მიუხედავად ქვეყნებისა და საერთაშორისო ჯგუფების ნაწილის შეშფოთებისა, იაპონია გადაწყვეტილების ერთგული რჩება და 2011 წლის რადიოაქტიური კატასტროფის გამო დაზიანებული ფუკუშიმის ელექტროსადგურის დაბინძურებული წყლის წყნარ ოკეანეში გაშვებას გეგმავს. მიმდინარე წლიდან მომავალი 30 წლის განმავლობაში, იაპონია მილსადენის საშუალებით, რომელიც სანაპიროდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ავზებში შენახული გაწმენდილი წყლის ეტაპობრივად ოკეანეში გაშვებას იწყებს.
თუმცა მკვლევართა ნაწილი ფუკუშიმის ჩამდინარე წყლების უსაფრთხოებას როგორც წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ ეჭვქვეშ აყენებს. ფუკუშიმის ელექტროსადგურზე რეაქტორების დაზიანება 2011 წელს მიწისძვრის გავლენით იაპონიაში წარმოქმნილი ცუნამისა და ნგრევის შედეგია. რეაქტორების გადახურებისგან დასაცავად, დაზიანებულ ნაწილს 1.3 მილიონი კუბური მეტრის ზღვის წყალი შეასხეს, რომელიც 64 რადიოაქტიური ელემენტით, ე.წ. რადიონუკლიდებით დაბინძურდა. მათგან ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი რადიონუკლიდებია: ნახშირბად-14, იოდ-131, ცეზიუმ-137, სტრონციუმ-90, კობალტ-60 და წყალბად-3, ასევე ცნობილი როგორც ტრიტიუმი.
ჩამოთვლილი ნუკლიდებიდან, ნაწილის ნახევრად დაშლის პერიოდი შედარებით მცირეა და კატასტროფიდან 12 წლის განმავლობაში დიდი ალბათობით უკვე დაიშლებოდა კიდეც, თუმცა ზოგიერთ მათგანს შედარებით დიდი დრო სჭირდება – მაგალითად, ნახშირბად-14-ის ნახევრად დაშლის პერიოდი 5,000 წელს აღემატება.
დაბინძურებული წყალი შეგროვდა, რადიოაქტიური შემცველობის შესამცირებლად დამუშავდა და მას შემდეგ იმავე ადგილას, 1,000-ზე მეტ ფოლადის უჟანგავ ავზში ინახება. ელექტროსადგურის ოპერატორ Tokyo Electric Power Company-ის (TEPCO) განცხადებით, წყლის გასაწმენდად „სითხის დამუშავების თანამედროვე სისტემა“ (ALPS) იქნა გამოყენებული. TEPCO-ს ინფორმაციით, წყალი თანასედიმენტაციის, ადსორბციისა და ფიზიკური ფილტრაციით დამუშავების ხუთ ეტაპს გადის.
ALPS-ის პროცესი 64-დან 62 რადიონუკლიდის მოსაშორებლად ეფექტიანია, რაც საკმარისია, რომ მათი კონცენტრაცია იაპონიის მიერ 2022 წელს დამტკიცებულ ლიმიტზე დაბლა შენარჩუნდეს, რომელიც გარემოში წყლის გასაშვებად მიღებულია. შეზღუდვები „რადიოლოგიური დაცვის“ საერთაშორისო კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება.
თუმცა ALPS-ის გავლენით დამუშავებულ წყალს ნახშირბად-14 და ტრიტიუმი ბოლომდე არ შორდება, შესაბამისად, საჭიროა მისი შემდგომი განზავება 1/100 პროპორციით, სადაც 100 ზღვის წყლის ოდენობა, ხოლო 1 – განსაზავებელი ხსნარია. TEPCO-ს მონაცემებით, შედეგად მიღებული ტრიტიუმის კონცენტრაცია თითო ლიტრზე დაახლოებით 1,500 ბეკერელს (ნივთიერების რადიოაქტივობის საზომი) უტოლდება.
რაც შეეხება ნახშირბად-14-ს, TEPCO-ს ინფორმაციით, ავზებში მოთავსებულ წყალში მისი კონცენტრაცია ამჟამად რეგულაციებით დაწესებული ზედა ზღვრის დაახლოებით 2%-ზეა, წყლის ჩაშვებამდე კი, ზღვის წყალთან განზავებით, უფრო მეტად შემცირდება.
გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის გარემოსდამცველი მეცნიერის, ჯიმ სმიტის შეფასებით, საფრთხე, რომელსაც ფუკუშიმის ჩამდინარე წყლების ოკეანეში გაშვება ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანს, სავარაუდოდ უმნიშვნელო იქნება. წყნარი ოკეანის უახლოესი კუნძული დაახლოებით 2,000 კილომეტრშია. მისივე განცხადებით, დამუშავებული წყლის შენახვა ბევრად სარისკოა, რადგან კიდევ ერთი მიწისძვრისა და ტაიფუნის ალბათობა, რომელიც ავზების გაჟონვას გამოიწვევს, გაცილებით უფრო მაღალია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის, რომელთაც ოკეანეში ფუკუშიმის ჩამდინარე წყლის გაშვებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, არის სამხრეთი კორეაც. ქვეყნის დელეგაცია ფუკუშიმას მაისში ეწვია. სახელმწიფო შიშობს, რომ დამუშავებულ წყალს შესაძლოა შეუსწავლელი ზემოქმედება ჰქონდეს ოკეანის გარემოზე. იაპონიის გეგმის საწინააღმდეგოდ, გასულ წელს პოზიცია დააფიქსირა ვირჯინიაში, აშშ-ის საზღვაო ლაბორატორიების ეროვნულმა ასოციაციამაც – მიზეზად ადეკვატური და სამეცნიერო მონაცემების ნაკლებობა დაასახელა. იაპონიას გეგმის გადახედვისკენ ფილიპინების მთავრობამაც მოუწოდა.
