საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე ხმაურიანი რეორგანიზაციის ფონზე ნინო კირთაძემ ევროპის საბჭოს კინოფონდსა და ევროპული კინოს პრომოუშენში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი დატოვა. სანამ ბუნდოვანი და კინოს სექტორისთვის საფრთხედ აღქმული პროცესი მიმდინარეობს, მიმოვიხილეთ ის თემები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის განსჯის საგანი გახდა და ქართული კინოს მდგომარეობასა და პოტენციალზე ვილაპარაკეთ. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კირთაძესთან.
მოგესალმებით. თავდაპირველად მოგვიყევით ევროპის საბჭოს კინოფონდ „ევრიმაჟის“ შესახებ, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელი იყავით, შემდეგ კი ქართულ კინოზეც ვილაპარაკოთ.
„ევრიმაჟი“ – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფონდი, რომელიც დაახლოებით ორმოც ქვეყანას აერთიანებს (უმრავლესობა ევროპული ქვეყნებია) და 2011 წლიდან საქართველოც არის წევრი ქვეყანა. ყოველწლიური საწევრო გადასახადის სანაცვლოდ, ქვეყნებს შეუძლიათ ეროვნული კინოს პროექტების წარდგენა და საერთაშორისო დაფინანსების მიღება. წესების მიხედვით, „ევრიმაჟის“ გრანტი უნდა იყოს ფინანსური მონტაჟის ბოლო ეტაპი, ანუ მანამდე უკვე უნდა იყოს მოპოვებული ფილმის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 50% კოპროდიუსერი ქვეყნების კინოცენტრებიდან, შესაბამისი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან და უნდა გყავდეს გაყიდვების აგენტიც (sales agent). წლის განმავლობაში იმართება რამდენიმე სესია და თითოეული სესიის დროს ხდება წევრი ქვეყნების პროექტების წარდგენა კონკურსის წესით, ჟიურის წინაშე. თითოეულ ქვეყანას ჰყავს თავისი წარმომადგენელი და 2019 წლიდან მე ჩავერთე ამ პოზიციაზე, როცა კონკურსში სალომე ჯაშისა და დეა კულუმბეგაშვილის პროექტები მონაწილეობდა. ჩემი საქმიანობა მდგომარეობს იმაში, რომ კონკურსზე შეტანილი პროექტის პაკეტი წარმოვაჩინო ისე, რომ სხვა პროექტებთან კონკურენციაში უპირატესი გამოჩნდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფილმის პროექტის წარდგენასთან ერთად შენი ქვეყნის ლობირებასაც ახდენ. მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორები მონაწილეობენ ამ კონკურსში, თითქმის ყველა დიდი სახელი: ჩელანი, მუნჯიუ, ტრიერი, ბელოკიო… მიმდინარეობს ინტენსიური, ინტელექტუალური და პოლიტიკური პაექრობა და ასეთი ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, კონკურსში ქართველი რეჟისორები იმარჯვებენ. ჩემი მოვალეობაა, შევაფასო თითოეული პროექტის უპირატესობები და სისუსტეები, შევქმნა პროექტის წარდგენის სტრატეგია და პაკეტის ძირითად დოკუმენტებთან ერთად (სცენარი, რეჟისორის ხედვა, პროდიუსერის ხედვა) ვცადო იმ კომპონენტების წამოწევა, თუნდაც ჩემი სამსახიობო უნარებით, რითაც პროექტი მიმზიდველი, გამბედავი და საინტერესო აღმოჩნდება ჟიურისთვის. ცალკე ხელოვნებაა კარგი ფილმის წარმოჩენა და დაცვა.
რას იტყოდით პროექტების პოლიტიკურობაზე, ხშირად გვესმის პოზიცია, რომ კინო პოლიტიკური არ უნდა იყოს და უნდა დარჩეს მხოლოდ ხელოვნებად… როგორაა თუნდაც „ევრიმაჟში“?
არ გამოვა ეს არასოდეს, ამათი გამიჯვნა. მით უმეტეს, დღეს, პოლიტიკა რომც არ გინდოდეს, ის თავად შემოდის შენს ცხოვრებაში. შეხედეთ, რა ხდება – ომი არის ევროპის შუაგულში. სიტყვა და ნებისმიერი ნაბიჯიც კი იშლება პოლიტიკურ ჭრილში და არც არასდროს გამოდიოდა სხვაგვარად. აიღეთ ფილმი „შერეკილები“ – ეს არის პოლიტიკური ფილმი. ეს არის ფილმი თავისუფლებაზე.
