პროგრამული ბიუჯეტი (ინგლისურად Program Budget) ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივაა და იმით გამოირჩევა, რომ ის დაგეგმვის პროცესიდანვე შედეგზეა ორიენტირებული. პროგრამულ ბიუჯეტში უფრო თვალსაჩინოა მიზეზშედეგობრივი კავშირები კონკრეტულ ღონისძიებაში ჩადებულ ფინანსურ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის. პროგრამული ბიუჯეტი პროგრამებისგან შედგება. თითოეული პროგრამა განსხვავებული მიზნის მიღწევას ან პრობლემის გადაჭრას ემსახურება.
პროგრამულ ბიუჯეტს ძირითადად მთავრობები იყენებენ, მათ შორის, საქართველოს მთავრობაც. ტრადიციულ ბიუჯეტში მიმართულებების მიხედვით იყო თანხა გამოყოფილი და მთავარი იყო, ეს თანხა დახარჯულიყო. პროგრამულ ბიუჯეტში მიზნების მიხედვით არის თანხა გამოყოფილი და ბიუჯეტის შესრულებად არა გამოყოფილი თანხის ხარჯვა, არამედ დასახული მიზნის მიღწევა ითვლება.
რომ დადგინდეს, მიიღწა თუ არა პროგრამის მიზნები, ამისათვის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში იგეგმება მიზნები და მისი შესრულების მაჩვენებლები, რომელთა საშუალებითაც მიღწეული შედეგი უნდა გაიზომოს.