.

დიდი რესურსი იხარჯება ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის დახვეწაზეც.

„ვიტყოდი, რომ საქმიანობისადმი ასეთი მიდგომა და ჩვენი ღირებულებითი კომპასი ის ძირითადი კომპონენტებია, რის გამოც ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესების, მარეგულირებლების თუ საერთაშორისო ინვესტორებისა და დონორების ნდობას ვიმსახურებთ“, – დასძენს რუსლან ხოროშვილი.

„ჩვენ ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან ჩვენი მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები გამოგვარჩევს – მათ შორის, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელთა განვითარებაზეც გუნდები წლებია, გლობალურად და ლოკალურად მუშაობენ“.

კომპანიაში კლიენტები მოდიან მომსახურების მაღალი ხარისხისა და კომპანიის რეპუტაციის გამო. EY-ც მუდმივად მზად არის, უპასუხოს მათ ცვალებად მოთხოვნილებებს და დაეხმაროს მათ სასურველი შედეგების მიღწევაში. EY-ის ამ მიდგომის ვალიდურობაზე მეტყველებს კომპანიის ფინანსური შედეგებიც — ბაზრის მოთამაშეები არჩევანს დღეს მათ სასარგებლოდ აკეთებენ, რაც 30 წელია, კომპანიის შემოსავლების მოცულობითაც დასტურდება.

ბევრჯერ ვახსენეთ გლობალური გუნდის რეპუტაცია და გამოცდილება, თუმცა ამ ამბავში მთავარი EY-ის ადგილობრივი ოფისია მეიდანზე, რომელიც 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს. ეს ის გუნდია, რომელიც წლებია, საქართველოში ინდუსტრიის სტანდარტს აწესებს. ამიტომ უცნაური სულაც არ არის, ინტერვიუს მსვლელობისას კომპანიის მმართველები თანაგუნდელებს EY-ის ძირითად აქტივს რომ უწოდებენ.

EY-ის გუნდი მუდმივად ვითარდება და იცვლება. რუსლან ხოროშვილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა თაობათა უწყვეტი ცვლაა. „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ EY-ს აქვს ორგანიზაციული მდგრადობა და ის არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე. გუნდის დინამიკურობა და ბიზნესსაქმიანობის უწყვეტი განვითარება ხშირად გამოწვევაა ხოლმე კომპანიებისთვის. ჩვენ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ წარმატების საფუძვლად ამ გამოწვევის დაძლევა იქცა“.

პრესტიჟული ბიზნესგამოცემა Fortune-ის 100 საუკეთესო დამსაქმებელს შორის EY 24 წელია, პოზიციებს ინარჩუნებს. ეს მოულოდნელი სულაც არ არის, თუკი გავითვალისწინებთ კომპანიის დამოკიდებულებას პროფესიონალების მიმართ, რომლებიც ხშირად კარიერას სწორედ EY-ს უკავშირებენ.

სქემა ასეთია — EY-ში ადამიანები ძირითადად კარიერის დასაწყისში ხვდებიან. ბევრს სწავლობენ, ივითარებენ უნარ-ჩვევებს, აგროვებენ სათანადო გამოცდილებას და კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე გადადიან. შედეგად, EY-ის თანამშრომლების ღირებულება და მათზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე მკვეთრად იზრდება. დღეს EY-ის ალუმნებს თითქმის ყველა მსხვილ ქართულ ბიზნესში იპოვით. ამიტომ სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვით, რომ EY-ს ქართული ბიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვანი ირიბი გავლენაც აქვს: EY-ში გამოწვრთნილ პროფესიონალებს ქართულ კომპანიებში საუკეთესო პრაქტიკა და სამუშაო ეთიკა შეაქვთ, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კიდეც შრომის ეფექტიანობას.

ტატო ჩანტლაძეც EY-ის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად გუნდს ასახელებს. როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, EY ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად არის მიჩნეული.

„აქ წამყვანი ქართული და ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ხვდებათ მეგობრული გარემო, სადაც მათი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალება ეძლევათ“, — გვიზიარებს თავის დაკვირვებას ტატო ჩანტლაძე და თანამშრომლების კმაყოფილების მაღალი დონის მიზეზებსაც გვთავაზობს: მაღალი ავტონომიურობა, განვითარებასა და განათლებაში მხარდაჭერა, ჯანსაღი სამუშაო გარემო, პარტნიორ ოფისებში რელოკაცია და სხვა უნიკალური შესაძლებლობებია სწორედ ის კომპონენტები, რაც EY-ს მიმზიდველ სამუშაო ადგილად აქცევს.

