სულ რაღაც ორი წლის წინ, შეტყობინებების აპლიკაციის სტარტაპის, IRL-ის (In Real Life) ღირებულებამ, SoftBank Vision Fund 2-ის ხელმძღვანელობით წარმართულ დაფინანსების რაუნდში, $1.2 მილიარდს მიაღწია.
კომპანია, რომელიც „უნიქორნის სტატუსით“ ამაყობდა, ხშირად აღნიშნავდა, რომ სტარტაპმა დღემდე $200 მილიონზე მეტის მოგროვება შეძლო და საკუთარ თავს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ჯგუფად მოიხსენიებდა. IRL-ის აღმასრულებელი დირექტორის, აბრაამ შაფის განცხადებით, „სტარტაპის მთავარ მიზანს ყოველთვის ავთენტური და ორგანული თემების შექმნა წარმოადგენდა“.
თუმცა გასულ წელს კითხვის ქვეშ სწორედ IRL-ის ავთენტურობა დადგა, როდესაც კომპანიის თანამშრომლებმა ეჭვი შეიტანეს შაფის განხადებებში, რომელთა თანახმადაც, სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 20 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. ეჭვებზე დაყრდნობით, დირექტორთა საბჭოს გამოძიებამ დაადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა 95% „ავტომატიზებული ან ბოტი“ ანგარიში იყო.
The Information-ის ინფორმაციით, ყალბი ანგარიშების სიმრავლის გამო, აპლიკაცია უახლოეს პერიოდში დაიხურება. „გამოძიების საფუძველზე, აქციონერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომპანიის შემდგომი პერსპექტივები არამდგრადია“, – განუცხადა კომპანიის სპიკერმა გამოცემას და IRL-ის დახურვა დააანონსა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სტარტაპის მომხმარებლებში ბოტების რაოდენობის სიუხვეზე შეშფოთება გამოთქვა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აპრილში CEO-ს თანამდებობა შაფმაც დატოვა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.