21 იანვარს, თბილისში გამართული ქალთა მარშის ფერადი პლაკატებითა და ბანერებით შეიარაღებული ორგანიზატორები, რომლებიც რამდენიმე ენაზე სკანირებდნენ ქალთა უფლებების მხარდამჭერ ლოზუნგებს, სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც მათ საპროტესტო მსვლელობას დაახლოებით ასიოდე ადამიანი შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართული მარში გლობალური ქალთა უფლებების მხარდამჭერი მოძრაობის ნაწილი იყო, მისი ორგანიზატორები განსხვავებული ბექგრაუნდის, ეროვნებისა და სხვადასხვა მიზეზით შეკრებილი ქალები და მამაკაცები იყვნენ.
მაგრამ ერთი რამ, რაც შეკრებილ ადამიანებს აერთიანებდა, იყო ვაშინგტონის ქალთა მარშისადმი სოლიდარობის გამოხატვის ძლიერი სურვილი და მსოფლიოსა და საქართველოში ქალებისა და გოგონების აქტიური მხარდაჭერის დაფიქსირება.
ვაშინგტონის ქალთა მარში წარმოადგენს სახალხო მოძრაობას, რომელსაც ბიძგი აშშ-ში ნოემბერში გამართულმა არჩევნებმა მისცა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში იგეგმებოდა ფარტომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, რომელიც გახდებოდა სიგნალი იმისა, რომ ქალთა უფლებებს ვერავინ შეზღუდავს და რომ ადამიანთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს ტოლერანტობას, თანასწორ და ინკლუზიურ გარემოს. საპროტესტო აქცია იმ ხედვის მხარდაჭერას გამოხატავდა, რომელიც, მათი აზრით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისას ეწინააღმდეგება.
საპროტესტო მარში, რომელსაც ვაშინგტონში მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო მთელ მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა, აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საპროტესტო აქციად არის მიჩნეული.
The New York Times, Al Jazeera, The Guardian, CNN და სხვა მედიასაშუალებებით გაშუქდა თბილისში ჩატარებული ქალთა მარში, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარე 600 ე.წ. “დატა მარშის” ნაწილს წარმოადგენდა.
მარშის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამშაბათ საღამოს, Forbes Georgia-ს ჟურნალისტი ინგე სნიპი გაესაუბრა თბილისში გამართული მარშის რამდენიმე ორგანიზატორს და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ შეუერთდნენ ისინი ამ ახალ მოძრაობას და რა ელის ამ მოძრაობას მომავალში.
პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ მოხდა თქვენი გაერთიანება საქართველოში და რატომ გადაწყვიტეთ ამ მარშის აქ გამართვა?
მეგი: მინდოდა, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჩემს მსგავსად არ შეეძლოთ აშშ-ში დაბრუნება, მიმეცა შესაძლებლობა, გამოეთქვათ საკუთარი შეშფოთება და უკმაყოფილება. ის გარემოება, რომ ჩვენ საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ პროცესში. რაც შეეხება ქართველებსა და აქ მცხოვრებ ევროპელებს, ჩვენ ყველანი ერთად ვართ და მათი სოლიდარობის ხმაც აუცილებლად უნდა გაიგოს ყველამ.
მაკა: მეგის ერთ-ერთ წვეულებაზე ვესაუბრე სოლიდარობის მარშის საქართველოში ორგანიზების შესაძლებლობის თაობაზე და გადაწყვეტილება უმალ მივიღე ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკელი ხალხისადმი ჩემი სოლიდარობის გამოხატვა მსურდა. მე ერთი წელი ვსწავლობდი ამერიკის საშუალო სკოლაში და ამერიკა ჩემთვის მეორე სამშობლოა. ამერიკაში გამართული არჩევნები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც და ასევე ქალთა და უმცირესობათა უფლებებზე ყველგან. მსურდა, რომ საქართველო შეერთებოდა მთელ მსოფლიოს და საკუთარი პოზიცია გამოეხატა თანასწორობის, ქალთა და უმცირესობათა უფლებების, ინკლუზიურ და ტოლერანტულ გარემოსთან მიმართებით.