EY-ის გუნდზე საუბრისას რუსლან ხოროშვილი ერთ- -ერთი უფროსი პარტნიორის მოსაზრებას იხსენებს და გვეუბნება, რომ კომპანიას არაფერი აქვს – არც საწარმო დანადგარები; არც ფინანსური რესურსი, რომელსაც სარგებლის სანაცვლოდ გადასცემდა კლიენტებს; არც რამე მნიშვნელოვანი აქტივი — ერთადერთი, რაც კომპანიას გამოარჩევს, აქ დასაქმებული ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებიც ყოველ საღამოს სახლში მიდიან და დამსაქმებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ მომდევნო დღეს უკან დაბრუნება და მუშაობა მოუნდეთ: „აქ მთელი გარემო მორგებულია მათ მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ეს არ გახლავთ მარტივი სამუშაო. ის ხშირადაა დაკავშირებული ზეგანაკვეთურ მუშაობასთან, გათენებულ ღამეებთან და სტრესთან. მაგრამ, ამასთან ერთად, ის დაკავშირებულია სწრაფ პროფესიულ და პიროვნულ ზრდასთან“.

სწორედ გუნდის პროფესიონალიზმის, მუდმივი ტრანსფორმაციისა და EY-ის გრძელვადიანი ხედვის დამსახურებაა ბაზარზე ლიდერული პოზიციების შენარჩუნება და კომპანიის წარმატებული და სტაბილური საქმიანობა.

კითხვაზე, თუ რა იყო EY-ის წარმატებული საქმიანობის ყველაზე დიდი შედეგი, პასუხი სწრაფად მივიღეთ — პირველი ქართული საჯარო კომპანიის, „საქართველოს ბანკის“ აუდიტორი სწორედ EY იყო. პირველ ქართულ IPO-ს მალევე მოჰყვა აქციების სხვა საჯარო პირველადი განთავსებებიც, მათ შორის იპოვით EY-ის სხვა კლიენტებსაც. აქციების საჯარო განთავსებისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულება EY-ის მიერ მომზადებული დასკვნების სანდოობისა და კომპანიის რეპუტაციის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.

გარდა თვალსაჩინო წარმატებებისა, EY-ის მმართველები იმ გამოწვევებზეც გვესაუბრებიან, რომლებიც გლობალურად ან ლოკალურად ჩნდება წლიდან წლამდე — იქნება ეს ფინანსური და სავალუტო კრიზისები, სამხედრო კონფლიქტები, პანდემია თუ სხვადასხვა მასშტაბისა და სახის გამოწვევები.

რუსლან ხოროშვილი გვიყვება, რომ COVID-19-ის პანდემიასა და უკრაინა-რუსეთის ომს, გარდა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისა, ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა ბინზესსაქმიანობაზეც: „პანდემიის პერიოდი რთული დასაძლევი აღმოჩნდა როგორც მენტალურად, ისე ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა დიდი ორგანიზაციის წევრობა მნიშვნელოვნად გვაზღვევს ასეთი საგრძნობი რყევებისას.

ამ პერიოდში ორგანიზაციამ შეძლო და სტაბილურად გააგრძელა საქმიანობა, არ შემცირებულა არც საქმიანობის მასშტაბი, არც გუნდი და არც ანაზღაურება“.

განსხვავებული შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ საომარ მოქმედებებს — EY-მ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 6,000-მდე ადამიანს ასაქმებდა, ქვეყნის ბაზარი დატოვა.

უკრაინა-რუსეთის ომს მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკაზე, რომლის სრულ მასშტაბს სამომავლოდ გავიგებთ, რადგან არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან მაღალია განუსაზღვრელობა. ერთი რამ ცალსახაა: საკუთარი კორპორაციული პრინციპების სრული დაცვით EY არ მუშაობს სანქცირებულ ან კომპანიისთვის სხვა მხრივ მიუღებელ ბიზნესებსა თუ ინდივიდებთან.

ახალმა მოცემულობამ ახალი მომსახურების შექმნის აუცილებლობა გააჩინა.

