სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 21.5%-ით შემცირდა

სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 21.5%-ით შემცირდა

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2023 წლის სექტემბერში, თბილისში, საერთო ჯამში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5%-იან, ხოლო გასულ თვესთან შედარებით, 6.7%-იან კლებაზე მიუთითებს. „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის“ მიხედვით, გაყიდვებში წლიური ვარდნის ძირითადი მიზეზი გასული წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გასული თვეების მსგავსად, სექტემბერში დეველოპერების (პირველადი ბაზრის) ბინების გაყიდვები წლიურად 8.2%-ით შემცირდა, ხოლო საცხოვრებელი უძრავი ქონების მეორად ბაზარზე, გასულ წელთან შედარებით, ვარდნამ 29% შეადგინა. 2023 წლის მეცხრე თვეში, გაყიდვების წლიური შემცირების ყველაზე მაღალი, 34.4%-იანი მაჩვენებელი დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში დაფიქსირდა, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი შედარებით დაბალი, შესაბამისად 20.4% წ/წ და 7.6% წ/წ ვარდნა მივიღეთ. პარალელურად, გაყიდვების წლიური კლება თბილისის მხოლოდ ორ უბანს, დიდ დიღომსა (+6.9%) და ჩუღურეთს (+16.1%) არ შეეხო.

რაც შეეხება სექტემბრის მდგომარეობით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებს, Galt & Taggart-ის მონაცემებით, ამ მხრივ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. წინა თვეების კლების შემდეგ გაიზარდა მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასებიც. პირველადი ბაზრის საშუალო ფასების მიხედვით, ყველაზე მაღალი 42%-იანი წლიური ზრდა სექტემბერში დიდუბეში დაფიქსირდა, რაც ამ ტერიტორიაზე პრემიუმ-კლასის პროექტების რაოდენობის მატების დამსახურებაა.

შედეგად, 2023 წლის სექტემბერში, დედაქალაქში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა და $235.7 მილიონს გაუტოლდა. წინა თვეების მსგავსად, გაიზარდა პირველადი ბაზრის ზომა (+17.4% წ/წ) და ნაწილობრივ დააბალანსა მეორადი ბაზრის ზომის კლება (-13.9% წ/წ).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულად თბილისის მასშტაბით, პირველ რვა თვეში, გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით, ხოლო ნებართვების რაოდენობა შედარებით ნაკლები, წლიურად 20.7%-იანი ტემპით გაიზარდა.

რაც შეეხება ქირის ფასს, სექტემბრის მონაცემებით, გასულ თვესთან შედარებით მაჩვენებელი თითქმის უცვლელია. თუმცა წლიური შეფასებით, აშშ დოლარში ფასები 36.7%-ით, ხოლო ლარში 26.9%-ითაა გაზრდილი. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით კი ქირის ფასები შესაბამისად 1.6%-ითა და 2.7%-ითაა შემცირებული.