ხათუნა: მეც იგივე მიზეზები მამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კითხვა დამიგროვდა ქალთა უფლებების კუთხით. საპროტესტო მარში იყო ერთგვარი საშუალება, გამომეხატა საკუთარი მზარდი შეშფოთება, ბრაზი და აღშფოთება იმ მოვლენების გამო, რომლებსაც ვაკვირდებით როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში. რადგანაც იმას, რაც ხდება ამერიკაში, პირდაპირი გავლენა აქვს საზოგადოებაზე საქართველოში. გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მეგიმ შემომთავაზა მარშის დროს სიტყვით გამოსვლა. ჩემი პასუხი იყო: მე რისი გაკეთება შემიძლია ან რა წვლილი შეიძლება, შევიტანო? ამავდროულად ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ვგრძნობდი, რომ ვაკეთებდი რაღაცას, რასაც გავლენის მოხდენა შეეძლო. განსაკუთრებით მახარებდა ის, რომ თუ ჩემი ქალიშვილი მოისმენდა ჩემს გამოსვლას, ეს მისთვის მაგალითი იქნებოდა.
ჯოზეფი: პირადად ჩემთვის ცოტათი გაურკვეველი იყო, თუ რა საერთო მიზანს ემსახურებოდა ვაშინგტონის ქალთა მარში. მაგრამ საქართველოში, ყველა საკითხში, რომელიც მე მაღელვებს, ჭარბობს გენდერული ფაქტორი. ასე რომ, საქართველოში გამართულ მარშში მონაწილეობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვაშინგტონში ან ლონდონშიც ასევე მოვიქცეოდი და მონაწილეობას მივიღებდი. მაგრამ აქ, თბილისში, ჩავთვალე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემი სოლიდარობა ამ მოძრაობისადმი და იმის უზრუნველყოფა, რომ მინიმუმ ერთი მამაკაცი მაინც გამოხატავდა თავის მხარდაჭერას ამ მარშისადმი.
მეგი: ასე რომ, მე მივწერე მაკას, ჯოზეფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს და ვუთხარი მათ: “ვიცი, რომ ნაჩქარევად გატყობინებთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას. თანახმა ხართ, შემომიერთდეთ?” ეს იყო მათი მხრიდან წარმოუდგენელი მსხვერპლი და დასტური დიდი ერთგულებისა. მათ თავიანთი დრო დაუთმეს იმ ღონისძიებას, რომელიც ესოდენ პროფესიონალურად იყო ორგანიზებული. მარშის ორგანიზებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათ ეს დროის მცირე მონაკვეთში მოახერხეს.
მედიაში მარში წარმოდგენილი იყო როგორც ტრამპის საწინააღმდეგო პროტესტი, მაგრამ თქვენგან ასეთი რამ არ მსმენია.
მაკა: ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებობს ორი ძალა, რომელიც ამ ნარატივის უკან დგას და მარშს ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს უწოდებს. ეს ერთ-ერთი პრორუსული პროპაგანდაა, რომელიც ძალზე აქტიურად მოქმედებს ქვეყანაში და ჩვენ სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ზეგავლენას. მაგრამ არიან ასევე ისეთებიც, ვინც მაინცდამაინც ვერ აცნობიერებს ამ რუსულ ნარატივს, მაგრამ გულუბრყვილოდ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე იმეორებს მას. სიმართლე რომ ვთქვათ, მარშის ბიძგი ტრამპის არჩევა გახდა, მაგრამ მოგვიანებით ეს უფრო დიდ პროტესტში გადაიზარდა. ვფიქრობ, რომ ცოტათი ღირსების შემლახველია მას მხოლოდ ტრამპის საწინააღმდეგო მოძრაობა ვუწოდოთ. ეს არის გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი მსვლელობა. მე ჭეშმარიტად მჯერა, რომ როდესაც ჩვენ ტრამპის მოწინააღმდეგეების იარლიყს გვაკერებენ, ამით დიდ ზიანს აყენებენ ზოგადად ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში და ეს რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ ყველას ვურჩევ, უფრო სიღრმისეულად შეხედონ ამ საკითხს და მიხვდნენ, თუ რას ემსახურება სინამდვილეში ეს მოძრაობა.