ალბათ თქვენამდეც მოვიდა ბრალდებები „საფესტივალო კლასზე“ რითაც მოიხსენიეს ქართველი სინეასტები (filmmaker-ები), რომ ვითომ მხოლოდ ფესტივალებისთვის იღებდნენ…
A კლასის ფესტივალებზე რომ ვართ, ცუდია? ცუდია, მსოფლიო რომ ნახულობს ქართულ კინოს? ეს, პირიქით, საამაყოა. კინო არსებობს საავტორო და კომერციული, მათ შორის არის განსხვავება და კინოცენტრის არსი და პოლიტიკა საავტორო კინოს ხელშეწყობაა. საავტორო კინოს საფრანგეთშიც კი სჭირდება დაცვა და კინოცენტრებს ეს ფუნქცია აკისრია.
რისი მოლოდინი გაქვთ და როგორ აფასებთ საფრთხეებს? თუნდაც, ცენზურის საფრთხეს. მაგალითად, უკვე გვაქვს ცენზურის ქეისი კინოცენტრის ჟურნალის „კინ-O”-ს შემთხვევაში, რომლის ბოლო ნომერი აღარ დაიბეჭდა კრიტიკული სტატიებისა და თემატიკის გამო (ნომრის თემა იყო ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობა). ასევე, შესაძლო საფრთხეებად მიჩნეულია კონტროლის გამკაცრება დაფინანსებული სცენარისა და უკვე გადაღებული ფილმის შესაბამისობაზე, რომლის მიზანიც უნდა იყოს, ავტორებს არ მიეცეთ საშუალება, რამე ისეთი გადაიღონ, რაც წინასწარ არ ეცოდინება კინოცენტრს.
ეს კარგს არაფერს მოიტანს, რადგან დაახლოებით იგივეა, ბავშვი სანამ დაიბადება, წინასწარვე იცოდე და თქვა, რომ იქნება მაღალი, ტანადი და გამოვა აკადემიკოსი. ხომ კომიკურია? საქმე ისაა, რომ, ჯერ ერთი, ძალიან რთულად არის აღქმული ნებისმიერი კრიტიკა. იმის ნაცვლად, რომ პოზიტიურად იღებდე, ალბათ არ უნდათ არანაირი კრიტიკის მოსმენა. და მეორეც – თუ არ იცი სფერო, ვერაფერს ვერ გააკეთებ. კონტროლის დამყარება თუ გინდა, მაშინაც კი მოგიწევს, იცნობდე სფეროს. სცენარი ცოცხალი ორგანიზმია და ამას წინათ ჟუსტინ ტრიემაც [კანის 2023 წლის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმის რეჟისორი] კი თქვა, ფილმი, რომელიც უდრის სცენარს, არის ნულიო. რეჟისორია და ესმის, რომ ასე ხდება – ხელოვნებასთან გვაქვს საქმე.
ცალკე მინდა გთხოვოთ, შეაფასოთ ქართული კინოს ბიუჯეტი იმ მიღწევებთან შედარებით, რაც საერთაშორისო დონეზე გვაქვს.
დაფინანსება გვაქვს ძალიან მწირი. მე მგონი, ასე ცოტა ფული არცერთ სხვა ქვეყანას არა აქვს. ამის გამოცაა, რომ ჩვენთან ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რადგან ჰგონიათ, მათ დაფინანსება რომ არ შეხვდათ, ვინმემ წაართვა. საოცრად ცოტა ფულია, თუნდაც იმ მხრივ, რომ წელიწადში თითო კატეგორიაში მხოლოდ ერთხელ ცხადდება კონკურსი. ორჯერ მაინც რომ ტარდებოდეს მხატვრული სრულმეტრაჟიანი ან კოპროდუქციის ფილმების კონკურსები, ხომ სხვა სიტუაცია გვექნებოდა?! და ეს ცოტა ფულიც კი სინამდვილეში ჩვენს პროდიუსერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნების კინოფონდებს მიაკითხონ და მცირე ქართული დაფინანსებით დაიყოლიონ სხვები, შემოვიდნენ კოპროდუქციაში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფულის სიმწირე ქმნის საფრთხეს, რომ დავკარგოთ ფილმის მაჟორიტარული წილი და ფილმი იმ ქვეყანას მიეწეროს, ვინც მეტ ფინანსურ კონტრიბუციას გააკეთებს. კინოს პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესო ეს სიტუაცია, როგორ იშოვო დამატებით ფული, თუნდაც ტელევიზიების ჩართვით, ეროვნული დისტრიბუციის ხელშეწყობით და ქართველი მაყურებელი მიაჩვიო კინოს ყურებას.
