დეკრეტული ფული (ინგლისურად Fiat Money) არის ქვეყნის ხელისუფლების (ძირითადად ცენტრალური ბანკის) მიერ გამოშვებული ფული, რომლის ღირებულება ოქროს რეზერვით ან სხვა ფიზიკური აქტივით არ არის განპირობებული. დეკრეტული ფულის ღირებულებას ფულის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. დეკრეტული ფულის მსყიდველობით უნარზე და გაყალბებისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მსყიდველობითი უნარის კონტროლი ცენტრალურ ბანკს (საქართველოში ეროვნულ ბანკს) შეუძლია ეკონომიკაზე ფულის მიწოდების რეგულირებით.
საბოლოო ჯამში, დეკრეტული ფული ნდობაზეა დაფუძნებული. საზოგადოება აღიარებს, ენდობა და ეს აქცევს ფულად. დეკრეტული ფული ძირითადად ქაღალდის ფულის შემოღებასთან არის დაკავშირებული, თუმცა 1970-იან წლებამდე ქაღალდის ფულის მსყიდველობითი უნარის გარანტორი პირდაპირ ან ირიბად ოქრო იყო.
დღეს ქვეყნების ეროვნული ვალუტები ძირითადად დეკრეტული ფულია, მათ შორის: აშშ დოლარი, ევრო, იუანი, იენი, რუბლი, ლირა, ლარი და ა.შ.