ჰავაის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგის, რობერტ რიჩმონდის განცხადებით – რომელიც „წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმზე“ ხუთ მრჩეველ მეცნიერს შორისაა – მეცნიერებმა TEPCO–სა და იაპონიის მთავრობის მოწოდებული ყველა მონაცემი განიხილეს, ფუკუშიმასაც ეწვივნენ, თუმცა ტრიტიუმსა და ნახშირბად-14-თან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ არსებობს.
ტრიტიუმი β-რადიაციული ემიტერია, რომელიც იონიზირებად გამოსხივებას გამოყოფს და დნმ-ის დაზიანება შეუძლია. მიუხედავად ამისა, TEPCO-ს განცხადებით, დამუშავებულ წყალში არსებული ტრიტიუმის კონცენტრაცია იმაზე ნაკლებ იონიზირებად გამოსხივებას გამოყოფს, რომლის მიღებაც ნიუ-იორკიდან ტოკიოში ორმხრივი მოგზაურობისას შესაძლებელია. თუმცა, რიჩმონდის შეფასებით, ადამიანის კანი ნაწილობრივ ბლოკავს იონიზირებად გამოსხივებას, შესაბამისად, β–ემიტერებით დაბინძურებული საკვების მიღება ადამიანისთვის ბევრად უფრო საშიშია.
ამასთან ერთად, TEPCO-ს განცხადებით, გაშვების ადგილიდან 3 კილომეტრის მანძილზე, თევზაობა რუტინულად არ მიმდინარეობს, თუმცა რიჩმონდის აზრით, ტრიტიუმი შესაძლოა კვების ქსელში აღმოჩნდეს, რადგან შედარებით დიდი ორგანიზმები უფრო პატარა, დაბინძურებული ორგანიზმებით იკვებებიან. ოკეანოგრაფისა და საზღვაო ქიმიკოსის, შიგეიოში ოტოსაკას შეფასებითაც, ტრიტიუმი ორგანულად შეკრული ფორმით, შესაძლოა თევზებსა და წყლის სხვა ბინადრებში აღმოჩნდეს: „მიმაჩნია, რომ რადიონუკლიდების გავლენა გარემოზე გრძელვადიან პერიოდში უნდა შეფასდეს“.
TEPCO-ს სპიკერის ინფორმაციით, წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე ALPS-ით დამუშავებული წყლის გავლენის შესასწავლად, ტესტირებები უკვე ტარდება. „ჩვენ დავადასტურეთ, რომ ტრიტიუმის კონცენტრაცია წყალში მცხოვრებ ორგანიზმებში გარკვეული პერიოდის შემდეგ წონასწორობას აღწევს და არ აღემატება საცხოვრებელ გარემოში კონცენტრაციას“, – განაცხადა სპიკერმა და დასძინა, რომ ტრიტიუმის კონცენტრაცია დროთა განმავლობაში, ორგანიზმების დაუმუშავებელ ზღვის წყალში დაბრუნებასთან ერთად, მცირდება.
ჯიმ სმიტის განცხადებით, ტრიტიუმით დაბინძურებული წყლის გამოშვება ატომური ელექტროსადგურების საოპერაციო პროცედურის შემადგენელი ნაწილია. სმიტის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჰეიშამისა და სელაფილდის ატომური საწვავის გადამმუშავებელი ქარხნები, ოკეანეში 400-დან 2,000-მდე ტერაბეკერელ ტრიტიუმს უშვებენ. Β–ემიტერის სისუსტიდან გამომდინარე, ელექტროსადგურებიდან გაშვებული წყლები რადიოტოქსიკური არ არის. ოტოსაკას განცხადებით, მსგავსი მდგომარეობაა იაპონიაშიც. ავარიამდე, რეგულარულად მუშაობისას, ელექტროსადგურებიდან ოკეანეში ყოველწლიურად 50 ტერაბეკერელზე მეტი ტრიტიუმი გამოიყოფოდა. TEPCO-ს მონაცემებით, მილსადენის საშუალებით, წლიურად 22 ტერაბეკერელზე ნაკლები ტრიტიუმის გამოყოფა იგეგმება, რაც კონტროლირებად სიჩქარეს შეიძლება ჩაითვალოს.
ფუკუშიმის ჩამდინარე წყლის გაშვებისა და დალექვის ტერიტორიაზე უწყვეტ მონიტორინგს უშუალოდ TEPCO, იაპონიის ბირთვული რეგულაციების ორგანო და IAEA უხელმძღვანელებს. IAEA, რომელიც ფუკუშიმის გაწმენდასა და მართვას ზედამხედველობს, ჩამდინარე წყლების გაშვების საბოლოო გეგმას სავარაუდოდ ივნისის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.