ჯოზეფი: ვფიქრობ, დიდია ცდუნებაა იმისა, რომ ეს მოძრაობა აღიქვა როგორც ტრამპის პრეზიდენტად არჩევაზე რეაქცია, თუკი ტრამპში ხედავთ ექსკლუზიურ შემთხვევას. გლობალურად ამას სულ უფრო ხშირად ვაწყდებით და ეს მარშიც სწორედ ამან განაპირობა. ვფიქრობ, რომ კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, მთელ მსოფლიოში უამრავი ნეგატიური რამ ხდება, ეს მარში წარმოადგენს ბიძგს, რათა ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დასაცავად.
მეგი: დიახ, ალბათ ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ერთგვარი გამოფხიზლების სიგნალად იქცა უამრავი ადამიანისათვის, რომელთაც ადრე საკუთარი უფლებების დაცვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ჰქონდათ მინდობილი. მიუხედავად იმისა, რომ წარსულშიც იყო განსხვავებები გატარებულ პოლიტიკაში, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა მაინც ყოველთვის თანხმდებოდა და იზიარებდა რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას.
კიდევ რა სახის კრიტიკას წააწყდით?
ხათუნა: როდესაც ბიძაჩემმა მნახა ამ მოძრაობაში, მან მაშინვე მკითხა, ვაპირებდი თუ არა პოლიტიკაში წასვლას. მე მას ავუხსენი, რომ პოლიტიკა აქ არაფერ შუაში იყო. ამის პასუხად, 75 წლის ბიძაჩემმა მითხრა, რომ საქართველო ფრთხილად უნდა მოეპყრას ამგვარი მესიჯების გავრცელებას.
ჯოზეფი: რომ არ გავანაწყენოთ ამერიკა.
მაკა: მაგრამ როდესაც ევრომაიდანზე გამოვხატე საკუთარი პროტესტი იქ შეკრებილი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მაშინ მთელ მსოფლიოში იმართებოდა პროტესტები. მახსოვს, როგორ მეკითხებოდა ხალხი: “რატომ ერევი რუსეთის პოლიტიკაში?” იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რუსეთი არ არის. მე გული შემტკივა ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და მათი ტანჯვის გამო. მე არ ვადარებ რუსეთსა და ამერიკას (იცინის), ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მხოლოდ სოლიდარობის გამო ვამბობ ამას. ამ სამყაროში, სადაც ჩვენ საზღვრების არარსებობაზე ვსაუბრობთ, ჩემს ღირებულებებს ეწინააღმდეგება საკუთარი თავის შეზღუდვა საკუთარი პატარა საზოგადოებით. მაგალითად, ის, რაც სირიაში ხდება. ჩვენ ვალდებული ვართ, უფრო მეტი საპროტესტო აქცია გავმართოთ სირიელი ხალხის მხარდასაჭერად!
ჯოზეფი: ეს ძალიან კარგი კითხვაა, რატომ არ უნდა შეგვეძლოს ამ საკითხებზე საუბარი, ამ გლობალურ საკითხებზე.
მაკა: ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გაკვეთილია. ეს ხომ პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც ძალთა ასეთი მობილიზება მოხერხდა იმ მოვლენების გარშემო, რაც ამერიკის შიგნით ხდება.