ბოლოს მინდა, გთხოვოთ, ორი ჰიპოთეზური მოცემულობა წარმოიდგინოთ. პირველად, ყველაზე პესიმისტურ პროგნოზში, დავუშვათ, რომ ყველა შიში გამართლდა, რაც ამ პროცესის ირგვლივ არსებობს და მივიღებთ ცენზურას, კონტროლს და კონიუნქტურულ ფილმებს. თქვენი აზრით, რა დააკლდება ქართულ კინოს და მსოფლიო მასშტაბშიც საქართველოს პოზიციებს რა საფრთხე დაემუქრება?
გახსოვთ „ხუთი წინააღმდეგობა”? [ლარს ფონ ტრიერის ექსპერიმენტული ფილმი, რეჟისორის შემოქმედებით უნარებზე მკაცრად შეზღუდულ მოცემულობებში.] თუ ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, მაგრამ ხელოვანი ადამიანის ბუნებაა ისეთი, რომ გამოსავალს აუცილებლად მოძებნის. გაიხსენეთ საბჭოთა დრო… შემოქმედებით მუხტს ვერაფერს უზამ, რაც არ უნდა ქვაბი დააფარო, ეს პოტენციალი საქართველოში არსებობს და ქართული კინო ამით [ცენზურითა და კონტროლის მცდელობებით] ვერ გაჩერდება – მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხომ გინახავთ, ყვავილი ასფალტიდანაც რომ შეიძლება ამოიზარდოს, ასეთი რამეა თავისუფლება, რომელიც არის ძალიან ძვირფასი რამ და ხელოვანი ამ განცდის გარეშე არ არსებობს. წარსულში ბევრჯერ უცდიათ, გვაქვს ამის მაგალითებიც, იყო შავ-ბნელი პერიოდები კინოში, მაგრამ ეს შემოქმედებითი თავისუფლების მუხტი არ მოკვდა და ბუმერანგივით ბრუნდებოდა სულ. მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ქართული კინოს დახრჩობა. წავლენ და სხვაგან გააკეთებენ ფილმებს, უცხოეთშიც იშოვიან დაფინანსებას. როცა ჩვენს ახალგაზრდა პროდიუსერებს ვუყურებ, ვფიქრობ – ამ ენერგიას რა გააჩერებს?! მაგალითად, სულ ახლახან, Close up-ის პროგრამის სელექციაში სამი ქართული პროექტი იყო, ერთმანეთზე უკეთესები, რომლებზეც ლაპარაკი არის „კანში“, „სანდენსში“… გრძნობ ამ მუხტს, რომელსაც ვერ გაგუდავ. „ხუთი წინააღმდეგობაც“ მაგალითია, რომ ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი და უბრალოდ დაიწყება ამ გამოსავლების ძებნა, თორემ მუხტს ვერ მოკლავენ.
მოდი, ახლა საპირისპირო წარმოვიდგინოთ: ქართულ კინოს საკმარისი დაფინანსება და ხელისშეწყობა რომ ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან და სწორი სახელოვნებო პოლიტიკის პირობებში, რა სიმაღლეებს შეიძლება, მივაღწიოთ? მსოფლიო რუკაზე თავის დამკვიდრების რამხელა პოტენციალი გვაქვს?
ხელის შეწყობა, რასაკვირველია, საჭიროა ფინანსების მხრივ, რომ მეტი ფული გამოიყოს, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგია. ფილმის კეთება ხომ გრძელი და მრავალეტაპიანი პროცესია და საჭიროა სწორი ნაბიჯების გათვლა. მაგალითად, რა ეტაპზე უნდა მოხდეს გაყიდვების აგენტებთან დაკავშირება და მათი ჩართვა. სამუშაო გვაქვს, როგორ უნდა დავაინტერესოთ სერიოზული გაყიდვების კომპანიები ჩვენი კინოპროდუქციით, როგორ უნდა ვისწავლოთ ფილმის პროექტის პაკეტის შეკვრა, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ მსოფლიოს ნებისმიერ კინოფონდში, განსაკუთრებით, სამი მთავარი კოპროდუქციის ქვეყნების: საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის ფონდებში. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ახალ შესაძლებლობებს ფეხი ავუწყოთ მსოფლიო მასშტაბით, როგორ დავხარჯოთ გამოყოფილი ბიუჯეტი სწორად და სცენარის ფილმთან შესაბამისობის შემოწმების ნაცვლად, ეფექტიანად მივუდგეთ ფილმის კეთების ყველა ეტაპს და დროულად ჩავრთოთ ის კომპონენტები, რომლებიც საბოლოოდ წყვეტენ ფილმის ბედს, მოხვდება ის „კანში“ თუ სხვა ადგილას.