ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ზედიზედ მერვე წელია, რაც მსოფლიოში გლობალური მშვიდობის მაჩვენებლების გაუარესების ტენდენცია ფიქსირდება. უახლესი მონაცემებით, ამჟამად საერთაშორისო კონფლიქტები უკანასკნელი 15 წლის მაქსიმუმზეა, მთავრობათა ნაწილმა კი, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გლობალური ტერიტორიების 15% მოგზაურობისთვის არასასურველი მიმართულებების სიაში დაამატა.
გლობალური მშვიდობის ინდექსის ყოველწლიური მოხსენებით, მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ქვეყნის სტატუსს, 2008 წლის შემდეგ, კვლავ ისლანდია ინარჩუნებს, რომელსაც მეორე ადგილით დანია მოჰყვება. ცნობისთვის, ისლანდია მსოფლიოს მესამე ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდაა დასახელებული. 2023 წლის ხუთეულს, კვლავ ევროპის დომინირებით, ირლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია ასრულებენ.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის შეფასებით, 2023 წელს გასულ წლებთან შედარებით კონფლიქტებმა ბევრად უფრო საერთაშორისო სახე მიიღო – მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტი (56%) გარე კონფლიქტებშია ჩართული, კონფლიქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი უკანასკნელი საუკუნის (რუანდის გენოციდის შემდეგ – 1994 წელი) მაქსიმუმს აღწევს.
ათეულში დომინირებით, ევროპამ რეკორდი გასულ წელს დაამყარა – 2022 წლის ანგარიშში, მსოფლიოს ათი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნიდან რვა ქვეყანა სწორედ ევროპაში მდებარეობდა. წელს მათი რაოდენობა მხოლოდ ერთით შემცირდა, თუმცა, რუსეთთან დაძაბულობის გამო, რეგიონი ამჟამად გაცილებით ნაკლებად მშვიდობიანია, ვიდრე 15 წლის წინ იყო.
აშკარაა, რომ უკრაინის ომმა სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა რეალურად ეთიოპიაში კონფლიქტის შედეგად (100,000) ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე უკრაინაში (83,000). 2008 წლიდან ყველაზე მეტად გაუარესებულ ინდიკატორებს შორის, სწორედ გარე კონფლიქტები და ძალადობრივი დემონსტრაციები გვხვდება.
2023 წლის ანგარიშით, მკვლელობების მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 6-ჯერ აღემატება დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს. უცვლელი დარჩა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყნების ჩამონათვალი – ავღანეთი ზედიზედ მერვე წელია, ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან ქვეყნად სახელდება, შემდეგ კი მოდიან: იემენი, სირია, სამხრეთი სუდანი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
ნაკლებად მშვიდობიანი მსოფლიო ზრდის ეკონომიკურ არასტაბილურობას და მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალურ მშპ-ს. მოგზაურობისთვის ქვეყანათა არასასურველ მიმართულებებად დასახელება კი ტურიზმის სფეროს აზიანებს, რის შედეგადაც ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალიც მცირდება. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ, ცოტა ხნის წინ, მოგზაურობის „შავ სიაში“ ჯამში 21 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ირანი, სუდანი და ბელარუსი დაამატა.
მიმდინარე წლის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და 2.071 ქულით, 94-ე ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ, რომელსაც 95-ე ადგილით, მეზობელი აზერბაიჯანი მოჰყვება – შედეგად, საქართველო და აზერბაიჯანი მშვიდობის დონის მიხედვით, ქვეყნების საშუალო დონის ჯგუფში ერთიანდებიან. ამავე ჯგუფშია სომხეთი, შედარებით მაღალი, 66-ე პოზიციით, ხოლო თურქეთი, 2.8 ქულით, მშვიდობის დაბალი დონის მქონე ქვეყნების რიგებშია.
რაც შეეხება რუსეთს (158), ქვეყანა გასულ წელთან შედარებით სამი პოზიციით ჩამოქვეითდა და ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს მხოლოდ ერთი პოზიციით უსწრებს უკრაინა, რომელმაც, მიმდინარე ომის შედეგად, რეიტინგში 2022 წლის შემდეგ 14 პოზიცია დაკარგა და 157-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მეთოდოლოგია: ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2023 წლის ანგარიშმა ჯამში 163 ქვეყანა მოიცვა. ქვეყნებში გლობალური მშვიდობის ინდექსი 23 ინდიკატორზე დაყრდნობით ფასდება, რომლებიც თავის მხრივ სამ კატეგორიად იყოფა: მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფლიქტები, საზოგადოების უსაფრთხოება და დაცულობა, მილიტარიზაცია. ქვეყნის მშვიდობიანობის დონე 1-დან 5 ქულამდე ფასდება: 1 ქულა სრულად მშვიდობიანს ნიშნავს, ხოლო 5 – ძლიერ საფრთხეს.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 2023 წლის ათეული:
- ისლანდია – 1.124 ქულა
- დანია – 1.31 ქულა
- ირლანდია – 1.312 ქულა
- ახალი ზელანდია – 1.313 ქულა
- ავსტრია – 1.316 ქულა
- სინგაპური – 1.332 ქულა
- პორტუგალია – 1.333 ქულა
- სლოვენია – 1.334 ქულა
- იაპონია – 1.336 ქულა
- შვეიცარია – 1.229 ქულა
ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნების 2023 წლის ათეული:
- ერაყი – 3.006 ქულა
- სუდანი – 3.023 ქულა
- სომალი – 3.036 ქულა
- უკრაინა – 3.043 ქულა
- რუსეთი – 3.142 ქულა
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 3.214 ქულა
- სამხრეთი სუდანი – 3.221 ქულა
- სირია – 3.294 ქულა
- იემენი – 3.35 ქულა
- ავღანეთი – 3.448 ქულა