რუსული ეროვნული ვალუტის, რუბლის, გაუფასურებას ფონზე, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-დან 12%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 1 დოლარის გაცვლითმა კურსმა 101 რუბლი შეადგინა, რაც ამ უკანასკნელისთვის 17-თვიანი მინიმუმია.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი, მაქსიმ ორეშკინი რუბლის გაუფასურებაში ცენტრალური ბანკის სუსტ მონეტარულ პოლიტიკას ადანაშაულებს. საინტერესოა, რას შეფასებას გააკეთებს იგი, ბანკის მიერ ბოლოს გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, რუსეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აგვისტოს პირველი შვიდი დღის განმავლობაში 4.4%-ს შეადგენდა. ფასების ზრდამ კი ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალოდ წლიურად 7.6% შეადგინა. ამავე პერიოდში საბაზო ინფლაცია 7.1%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება რუბლს, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვალუტამ საკუთარი ღირებულების დაახლოებით 25% დაკარგა. მხოლოდ წელს რუბლის ღირებულება 30%-ითაა შემცირებული. ამის მიზეზი, ძირითადად, ომის გამო ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად წარმოქმნილი გაუარესებული სავაჭრო ბალანსი და გაზრდილი სამხედრო დანახარჯებია.