ერდოღანის სტრატეგიისგან გადახვევა - თურქეთი რეფინანსირების განაკვეთს ზედიზედ მეორე თვეა ზრდის

ერდოღანის სტრატეგიისგან გადახვევა - თურქეთი რეფინანსირების განაკვეთს ზედიზედ მეორე თვეა ზრდის

თურქეთის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზედიზედ მეორე თვეა ზრდის, რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩვეული სტრატეგიისგან რადიკალურად განსხვავდება. გადაწყვეტილების მიზანი ქვეყანაში სწრაფად მზარდ ინფლაციასთან გამკლავებაა. ამ ცვლილებების შემდგომ, თურქეთის რეფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელი 17.5%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ბოლო წლების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეფინანსირების განაკვეთის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტები ამგვარ პოლიტიკას არარაციონალურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს წარმოადგენს ლირის რეკორდული გაუფასურებისა და ინფლაციის ზრდის ძირითად მიზეზს. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მთავარი ახსნა კი არის ის, რომ მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ბიზნესებისთვის სესხის აღებას ართულებს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ წარმოებაზე უარყოფითად აისახება.

თურქეთი უკვე რამდენიმე წელია, რეფინანსირების განაკვეთს პერიოდულად ამცირებდა: მისი მაჩვენებელი 2021 წელს 19%-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის მარტს – 8.5%-ს. პარალელურად, 2022 წლის დასასრულს, ოფიციალური წყაროების მიხედვით, ინფლაცია 85%-ს აღწევდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნების უმეტესობის მიზანი ინფლაციის 2%-3%-ზე შენარჩუნებაა.

2023 წლის არჩევნებში ერდოღანის ხელახალი გამარჯვების შემდგომ, თურქეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, მეჰმეთ შიმშეკი მოსახლეობას „რაციონალური“ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თურქეთის ეროვნულ ბანკსაც – ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ ჰაფიზე ერქანმა ჩაიბარა. თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის კურსი პოსტზე სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ აირჩია. შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა ივნისში რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 8.5%-დან 15%-მდე გაზარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, ინფლაციამ 38.2% შეადგინა, რაც ბოლო წლების მაჩვენებლებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. თურქეთის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათთვის ინფლაციის დონის სამიზნე ზღვარი 5%-ს შეადგენს.

ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 17.5%-მდე საკმარისი არ არის ინფლაციის სასურველ დონემდე შესამცირებლად. შესაბამისად, ისინი თურქეთს განაკვეთის უფრო მეტად გაზრდისკენ მოუწოდებენ.