„ამ ვითარებაში გაზრდილია ფულის გათეთრების, სანქცირებული თანხის მოძრაობისა და სანქციების გვერდის ავლით საქმიანობის რისკები, – ამბობს ტატო ჩანტლაძე. – გაიზარდა საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუციების მოთხოვნა, დამოუკიდებლად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხები ამა თუ იმ კომპანიასა და ბანკში“.

ქართულ ბაზარზე 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ, EY-ის გუნდი დღეს თამამად ამბობს, რომ ქართული ბიზნესისთვის კომპანია სანდო და მყარი საყრდენია. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ მიწოდებული სერვისების ხარისხი და შედეგად მიღებული შემოსავლების მოცულობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესსექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილიც.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ტატო ჩანტლაძე აღნიშნავს, რომ ზრდისა და განვითარების პოტენციალი ძალიან მაღალია. EY-ის ოთხი ძირითადი მიმართულებიდან დღეს ქართულ ბაზარზე ყველაზე მეტად ათვისებული აუდიტის მიმართულებაა: „როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს საკონსულტაციო სერვისებს. გვსურს, იდენტიფიცირებული იყოს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები, სადაც EY-ის გუნდი ადგილობრივ ექსპერტიზას შექმნის“.

ეს გულისხმობს ახალი მიმართულებების განვითარებას, გუნდის გაფართოებას, ახალი პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამიტომ უახლოეს წლებში მთავარი ფოკუსი ადგილობრივი რესურსების განვითარებაზე იქნება მიმართული.

დღეს EY ბაზარზე აღიქმება როგორც მსხვილი კორპორაციებისა და ტრანზაქციების კომპანია. რუსლან ხოროშვილის თქმით, უნდა ველოდოთ ოდნავ განსხვავებულ პოზიციონირებასაც. კომპანიას სურვილი აქვს, იმუშაოს ახალ სეგმენტზეც, სადაც ბაზრის მოთამაშეებს უნიკალურ ხედვას შესთავაზებენ და კონკრეტული შედეგების მიღწევაშიც დაეხმარებიან. „გვსურს გუნდის გაფართოება ფულის გათეთრებისა და IT-უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, გვინდა ESG-ანგარიშგების მიმართულების განვითარება. უმთავრესი მიზანია, ჩვენი ექსპერტიზა ვაქციოთ კლიენტების საქმიანობის გაფართოების, ქართული კომპანიების ტრანსფორმაციისა და ბიზნესპროცესების ეფექტიანი მართვის მნიშვნელოვან რესურსად“.

სამომავლო გეგმები ტექნოლოგიების ასპექტშიც განვიხილეთ. ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, EY-ის მიდგომები ახალი პროდუქტების მიმართ კომპანიის დინამიკურ განვითარებაზე მეტყველებს. აქ დიდი ხანია, გლობალური გუნდი მუშაობს AI-ის ინტეგრირებაზე კონკრეტულ სერვისებში. EY მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტის განვითარებაში. კომპანიის ადგილობრივი გუნდი პერიოდულად ესწრება ტრენინგებსა და ვორქშოპებს, სადაც ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების უპირატესობებსა და რისკებზე საუბრობენ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა საფრთხეს ტექნოლოგიური განვითარება EY-ის სერვისებს და ანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მათ სტანდარტიზებულ სერვისებს, პასუხი ცალსახა უარია. პირიქით, აქ სჯერათ, რომ ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის მკვეთრად სტანდარტიზებული მარწმუნებელი საქმიანობის შემთხვევაშიც, დამხმარე და ხელშემწყობი ინსტრუმენტია. ხოლო ის რისკი და პასუხისმგებლობა, რასაც კომპანია კლიენტისა და მარეგულირებლის წინაშე იღებს, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ჩანაცვლდება ტექნოლოგიურად.

EY-ის სამომავლო გეგმები დასაქმების პოლიტიკის განვითარებასა და გაფართოებასაც მოიაზრებს. რესპონდენტების თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსის შენარჩუნება მარტივი ამოცანა არ არის — იცვლება თაობები, მოთხოვნები შრომის ბაზარზე, მძაფრდება კონკურენცია. შესაბამისად, EY-ს სჭირდება უფრო მოქნილი და დასაქმებულის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკა. პრინციპში, მოულოდნელი სულაც არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ კომპანიისთვის ეს მიმართულება ცენტრალური მნიშვნელობისაა: EY-ის უმთავრეს კონკურენტულ უპირატესობად დღემდე კომპანიის გუნდი რჩება.