„გრემის“ ჯილდოს მფლობელი და ჩარტების არაერთი ლიდერი ჰიტის შემქმნელი ბრიტანული ბენდი, Coldplay ამჯერად საკუთარ დიდი ხნის მენეჯერს თავადვე უჩივის. Coldplay მოპასუხე მხარეს $17 მილიონს, მათ შორის ათობით მილიონის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებასა და ტურნეების ხარჯების უკონტროლო ზრდას ედავება. თავის მხრივ, ჯგუფის წინააღმდეგ, გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით მენეჯერმა სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა თავად Coldplay-ის განცხადებით, მისთვის წარდგენილი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, Coldplay თავის მენეჯერ დეივ ჰოლმსს, რომელიც ჯგუფთან 22 წლის განმავლობაში თანამშრომლობა, $17-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. ბრიტანელების მტკიცებით, ჰოლმსმა სარეკლამო კამპანია Live Nation-ისგან აღებული $30 მილიონის სესხი პერსონალური განვითარების საწარმოს დასაფინანსებლად გამოიყენა, ხოლო ჯგუფის მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ბიუჯეტის „ზედამხედველობა და კონტროლი“ ვერ შეძლო.
უფრო კონკრეტულად კი ჰოლმსს, Coldplay-სა და Live Nation-ს შორის არსებული ხანგრძლივი პარტნიორობის გამოყენებით, პირადი მიზნებისთვის დაბალპროცენტიანი სესხის აღებას ედავებიან, რაც არ იყო კავშირში თავად ბრიტანულ ჯგუფთან. თუმცა, The Times-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს Coldplay-ის შესაძლებლობაზე, აწარმოოს გარიგება მისთვის ხელსაყრელი პირობებით, Music of The Spheres-ის ტურის პოპულარიზაციისა და ბილეთების გაყიდვის პროცესში.
სარჩელის თანახმად, ჰოლმსმა თავი ვერ გაართვა მილიონობით დოლარის ღირებულების 165-კონცერტიანი ტურნეს მართვას. მათ შორის იყო განათებებისა და ვიდეოპილონისთვის გამოყოფილი $13 მილიონი, რაც „გამოსაყენებლადაც კი დაუშვებლად ძვირი იყო“, ხოლო $9.3 მილიონი დაიხარჯა ეკრანზე, რომელიც მისი დიდი ზომიდან გამომდინარე, ტურნეს ფარგლებში ჩატარებული მხოლოდ 10 კონცერტისთვის გამოდგა ვარგისი.
Coldplay-ის საპასუხო სარჩელი რამდენიმე თვის წინ ჰოლმსის მიერ წაყენებულ ბრალდებას მოჰყვა, რომელიც ჯგუფს, ორი ალბომისთვის, $12 მილიონის საკომისიოს გადაუხდელობაში ადანაშაულებდა. აგვისტოში წარდგენილ ბრალდებაში ბრიტანული ბენდის ყოფილი მენეჯერი ამტკიცებს, რომ Coldplay-მ უარი განაცხადა, გადაეხადა საკომისიო მისი ორი გამოუქვეყნებელი (მეათე და მეთერთმეტე) ალბომისთვის და ლონდონის უმაღლესი სასამართლოსგან ჯგუფისთვის თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
დეივ ჰოლმსის წარმომადგენლის განცხადებით, Coldplay კარგად ხვდება, რომ საკუთარი პოზიციის დაცვაში პრობლემები ექმნება: „არარსებულ ეთიკურ შეცდომებში ჰოლმსის დადანაშაულება რეალურ საკითხს გვერდს ვერ აუვლის: Coldplay-ის დეივთან კონტრაქტი აკავშირებდა, ისინი კი უარს აცხადებენ, გადაუხადონ დეივს ის თანხა, რაც რეალურად მისი მართებთ“.
The Times-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში კი თავად სარეკლამო კომპანია Live Nation-მა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი წარსული შეთანხმება (Coldplay-ის) მენეჯმენტის გუნდთან, კომპანიისთვის ბენდთან ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის გაფართოებად განიხილებოდა“.
ცნობისთვის, 22-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Coldplay-სა და ჰოლმსს შორის ურთიერთობა გასულ წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეწყდა. თუმცა ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ რა გახდა მათ შორის განხეთქილების მიზეზი.
Billboard-ის მონაცემებით, „Music of the Spheres“-ის ტურნეს ფარგლებში ჩატარებული მხოლოდ თერთმეტი შოუდან Coldplay-მ $65.4 მილიონი გამოიმუშავა. ტურნე 2022 წელს დაიწყო და აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები მოიცვა. მანამდე, 2015-2017 წლების „A Head Full Of Dreams“-ის ტურნეს წყალობით, ჯამში ხუთი კონტინენტიდან, ბრიტანულმა ჯგუფმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ყველა დროის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიან ტურნედაც იქცა.