სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში მთლიანობაში 2.09 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციები ჩაიდო. ეს 2021 წლის მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი, 538 მილიონი აშშ დოლარი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში ჩაიდო. ეს თანხა მთლიანი ინვესტიციების 25.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, უძრავ ქონებაში – $366.5 მილიონის; წყალმომარაგებასა და ნარჩენების მართვაში – $197.2 მილიონის; ვაჭრობაში – $189.4 მილიონის; ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში – $165.9 მილიონის; ინფორმაციასა და კომუნიკაციაში – $140.9 მილიონის; დამამუშავებელ მრეწველობაში – $134 მილიონის; ენერგეტიკაში – $129.6 მილიონის; ტრანსპორტში – $90.1 მილიონის; სასტუმროებსა და რესტორნებში – $66.7 მილიონის, ხოლო სხვა დანარჩენ სექტორებში $79.6 მილიონის მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო.
გასულ წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა და ჯამურად $437 მილიონი შეადგინა. ამ თანხას მთლიან ინვესტიციებში 20.8% უჭირავს.
2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
გაერთიანებული სამეფო $437 მილიონი
ესპანეთი $360.5 მილიონი
ნიდერლანდები $196.2 მილიონი
აშშ $1.765 მილიონი
ირლანდია $120.6 მილიონი
რუსეთი $108.1 მილიონი
ჩეხეთი $84.5 მილიონი
იაპონია $58.7 მილიონი
თურქეთი $55.1 მილიონი
ჩინეთი $43.6 მილიონი
დანარჩენი ქვეყნები $467.2 მილიონი