ნახშირორჟანგის გამოყოფა კლიმატის ცვლილების გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ მისი ემისიის შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან და შესაბამისი შეზღუდვები შემოიღონ. თუმცა პრობლემის მოგვარების გზა ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს. ცალკეული ინდუსტრიების შეზღუდვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მას უფრო კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. ამისათვის კი თავდაპირველად იმ ინდუსტრიების იდენტიფიცირებაა საჭირო, რომლებიც ნახშირორჟანგს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფენ. სტატიაში სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.
სტატისტიკა S&P Global Inc.-ის მონაცემებზეა დაფუძნებული და შედარებისთვის პირველადი მასშტაბის ემისიების საშუალო ინტენსივობას სექტორების მიხედვით მიმოიხილავს. დასაწყისისთვის კი განვმარტოთ, რას ნიშნავს პირველადი მასშტაბის გამონაბოლქვი. პირველადი მასშტაბის ემისია გახლავთ სათბური აირების ემისია, რომლის გამოყოფის წყაროც კომპანიების მფლობელობაში ან კონტროლქვეშ მყოფი ობიექტებია. ასეთები შეიძლება იყოს საწარმოები ან ავტომობილები.
პირველადი მასშტაბის ემისიები კომპანიების ეკომეგობრული მიდგომების ყველაზე მკაფიო მაჩვენებელია, რაც ყველაზე უკეთ განმარტავს, თუ რა რაოდენობის გამონაბოლქვი გამოიყოფა კომპანიის მიერ წარმოებულ ერთეულ პროდუქტზე, იქნება ეს ფიზიკური პროდუქტი, ციფრული პროგრამა თუ სერვისი.
S&P Global-ის მონაცემებით, 2019-2020 წლებში ყველაზე დიდი რაოდენობით ემისიები კომუნალურ ინდუსტრიაზე მოდიოდა. ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე, კომპანიები კომუნალური მოხმარების სახით 2,634 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფდნენ. იმავე მაჩვენებლით მეორე ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სამშენებლო და ქიმიური მასალების, მეტალებისა და შესაფუთი მასალების სექტორია. ამ სექტორში კომპანიები ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე 918 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ენერგეტიკის ინდუსტრია ამ მხრივ მესამე ყველაზე დიდი სექტორია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენა, მოპოვება და წარმოება ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე 571 ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ინდუსტრია | ინდუსტრიის აღწერა | პირველადი მასშტაბის ემისიები ყოველ $1 მლნ შემოსავალზე, 2019-2020 |
კომუნალური | ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი | 2,634 ტონა |
მასალები | ქიმიური და სამშენებლო ნივთიერებები, მეტალები, შესაფუთი მასალები | 918 ტონა |
ენერგეტიკა | ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება | 571 ტონა |
სამრეწველო | კომერციული მომსახურება, ტრანსპორტი | 194 ტონა |
სამომხმარებლო პროდუქტები | საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები | 90 ტონა |
სამომხმარებლო დისკრეციული სექტორი | ავტომობილები, ტანსაცმელი, საცალო ვაჭრობა | 33 ტონა |
უძრავი ქონება | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 31 ტონა |
ინფორმაციული ტექნოლოგიები | პროგრამული უზრუნველყოფა, ნახევარგამტარები | 24 ტონა |
ფინანსური სექტორი | ბანკები და სადაზღვევო სექტორი | 19 ტონა |
საკომუნიკაციო სერვისები | ტელეკომუნიკაცია, მედია, გართობა | 9 ტონა |