მეგი: დღეს ისიც კი მკითხეს, თუ რატომ ვცდილობდი ჩემი ღირებულებები თავს მომეხვია საქართველოსთვის. მე მათ ვუპასუხე, რომ მე ვსაუბრობ როგორც ამერიკის მოქალაქე იმაზე, რაც მინდა, ჰქონდეს მსოფლიოს და ამერიკას. მაგრამ მე საქართველოში ვცხოვრობ და მსურდა, ეს საკითხი კოლექტიურად განხილულიყო. ჯოზეფი: მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ არის ასეთი დიდი აჟიოტაჟი ამის გარშემო. რატომ არ უნდა გაბედონ უცხოელებმა ქართულ სივრცეში ამგვარი მოქმედება, ან პირიქით, ქართველებმა – უცხოეთში?
მაკა: ჩვენ არაერთი კომენტარი მოვისმინეთ განსაკუთრებით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალთა უფლებების მხარდამჭერ მარშში ვიღებდით მონაწილეობას. მაგრამ ეს უფრო ონლაინ/ ინტერნეტტროლების მიერ გავრცელებულ კომენტარებს ჰგავდა – ადამიანებისას, რომლებიც პრორუსულ ნარატივს “სპუტნიკის” საინფორმაციო არხზე ავრცელებენ. ჩემი მისამართით გაკეთებული შემდეგი კომენტარები მოვისმინე: “შენი ადგილი სამზარეულოშია”, “რა ქალი ხარ ამის შემდეგ?” “შენი ადგილი არ არის საჯარო სივრცეში”… ამგვარი რეაქციები იყო, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელო და მათ ჩემზე გავლენა სულაც არ მოუხდენია.
და რაიქნება შემდეგ? რა გეგმები აქვს თქვენს მოძრაობას?
მეგი: რეალურად ნებისმიერი მოძრაობა წარმოადგენს გარკვეულ საუბარს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ დაწყებული საუბარი და ის, რასაც ამ საუბარმა ბიძგი მისცა, გაგრძელდება. დიდია ინტერესი როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული საზოგადოების მხრიდან, რომ ეს საუბარი გაგრძელდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ისე, რომ ხალხმა ამ პროცესში შეძლებისდაგვარად ჩართვა შეძლოს, მათზე ზედმეტი ტვირთის დადების გარეშე. და ასევე ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი რამის შექმნა, რაც ორგანულად ერწყმის ადგილობრივ საზოგადოებას. მაგრამ ჩვენი პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს მორიგი ორგანიზაციული საუბრის გამართვა და ხალხის ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება გვსურს, ერთ-ერთია სახალხო ხელოვნება. პირადად მე დიდი სურვილი მაქვს, ჩემს თანამემამულე ამერიკელებთან ერთად, რომლებიც ასევე უცხოეთში ცხოვრობენ, ჩავერთო იმ ათ ღონისძიებათაგან რამდენიმეში მაინც, რომლებიც ამერიკაში მიმდინარე ქალთა მარშის ფარგლებში იმართება. მსურს, რომ ამაში ერთად, როგორც საზოგადოება, ჩავერთოთ.
მაკა: ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტით და ზოგიერთი კომპონენტი ქართულ კონტექსტში გადმოვიტანოთ. თუ თქვენ სენატორს სწერთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პრემიერ-მინისტრს მივმართოთ, ისე, რომ ორი პარალელური და ამავდროულად ურთიერდაკავშირებული აქტი ჩავატაროთ.
მეგი: ამ გლობალური მოძრაობის შიგნითაც ახლა გაჩნდა შეკითხვები: “ჩვენ შევქმენით ეს პლატფორმა, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდება?” ჩვენ გვსურს დავაკვირდეთ და ვნახოთ, თუ რამდენად აზრიანი და ღირებულია გლობალური ქალთა მარში ჩვენთვის და გავარკვიოთ, გვსურს თუ არა მასთან კავშირის გაგრძელება.