ღაზის სექტორიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია ისრაელის 700 მოქალაქე და ღაზის სექტორში მცხოვრები 400 ადამიანი. გამწვავებული პოლიტიკური ვითარება და რეგიონში დაძაბულობა გავლენას ეკონომიკურ პროცესებზეც მოახდენს.
ანალიტიკოსების შეფასებებით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ გლობალურ ბაზრებზე გავლენა უკვე მოახდინა. უქმეებზე განვითარებული მოვლენები ორშაბათს, საფონდო ბირჟებზე პირველ სავაჭრო დღეს უარყოფითად აისახება. ვარაუდობენ, რომ ფასები გაიზრდება ნავთობზე. თუმცა ნედლი ნავთობის შემთხვევაში, ანალიტიკოსები დიდ ზრდას არ ელიან.
დაპირისპირების ბაზრებზე გავლენა და ამ გავლენის ხარისხი იმით განისაზღვრება, გავრცელდება თუ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც. მოგეხსენებათ, „ჰამასის“ მხარდამჭერი და დამფინანსებელი ირანი ამავდროულად ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა. ხოლო თუკი აშშ ირანული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივას გააძლიერებს, ამან შესაძლოა ნავთობის ფასზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
Andbank-ის აქტივების მენეჯერის მოსაზრებით, კონფლიქტი ბაზრებს და ბაზრებზე მოვაჭრეებს კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას შემატებს. მისი განმარტებით, არსებული არასტაბილურობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, მოკლევადიანი ფიქსირებული შემოსავალი კი კვლავ მთავარი დასაყრდენი გახდება, ამავდროულად ყურადღების ცენტრში ციკლური სექტორები მოექცევა (უძრავი ქონება, მშენებლობა, ფინანსური სერვისები).
განსხვავებულად ფიქრობს Dunas Capital-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. ალფონსო ბენიტო არ მოელის, რომ სიტუაციას ბაზრებზე დიდი გავლენა ექნება. მისი მოსაზრებით, კონფლიქტს მოკლევადიანი არასტაბილურობის გარდა, გლობალურ ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ ექნება.
Moneyfarm-ის მთავარი საინვესტიციო ხელმძღვანელის განმარტებით, კონფლიქტს გლობალურ ბაზარზე გავლენის მოხდენის დიდი პოტენციალი აქვს. მისი პროგნოზით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განვითარება ექნება შეტაკებებს და მოიცავს თუ არა ჩრდილოეთ ისრაელსაც. ნავთობის ბოლოდროინდელი არასტაბილურობის გათვალისწინებით კი, ფასის კიდევ უფრო ზრდა გავლენას სამომხმარებლო ფასებზეც მოახდენს.