NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა, OSIRIS-Rex-მა, გუშინ, კოსმოსში გატარებული თითქმის შვიდი წლის შემდეგ, ნიმუშებით სავსე კაფსულა დედამიწაზე წარმატებით დაუშვა. მისიის ფარგლებში აპარატმა ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან მტვერი და კლდის ფრაგმენტები შეაგროვა. ნიმუშების შესწავლა მეცნიერებს შესაძლოა მზის სისტემის ფორმირებისა და სიცოცხლის წარმოშობაზე ახალი მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმაროს.
ზონდი, რომელიც კოსმოსში 2016 წელს გაიგზავნა, სოლტ-ლეიკ-სიტიდან დასავლეთით, 128 კილომეტრის მოშორებით დაეშვა. OSIRIS-Rex-ი NASA-ს პირველი მისია გახდა, რომელმაც ასტეროიდ ბენუდან ნიმუში წარმატებით შეაგროვა და დედამიწაზე ჩამოიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბენუ ჩვენგან დაახლოებით 50 მილიონი მილის (80,467,200კმ) დაშორებითაა, NASA-ს მიერ „დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდად“ არის მიჩნეული. სააგენტოს განცხადებით, ბენუ შესაძლოა იმავე მოლეკულებისგან შედგებოდეს, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის პირველად წარმოშობის პერიოდში, 4.5 მილიარდი წლის წინ არსებობდა. მეცნიერების აზრით, ბენუზე ერთ დროს წყალი მიედინებოდა და მართალია, ასტეროიდზე ატმოსფერო არ არის, მას მაინც „ბევრი ფაქტორი აქცევს სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ ადგილად“.
მეცნიერებმა ბენუ პირველად 1999 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ მასზე მონაცემებს აგროვებენ. NASA-ს ვარაუდით, ის მზის სისტემის ისტორიის პირველ 10 მილიონ წელიწადში, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ვაკუუმში დიდი ხნით ყოფნის გამო, ასტეროიდს შესაძლოა კიდევ ჰქონდეს ადრეული სიცოცხლის შემქმნელი მოლეკულები შენარჩუნებული.